ჩვეულებრივი ვაზი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ჩვეულებრივი ვაზი

Vitis vinifera L. – ჩვეულებრივი ვაზი.

მეგრულად – ბინეხი, ბენეხი.

მერქნოვანი ლიანაა 30 მ-მდე სიგრძის. ნორჩი ტოტები მუქი ყავისფერია, წვრილღარიანი; ფოთლები მორიგეობითია ან ყლორტების ძირთან მოპირისპირედ განლაგებული, მსხვილი, მომრგვალო, თირკმლისებრი ან ხუთკუთხა, მთლიანი ან სამ-ხუთნაკვთიანი. ყვავილები პატარა ზომისაა, მწვანე, ორსქესიანი (ზოგიერთ ყვავილში მტვრიანები უნაყოფოა), ჯამი და გვირგვინი ხუთწევრიანია, მტვრიანა – 5, ბუტკო ორბუდიანი ნასკვით; შეკრებილია მოკლეყუნწიან საგველა ყვავილედად, განლაგებულია ფოთლების მოპირისპირედ. ყვავილედის ნაწილი ულვაშებადაა სახეცვლილი, რომლითაც ყლორტები საყრდენზეა მიმაგრებული. ნაყოფი 2-4 თესლიანი კენკრაა, სხვადასხვა ფორმის, სიდიდის, შეფერილობისა და გემოთი, 1-4 თესლით. ყვ. V-VI; ნაყ. VIII-IX.

Vitis vinifera.jpg

კულტურაში შეყვანილია მრავალი ათასეული წლის წინათ. საქართველოს ტერიტორიაზე გაშენებულია ჩვეულებრივი ვაზის ოთხასამდე სხვადასხვა ჯიში. დასავლეთ საქართველოში ფართოდაა ცნობილი ჯიშები: ციცკა, კრახუნა, ცოლიკაური, ალექსანდრიული, ალიგოტე, ალადასტური, კაბერნი, მუსკატი, რისლინგი, საფერავი, მანავის მწვანე, რქაწითელი, იზაბელა, მუკუზანი, ნაფარეული და სხვ.

გამოირჩევა მრავალმხრივი სამეურნეო მნიშვნელობით. ძირითადი პროდუქტი, რომელსაც ვაზის ნაყოფიდან იღებენ ღვინოა. ყოველწლიურად ნაყოფების მოსავლის 10-15 % საჭმელად იხმარება ნედლი, ნატურალური სახით. ხანგრძლივი შენახვისათვის ნაყოფებს მარინადში სდებენ, აკონსერვებენ და აშრობენ. ნედლი ნაყოფებისაგან მზადდება მურაბა, კომპოტი, წვენები, სიროფი, ჟელე და სხვა. მშრალი ნაყოფები – ქიშმიში ფართოდ გამოიყენება კულინარიაში, საკონდიტრო და პურფუნთუშეულის წარმოებაში; წვენიდან მიიღება მაღალხარისხოვანი სადილის ძმარი, თესლებიდან – ზეთი, რომელც გამოიყენება საკვები და ტექნიკური მიზნებისათვის. მოხალული თესლები – ყავის სუროგატია, ნორჩი ფოთლებისაგან ტოლმას ამზადებენ. მცენარის სხვადასხვა ნაწილი – ქსოვილების შესაღებად იხმარება.

კენკრის წვენი საშუალოდ შეიცავს 16,5 – 27 მგ% შაქრებს, 0,9 მგ% მჟავებს, 0.4 მგ% მინერალურ მარილებს, 0,2 მგ% პექტინოვან ნივთიერებებს, ვიტამინებს (C, B), მიკროელემენტებს (K, Ca, Mg, Fe, Co), ფერმენტებს (ინვერტაზა, პექტინაზა, პროტეაზა, ლიპაზა). კენკრის კანში – აღინიშნება მთრიმლავი და საღებავი ნივთიერებები, ეთერზეთები; თესლებში – 4-19 მგ% ცხიმზეთები და 1,8-8 % მთრიმლავი ნივთიერებები.

ნაყოფები და ყურძნის წვენი ხასიათდება შარდმდენი, ოფლმდენი და მსუბუქი სასაქმებელი მოქმედებით, ასევე იძლევა მატონიზირებელ და ჰიპოტენზიურ ეფექტს. რეკომენდირებულია კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებებისას, თანმდევი კუჭის წვენის დაბალი სეკრეციით, ბუასილის, ღვიძლის დაავადებების დროს; საერთო გამაჯანსაღებელი საშუალებაა ანემიის, ბრონქიალური ასთმის, ფილტვების ტუბერკულოზის, სხვადასხვა ასტენიური მდგომარეობებისა და ლიპიდური და მინერალური ცვლის დარღვევებისას. აღინიშნება სასურველი ზეგავლენა ათეროსკლეროზის, ქრონიკული ნეფრიტის, ნიკრისის ქარის, ჰიპერტონული დაავადებების საწყის სტადიებზე.

უკუმაჩვენებელია შაქრის დიაბეტის, სიმსუქნის, წყლულოვანი დაავადებების, გულის უკმარისობის, გამოკვეთილი ჰიპერტონიისა და შეშუპების დროს.


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები