ცარა ტრისტან

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ტრისტან ცარა

ცარა ტრისტან - (ფრ. TZARA TRISTAN 1896 - 1963). ნამდვილი სახელი და გვარია სემი როზენშტოკი - Samy Rosenstock. რუმინული წარმოშობის ფრანგი პოეტი, ლიტერატურულ-მხატვრული მიმართულების - დადას ერთ-ერთი ფუძემდებელი.

ბიოგრაფია

ტრისტან ცარა დაიბადა 1896 წელს რუმინეთში. იგი ლიტერატურულ-მხატვრული მიმართულების - დადას ერთ-ერთი ფუძემდებელი იყო. /„დადა“ სიტყვასიტყვით „ხის სათამაშო ცხენია“; აქედან წარმოსდგება - საყვარელი რამ, ჟინი, ახირება/.

1915 წელს შვეიცარიაში ცარამ დადაისტთა პირველი წრე დააფუძნა. აქვე დაწერა პირველი დადაისტური ტექსტები: „ბატონ ანტპრონინის პირველი ციური თავგადასავალი“ („La Premiere Aventure celeste de M. Antiprine“, 1918), „ოცდახუთი ლექსი“ (1918), „დადას პირველი სამი მანიფესტი“ (1918). ციურიხის დადაისტური წრის მოღვაწეობასთანაა დაკავშირებული ცარას პირველი ცდები ავტომატურ წერაში, ასევე პიესა-პროვოკაციების დადგმაში, რომელშიც მონაწილეობას ღებულობდა ფრანსის პიკაბია.

საფრანგეთში დადაიზმი პირველად ცნობილი ხდება ცარას პარიზში ჩასვლის შემდეგ 1919 წელს. ცარა პირველ რიგში ანახლებს თავის ციურიხულ სპექტაკლებს. ჯგუფი „ლიტერატიურ“ (ლუი არაგონი, ანდრე ბრეტონი, ფილიპ სუპო), რომელიც მანამდე რემბოს, ლოტრეამონის, ვალერისა და მალარმეს პოეზიაზე იყო ორიენტირებული, აღტაცებით ხვდება ცარას დადაისტურ ცდებს. დადა ვერ კმაყოფილდებოდა მხოლოდ ხელოვნების სფეროთი, ამიტომ ცდილობდა დაექვემდებარებინა ცხოვრების უფრო ფართო შრეები, ქადაგებდა მუდმივი ცვალებადობის იდეას, განცდათა განუმეორებლობას (ცარა თავის მეგობრებთან ერთად მონაწილეობას ღებულობს სასამართლო პროცესის ინსცენირებაში მორის ბარესზე, რომელსაც ბრალს სდებდნენ სულის ურყევობაში).

30-იან წლებში ბრეტონი შეეცადა უკანა რიცხვით ჩაერთო დადაიზმი სიურრეალისტურ მიმართულებაში. ნაშრომში „ესსე პოეზიის მდგომარეობის შესახებ“ (1930) ცარა სინამდვილეში გამოდის, როგორც სიურრეალიზმის თეორეტიკოსი, თუმცა შემდგომში მკაცრად აკრიტიკებს როგორც სიურრეალისტური სკოლის დებულებებს, ასევე საკუთარი პოზიციის განმარტებასაც სიურრეალისტურ ჭრილში (ესსე „სიურრეალიზმი და ომისშემდგომი წლები“, 1947). ცარა რესპუბლიკელთა რიგებში მონაწილეობას ღებულობდა ესპანეთის ომში, ხოლო მეორე მსოფლიო ომის დროს წინააღმდეგობის აქტიური მონაწილე იყო. ომისშემდგომ წლებში აქვეყნებს ლექსების რამდენიმე კრებულს: „ცა მიწაზე ეშვება“ (1946), „შინაგანი სახე“ („La Face intérieure“, 1953) და სხვ.

ტრისტან ცარა გარდაიცვალა 1963 წელს.

გამოცემები ქართულ ენაზე

დადას სიმღერა; "აჰა სიმღერა ამ დადაისტის"; "ჰა სიმღერა ბიციკლისტის" : [ლექსები] / ტრ. ცარა ; ფრანგ. თარგმ. ბ. თევზაძემ. ლიტერატურული აჭარა 1999, N1, გვ.44-45

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები