ჩართული (ლინგვისტიკა)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ჩართული – წინადადების წევრებთან გრამატიკულად დაუკავშირებელი სიტყვა ან სიტყვათა შეკავშირება, რომელიც გადმოგვცემს, როგორ უყურებს მთქმელი წინადადებაში გამოხატულ აზრს, თვით გამოთქმის ფორმას, ან კიდევ მიუთითებს მოწოდებული აზრის ინფორმაციის წყაროს და სხვ. (ლ. კვაჭაძე).

ჩართულის გავრცელებულ განმარტებებში ერთმანეთს კვეთს ჩართულისადმი ორგვარი მიდგომა – გრამატიკული და სემანტიკურ-სტილისტიკური.

გრამატიკულად ჩართული ძირითადად ხასიათდება როგორც განსაკუთრებული „გრამატიკული კლასი“. მორფოლოგიურად (და ლექსიკურად) იგი მრავალფეროვანია, ვინაიდან მოიცავს სხვადასხვა მეტყველების ნაწილს; მის შემადგენლობაშია სიტყვები, გამოთქმები და წინადადებები; სინტაქსური კავშირი წინადადების დანარჩენ ნაწილთან ჩართულს არა აქვს (თუმცა ზოგი ავტორი ჩართულის ურთიერთობაში წინადადების დანარჩენ ნაწილთან სპეციფიკურ სინტაქსურ კავშირს ხედავს). ჩართულის სინტაქსურ ფუნქციას (სხვა დამხმარე სიტყვებთან ერთად) ასე განსაზღვრავენ: ეს სიტყვები (ჩართული, ნაწილაკი, კავშირი) გამოყოფენ სიტყვათა მოწესრიგებული რიგის ერთ-ერთ წევრს, როგორც მეტ-ნაკლებად მნიშვნელოვანს, შემოჰყავთ ახალი წევრი და ხშავენ სიტყვათა რიგს: ანდა გამოყოფენ ერთ-ერთ წევრს მოდალური შეფასების საფუძველზე. ჩართულის ფუნქციად ასახელებენ აგრეთვე წინადადების აქტუალიზაციის გაძლიერებას.

უფრო მნიშვნელოვანია და მრავალგვარი ჩართულის სემანტიკურ-სტილისტიკური ფუნქციები: ინფორმაციული (მოუბარი აზოგადებს ან აკონკრეტებს ამბავს; მიუთითებს ნაამბობის თანამიმდევრობას ან მოწოდებული აზრის წყაროს), შემფასებლური და ემოციურ-შემფასებლური, რამდენადაც ჩართული წინადადებას სუბიექტურ-მოდალურ შინაარსს სძენს, მას მოდალურ სიტყვასაც უწოდებენ.

სტილისტიკურ-სემანტიკური ფუნქციების მიხედვით სხვადასხვა სახის ჩართულს ერთმანეთისაგან განასხვავებს მხოლოდ გამოყენების სიხშირე სალიტერატურო ენის სხვადასხვა ფუნქციურ სტილში. გრამატიკული ფუნქციის მიხედვით მათ შორის მეტი სხვაობაა.

ჩართული სიტყვები. ასეთებად უმეტესად გვხვდება ზმნისართები: განსაკუთრებით, უმეტესად, უპირატესად, მეტ-ნაკლებად, ჩვეულებრივ(ად), ზოგადად, კერძოდ, მაგალითად, სახელდობრ, ამგვარად, ამრიგად; სასიკეთოდ, საბედნიეროდ, სამწუხაროდ და სხვ. ე.ი. ძირითადად ის ზმნისართები, რომლებიც წინადადების შემადგენლობაში, შემასმენლის წინა, კონტაქტურ პოზიციაში ვითარების გარემოების სინტაქსურ როლს ასრულებენ. როგორც კი ვითარების გარემოება პოზიციურად დაშორდება შემასმენელს (ან მის მომდევნოდ გდაინაცვლებს), დაშორდება მას ინტონაციურად და სემანტიკურადაც, განკერძოვდება და სემანტიკურ კავშირს ამყარებს მთელ წინადადებასთან, რომელსაც გამოეყოფა პუნქტუაციურადაც და ჩართულად ყალიბდება. შდრ: „მე შვილთანაც ჩვეულებრივ ვსაუბრობ ოჯახის პრობლემებზე“ (ვსაუბრობ ისევე, როგორც სხვებთან, დაუფარავად) და: „მე, ჩვეულებრივ, (როგორც წესი) შვილთანაც ვსაუბრობ ოჯახის პრობლემებზე“, ან „მე შვილთანაც ვსაუბრობ, ჩვეულებრივ, ოჯახის პრობლემებზე“.

ჩართულის ადგილი წინადადებაში თავისუფალია: იგი შეიძლება შეგხვდეს წინადადების თავშიც, შუაშიც და ბოლოშიც (თუმცა ბოლო პოზიცია შედარებით იშვიათია).

პოზიციის შესაბამისად, ფუნქციის ცვლის თვალსაზრისით საინტერესოა ზოგიერთი ზმნური ფორმა, რომელიც ხშირად გვხვდება ჩართულის ფუნქციით. ჩართულად რეალიზებული ზმნური ფორმების ამოსავლად ჰიპოტაქსური კონსტრუქცია ივარაუდება. მათი ერთი ნაწილი (მგონი, ჩანს, ეტყობა, შესაძლოა..) იმდენად „გაცვდა“ სემანტიკურადაც და ფორმობრივადაც. რომ მოდალური სიტყვების (ნაწილაკების) რიგში ჩადგა. მათ მორფემოიდებსაც უწოდებენ. მსგავს ტენდენციას ავლენენ ზმნები: ეთქვათ, ვნახოთ, დავუშვათ. იგივე ბედი ეწია უცხოური (არაბული) წარმომავლობის – ალბათ ზმნისართს– და თითქოს მრავალფუნქციურ სიტყვას – აგრეთვე, რომლებიც დღეს უმეტესად ნაწილაკის როლს ასრულებენ.

ზმნის პირიანი ფორმების ნაწილი (მახსოვს, ვფიქრობ, ვიცი, მწამს..), განსაკუთრებით – წინადადების შუაში, დღესაც მთავარ წინადადებად განიხილება. ამგვარი ფორმების „ჩართულად ქცევის“ პროცესი, რასაც ხელს უწყობს მათი ხშირი, თითქმის ავტომატური ხმარება და მოდალურობის მაღალი ხარისხი, შეიძლება ითქვას, ჩვენ თვალწინ მიმდინარეობს.

ამა თუ იმ პირიანი ფორმის ფუნქციას წინადადებაში ძირითადად ისევ სიტყვათგანლაგება და ინტონაცია განსაზღვრავს; ასე, ზმნა-შემასმენელთან კონტაქტურ პოზიციაში ზმნის პირიანი ფორმები ინტონაციურად გამთლიანებულ, დაუნაწევრებელ შესიტყვებას ქმნიან და მოდალური ნაწილაკის (თუ დამხმარე ზმნის) როლს ასრულებენ. ასეთებია, მაგ.: მგონი დაიჯერა, ეტყობა უმძიმს, შესაძლოა დამარცხდეს, ვიცი მენდობი და სხვა.

ზმნა-შემასმენელთან დისტანციურ პოზიციაში იგივე ფორმები ჩართულის როლს ასრულებენ. მაგ., „მუცელში დაძგერებულმა ძალამ, ეტყობა, მთელი ტანით შემოაბრუნა“ (ო. ჭილაძე).

აღნიშნულ ზმნურ ფორმებს პირის გაგება თითქმის დაკარგული აქვთ და, ამასთან, ზოგადი აწმყოს მნიშვნელობისა არიან. მაგრამ, თუ მათ რომელიმე საუღლებელი ნაკვთის ფორმა ექნებათ და დაიტვირთებიან პირის გაგებით, ჰიპოტაქსურ კონსტრუქციას დაუახლოვდებიან არა მარტო აგებულებით, არამედ სემანტიკურადაც. ასეთ შემთხვევაში ისინი რთული წინადადების მთავარი ნაწილის ფუნქციას შეიძენენ. შდრ., მაგ.: „დათმობას, ეტყობა, ნამდვილად არ აპირებდა“ და „დათმობას, ეტყობოდა (მას), ნამდვილად არ აპირებდა“. წინადადების დანარჩენ ნაწილთან ჰიპოტაქსურის მსგავს კონსტრუქციას ქმნიან აგრეთვე შედგენილი შემასმენლის ფორმის მქონე სიტყვები – რასაკვირველია, ცხადია, ბუნებრივია და მისთ. შედგენილი შემასმენლის ფორმის მქონე სიტყვებმა, ისევე როგორც ზმნის ზოგიერთმა პირიანმა ფორმამ, შეიძლება მყარი გამოთქმები შეადგინონ როგორც კავშირთან ერთადაც. მაგალითად, პარალელურად ჩართულის ფუნქციით შეიძლება იხმარებოდეს ცნობილია და როგორც ცნობილია; ჩანს და როგორც ჩანს...

ამგვარად, ჩართულად ცნობილ სიტყვათა უმეტესი ნაწილი ფაქტობრივად ჩართული კი არ არის წინადადებაში, არამედ განკერძოებულია მისგან. განკერძოების ძირითადი ხელშემწყობი პირობებია სიტყვათგანლაგება და ინტონაცია, ზმნური ფორმებისათვის (დამატებით) – მათი აგებულებაც, ფორმა.

რაკი ჩართული სიტყვებისათვის დამახასიათებელია ფუნქციათა მონაცვლეობა სინტაქსური პირობების შესაბამისად, მათ ფუნქციურ-სინტაქსურ ომონიმებსაც უწოდებენ.

ჩართული გამოთქმები მიიღება რთული წინადადების შეკვეცით, რედუცირებით. მათ შორისაა: I. ინფორმაციის შევსების, ნათქვამის დაზუსტების (უკეთ თქმის) ან „მართლად თქმის“ ფუნქციის მქონე ჩართულები: უფრო სწორად, უფრო ზუსტად, სიმართლე გითხრა(სთ); 2. თანამედროვე ქართულ ენაში დამკვიდრებული ე. წ. „ფიცილის ფორმულები“: ღმერთმანი, დედაშვილობამ (დედაშვილობას), დაძმობამ, მიწის მადლმა და მისთ.

ჩართული წინადადებები. ფართო გაგებით, „ჩართულია“ ინტერპოზიციაში, ანუ შუა პოზიციაში მყოფი რთული წინადადების ნაწილი – დამოკიდებული ან მთავარი წინადადება და იგი შემდეგ სტილისტიკურ-სემანტიკურ ფუნქციებს ასრულებს: ა) ასუსტებს ან ავსებს ინფორმაციას დამატებითი ცნობებით. მათ შორისაა სხვადასხვა ხასიათის ავტორისეული რემარკები; ბ) გამოხატავს ავტორის სუბიექტურ დამოკიდებულებას ნათქვამისადმი, შეიცავს რაიმე ქვეტექსტს.

ჩართული წინადადებებისა და გამოთქმების ხშირი ხმარება დამახასიათებელია უფრო თანამედროვე სალიტერატურო ენისათვის.

წყარო

ქართული ენა: ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები