ცისარტყელა კალმახის დაავადებები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ცისარტყელა კალმახის დაავადებები - კალმახის მრეწველობის განვითარების შემაფერხებელი მრავალი ფაქტორიდან უმნიშვნელოვანესია თევზის დაავადებები, რომელთა შედეგად მცირდება თევზის პროდუქტიულობა; უარესდება პროდუქციის ხარისხი; კნინდება ჯიშისათვის დამახასიათებელი სანაშენე თვისებები; ხშირია მეურნეობებში თევზის მასობრივი განადგურებაც.

პირველ რიგში, დაავადებები ჩნდება: სამრეწველო საწარმოების ჩამდინარე წყლებით დაბინძურებულ წყალსატევებში, სადაც დაბალია წყალში გახსნილი ჟანგბადის პროფილაქტიკური ღონისძიებები (მოკირვა, ფსკერის გადახვნა, ტბორის სველი ნაკვეთების ქლორირება, ამოშრობა და ა.შ.); მწირი საკვები ბაზის მქონე ტბორებში; აგრეთვე, ისეთი ხელოვნური საკვების გამოყენებისას, რომელშიც მიკროელემენტების, ვიტამინებისა და ფერმენტების, ანტიბიოტიკების, ამინომჟავებისა და სხვა ნივთიერებთა ნაკლებობაა.

დაავადების მიზეზი შეიძლება გახდეს: თევზისადმი არასწორად მოპყრობა ჩასმის პროცესში, ლარვებისა და გაზრდილი ლიფსიტების გამოსაზრდელი ტბორების გათევზიანების დროს; თევზების ტრანსპორტირებისას, როდესაც წყალი ღარიბია ჟანგბადით; ტრამვის შემთხვევაში, როდესაც ლიფსიტების გადასაზიდი ჭურჭლის შიგნით ირღვევა წყლისა და ტბორის წყლის ტემპერატურა; ტბორებში წყლის მცენარეების გადაჭარბებულად განვითარების შემთხვევაში, როდესაც დაავადებათა გამომწვევი ბაქტერიებისა და ზოოპარაზიტების გავრცელების ხელშემწყობი პირობები იქმნება. დაავადებების თვისებებიდან გამომდინარე, ასხვავებენ თევზის დაავადებების სამ ჯგუფს:

• ინფექციურს, რომლებსაც იწვევენ მიკრობები;

• ინვაზიურს, რომელთა გამომწვევია სხვადასხვა პარაზიტები-მუცლის ჭიები, წურბელები, მოლუსკები, წვრილი კიბოსნაირები;

• არაგადამდებს, რომლებიც მექანიკური დაზიანების, ჟანგბადის უკმარისობის, აირის ბუშტით სისხლძარღვების დაცობის, დენის მოქმედების, მოწამვლის, საკვებში აუცილებელი ნივთიერებების უკმარისობისა და სხვა შემთხვევების შედეგად ჩნდება.

დაავადებათა პროფილაქტიკური, პრევენციული და სამკურნალო ღონისძიებების დაგვიანებამ შეიძლება ყველა ასაკის კალმახის დაღუპვამდე მიგვიყვანოს. ამიტომ, გამრავლებისა და და გამოზრდის რაციონალური ბიოტექნიკის დაცვა, თევზის გადაზიდვისას ინსტრუქციების ზედმიწევნით შესრულება და კალმახის გამოზრდის ყველა ეტაპზე კარგი სანიტარული მდგომარეობის შენარჩუნება დაავადებათა შემცირების უმნიშვნელოვანესი წინაპირობაა.

ზოგადად, საქართველოს მტკნარი წყლის თევზებში რეგისტრირებულია 100-ზე მეტი სახეობის პარაზიტი. მათ შორის პარაზიტული უმარტივესი 63 სახეობა, ჰელმინთი - 33 და პარაზიტული კიბოსნაირი -4.

უშუალოდ, კალმახზე აღმოჩენილია დაახლოებით 90-მდე სახეობის სხვადასხვა პარაზიტი, რომელთა ერთი მესამედი იწვევს ინფექციურ და ინვაზიურ დაავადებებს.

სარჩევი

ინექციური დაავადებები

ინფექციური ეწოდება დაავადებებს, რომლებსაც იწვევს ვირუსები, ბაქტერიები, სოკოები და წყალმცენარეები. ინფექციური დაავადებები განსაკუთრებით საშიშია თევზების ხელოვნური აღწარმოების დროს.

ჰემორაგიული სენტიცემია

თევზისა და ქვირითის გადაზიდვის მასშტაბების გაფართოება ზრდის სხვადასხვა დაავადებების წარმოქმნის შესაძლებლობას და ქმნის მისი გავრცელებისათვის ხელსაყრელ პირობებს თევზსაშენებში.

ვირუსული ჰემორაგიული სენტიცემია

დაავადების გამომწვევია ფილტრირებადი ვირუსი, რომელიც ვრცელდება იმ წყალთან ერთად, რომელშიც ბინადრობენ თევზები; აგრეთვე, ქვირითთან, ინვენტართან, სხვადასხვა საგნებთან შეხებისას. უძლებს ყინვას, დიდხანს ცოცხლობს ტბორის ლამში. ამ დაავადებას შეუძლია მთლიანად გაანადგუროს მეურნეობაში არსებული თევზი. იღუპება როგორც მოზარდი, ასევე, სასაქონლო თევზი.

ავადმყოფ თევზებს აღენიშნებათ სხეულის საფარის გამუქება, თვალების გადმოკარკვლა, ანემია, მუცლის შებერილობა, თირკმელებისა და ნერვული სისტემის დაზიანება. მკვდარ თევზებს წვავენ ან მარხავენ. ვირუსული ჰემორაგიული სენტიცემიის წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტიანი ზომები შემუშავებული არ არის. ავადმყოფოფის პროფილაქტიკისათვის დიდი მნიშვნელობა აქვს თევზის გამოზრდისა და კვების ოპტიმალური პირობების დაცვას. მეურნეობაში, სადაც დაფიქსირებულია ეს დაავადება, საჭიროა მკაცრი კარანტინის დაწესება, რადგან ვირუსის გადაცემა შეიძლება მოხდეს განვითარებადი ქვირითიდანაც.

ინფექციური ანემია
კალმახის ინფექციური ანემია

დაავადების გამომწვევია ვირუსი, რომელიც შეიძლება ჩაბუდებული იყოს ავადმყოფი თევზის ღვიძლში, თირკმელებსა და ელენთაში. დასნებოვნება ხდება წყლის მეშვეობით. ავადმყოფი და მკვდარი თევზები, აგრეთვე, დაავადებული თევზის ქვირითი ხელს უწყობს სხვა თევზების დასნებოვნებას.

თევზს უავადდება სისხლგამხსნელი ორგანოები - ღვიძლი და თირკმელები, რის გამოც სისხლი ხვდება წყალწყალა. ღვიძლი ძლიერ გადიდებულია, აქვს თეთრლაქებიანი ღია მოყვითალო შეფერილობა, მუცელი მოშვებული და ჩამოკიდებულია, წარმოიქმნება წყალმანკი.

არსებობს ანემიის ორი ფორმა - გადამდები და არაგადამდები. პროფილაქტიკისათვის მკვდარი თევზები ამოჰყავთ ტბორიდან, ტბორის დაბინძურებულ წყალს ცლიან და ახდენენ მის დეზიფენქციას ჩამქრალი კირით. მეურნეობაში აწესებენ მკაცრ კარანტინს.

ფურუნკულოზი
ფურუნკულოზი

დაავადების გამომწვევია ბაქტერია (Aeromonas salmonicida), რომელიც სუფთა წყალში კვდება, ხოლო ძლიერ დაბინძურებულში - სწრაფად მრავლდება. არსებობს ფურუნკულოზის ორი ფორმა - ნაწლავებისა და კუნთების.

დაავადება იწყება ნაწლავების ანთებით, რომელსაც თან ახლავს ჩირქის გამოყოფა და სისხლდენა. შემდეგ ტანზე ჩნდება ჩირქოვანი მუწუკები. ჩირქოვანი ზედაპირი სკდება, საიდანაც გადმოედინება ჩირქი, სისხლი და ბაქტერიები. გამსკდარი ჩირქგროვა გარდაიქმნება წყლულად, რომელზეც სახლდება საპროლეგნია. დაავადების განვითარების ოპტიმალური ტემპერატურაა 10-150C.

ცისარტყელა კალმახი ამ სენის მიმართ უფრო არამდგრადია და ადვილად ავადდება, ვიდრე მდინარის კალმახი და სხვა ორაგულისებრი თევზები. სათანადო სანიტარული პირობების დაცვა მკვეთრად ამცირებს დაავადების წარმოქმნასა და გავრცელებას.კალმახი, რომელსაც გარეგნულად არ აღენიშნება ფურუნკულოზის ნიშნები, შესაძლებელია გახდეს დაავადების წყარო. ავადმყოფობის აღმოჩენისთანავე მეურნეობაში ცხადდება კარანტინი და ტარდება პროფილაქტიკურ და სამკურნალო ღონისძიებები. სამკურნალოდ საკვებში შეაქვთ ანტიბიოტიკი (100 კგ თევზზე 10 გრამი ფურაზოლიდონი ან 5 გრამი ტერამიცინი).

საპროლეგნიოზი
საპროლეგნიოზი

დაავადების გამოწვევა ხდება საპროლეგნიასა (Saprolegnia) და ახლიას (Achlya) გვარის ობის სოკოებით. ეს სოკოები ჩვეულებრივ ვითარდება დასუსტებულ, ტრამვირებულ, თევზებსა და ქვირითზე. სოკო სხეულზე ქმნის თეთრი ძაფების ბუსუსებიან, ფაფუკ ხლართს. მისი სპორები ბუნებაში მრავლად მოიპოვება. ამიტომ, ხელსაყრელ პირობებში საპროლეგნია მკვდარ ქვირითსა და თევზზე სწრაფად მრავლდება.

საპროლეგნია უფრო კარგად სიბნელეში ვითარდება. ის 1 ლიტრ წყალში 0,5 მგ მალაქიტის მწვანეს ხსნარის კონცენტატის ზემოქმედებით 15-30 წუთში იღუპება. მალაქიტის მწვანეს გამოყენებისას, საჭიროა სიფრთხილე გამოვიჩინოთ, რადგან ის უარყოფითად მოქმედებს განვითარებად ქვირითზე.

საპროლეგნიოზის თავიდან ასაცილებლად საჭიროა:
• გამოსაზრდელი თევზის სრულფასოვანი გამოკვება და ხარისხიანი საკვების გამოყენება;
• არ უნდა დავუშვათ თევზის ტრავმირება, შიმშილი;
• მუდმივად უნდა ვიზრუნოთ თევზის გამოსაზრდელი და შენახვის პირობების გაუმჯობესებისათვის.

სოკოთი ქვირითის დაავადების საშიშროებას მკვეთრად ამცირებს ინკუბაციის კარგი პირობები, ქვირითის გაბანისა და აპარატში ჩატვირთვის დროს თანაზომიერების დაცვა. წყალს გულდასმით ფილტრავენ ქვიშა-ხრეშის ფილტრებით, შემდეგ ატარებენ ბაქტერიოციდულ დანადგარში და დროულად აცილებენ მკვდარ ქვირითს. ამასთან ერთდ, სისტემატურად ახდენენ ქვირითის გაბანას მალაქიტის მწვანეს, ფორმალინის ან კალიუმის პერმანგანატის ხსნარში.

წარწერის ტექსტი
ღრმა მიკოზი

მოზარდეული კალმახის ეს მასიური დაავადება გამოწვეულია სოკოთი დეიტერომიცეტის კლასიდან, რომლის ლათინური დასახელებაა „Sclerophoma”. სოკოს სპორები ჰაერთან ან წყალთან ერთად აღწევენ საცურავ ბუშტში, სადაც მრავლდებიან და ავსებენ მას. შემდგომ კი დაავადება ბუშტის კედლებიდან გადადის და აზიანებს შინაგან ორგანოებსა და კუნთებს. სოკო განსაკუთრებით ასნებოვნებს მოზარდეულს, როდესაც დიდია წყალში ორგანული ნივთიერებების რაოდენობა და მაღალია თევზის სიმჭიდროვე. დაავადებული მოზარდი თევზი ხდება ნაკლებად აქტიური, ეშვება წყალსატევის ფსკერზე. კუჭი ივსება ჰაერით და იზრდება მოცულობაში. კალმახი აღარ იღებს საკვებს. თევზს უჩნდება წყლმანკი და უსივდება თვალები.

დაავადების პროფილაქტიკის მიზნით, იყენებენ ფორმალინის 5%-იანი ხსნარის აბაზანებს. აუზებს და მოწყობილობებს უტარებენ დეზინფექციას.

ინვაზიური დაავადებები

თევზების ინვაზიურ დაავადებებს იწვევს ცხოველური ბუნების ორგანიზმები, როგორიცაა:•პარაზიტული უმარტივესები; პარაზიტული ჭიები ანუ ჰელმინთები; პარაზიტული კიბოსნაირები.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, პარაზიტების მიერ გამოწვეული დაავადებები, რიგ შემთხვევებში, თევზებისათვის ძალიან საშიშია და დიდ ზარალს აყენებს თევზის მეურნეობებს. ამასთან, საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ პარაზიტებისათვის, კერძოდ, ზოგიერთი ჰელმინთისთვის თევზი, როგორც დეფინიტური (საბოლოო), ისე შუამავალი მასპინძელიც არის - თევზებიდან ავადდება მათი მჭამელი ცხოველებიც და ადამიანიც.

კოსტიაზისი

კოსტიაზისი არის მოზარდი კალმახის ერთ-ერთი საშიში დაავადება. მას შეუძლია გამოიწვიოს მოზარდი თევზის მასობრვი სიკვდილი, განსაკუთრებით მაშინ, როცა პარაზიტი სახლდება ლაყუჩებზე.

კოსტიაზისის გამომწვევია შოლტოსნების კლასის (flagellata) უმარტივესი პარაზიტი ე.წ. „შოლტებიანი კოსტია“ (Costia necatrix), რომლის დანახვაც შეუიარაღებელი თვალით შეუძლებელია. ის კანზე და ლაყუჩებზე იწვევს მოცისფრო რუხი ფერის ლორწოვანი ნადების წარმოქმნას, რომელიც შედგება პარაზიტებისაგან, ცისტისაგან და კანის მკვდარი უჯრედებისაგან. პარაზიტი მარტივი აგებულებისაა. მუცლის მხარეზე აქვს გრძივი ღარი, რომელიც პირის ხვრელს უერთდება. ღარიდან გამოდის ორი გრძელი შოლტი, რომლითაც პარაზიტი ემაგრება თევზის კანზე და ლაყუჩებზე. პარაზიტი იკვებება თევზის ლორწოთი, კანისა და ლაყუჩების ეპითელური უჯრედების ჩამონაფცქვენებით. დაგროვების ადგილზე ჭარბად გამოყოფილი ლორწოს, დაშლილი ეპითელისა და პარაზიტის მასობრივი გამრავლების შედეგად თევზი იღუპება.

არახელსაყრელი პირობების შემთხვევაში, პარაზიტს აქვს ინცისტირების უნარი. ცისტა რჩება წყლის ფსკერზე გარკვეულ პერიოდამდე. პარაზიტს ინცისტირების მდგომარეობაში შეუძლია დარჩეს შემდეგი წლის გაზაფხულამდე. თევზები ინვიზირდებიან როგორც ერთმანეთისაგან, ისე, ცისტების გარსიდან გამოსული პარაზიტებით. კოსტიაზისი ხელს უწყობს საპროლეგნიოზის გაჩენას, რაც თავის მხრივ აჩქარებს მოზარდი თევზის სიკვდილს. მოზარდის შენახვის არასათანადო პირობები და არასრულფასოვანი კვება ზრდის თევზის დასნებოვნების შანსს.

ჩვეულებრივ, კოსტიაზისი ჩნდება ზაფხულში, როცა ტემპერატურა აღემატება 200C-ს. მკურნალობისათვის რეკომენდებულია სუფრის მარილის აბაზანები - მარილის 1-2,5%-იანი ხსნარი 15-20 წუთის განმავლობაში.

ჰექსამიტოზი (ოქტამიტოზი)

დაავადებას იწვევს შოლტოსანი Hexamita truttae, რომელიც ლოკალიზდება თევზის ნაწლავებში და ნაღვლის ბუშტში. პარაზიტი მსხლის ფორმისაა, აქვს 4 წყვილი შოლტი და გააჩნია ინცისტირების უნარი. მისი აღმოჩენა შესაძლებელია მხოლოდ მიკროსკოპის საშუალებით. პარაზიტი იწვევს მოზარდის მასიურ დასნებოვნებას, თევზი წყვეტს საკვების მიღებას, იკლებს წონაში და იღუპება.

დაავადებასთან ბრძოლის ფორმები ზოგადპროფილაქტიკურია. არ უნდა დავუშვათ აუზში თევზის შერეული ჩასხმა. მთავარი პირობაა დაავადების პრევენცია - ჯანმრთელი და სიცოცხლისუნარიანი ლიფსიტების მიღება და მათი სრულყოფილი კვება კეთილსაიმედო და მაღალხარისხიანი საკვებით.

კალმახის მიქსოსპორიდიაზი (ტრიალი, ბრუნვა)

ეს მოზარდი კალმახის ერთ-ერთი ყველაზე მასიური და საშიში დაავადებაა. სნეულებას იწვევს მიქსოსპორიდიები (Mixosoma cerebralis) – სხვადასხვა ზომის მრავალბირთვიანი ამებოიდი, რომლის აღმოჩენა მხოლოდ გამოცდილ იხტიოპათოლოგს შეუძლია მრავალჯერადი გადიდების მიკროსკოპის ქვეშ ქსოვილის დათვალიერებისას.

მიქსოსპორიდიებისათვის დამახასიათებელია ორსაგდულიანი სპორები, რომლებშიც პანსპორობლასტებში წყვილ-წყვილად არიან მოთავსებული. თითოეული სპორა შეიცავს ორ ან ოთხ პოლარულ კაპსულას. გარდა ამისა, სპორაში მოთავსებულია ორბირთვიანი ამებური ჩანასახი. პარაზიტი იბუდებს მოზარდი თევზის ხრტილში, როცა ის ჯერ კიდევ არ არის ჩამოყალიბებული ძვლად და იკვებება, როგორც თავის ქალის, ასევე, ხერხემლის ღერძულას ხრტილოვანი ნივთიერებებით. გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ მიქსოსპორიდიები, როგორც ქსოვილოვანი პარაზიტები, სახლდებიან თევზის თითქმის ყველა ორგანოში: ლაყუჩებში, შემაერთებელ ქსოვილში, თირკმელებში, ღვიძლში, კუნთებში, ნაღველსა და საშარდე ბუშტების ღრუებში, ზოგჯერ ნაწლავის ღრუში და სხვა. დაავადების შესახებ მნიშვნელოვანია იცოდეთ:

  • დაავადების დამახასიათებელი ნიშნებია ხერხემლის გამრუდება, მოძრაობის კოორდინაციის დარღვევა, სხეულის გამუქება:
  • ყურის ხრტილოვანი ნიჟარის დაშლის შემდეგ მოზარდი თევზი კარგავს წონასწორობას, იწყებს უწესრიგო ტრიალს (ბრუნვას), სუსტდება და გარკვეული დროის შემდეგ იღუპება: დასენიანების პირველი ნიშნები ჩნდება 18-60 დღის შემდეგ;
  • მოზარდი თევზების დაღუპვა არ შეინიშნება, მაგრამ ის წარმოადგენს პარაზიტის მატარებელს;
  • მოზარდის დაღუპვის ყველაზე მაღალი ინტენსივობა ფიქსირდება პირველი 2-3 თვის განმავლობაში;
  • ხრტილის ძვლად გარდაქმნის შემდეგ თევზის სიკვდილიანობა წყდება და დიდი თევზისთვის ე.წ. ტრიალი საშიშროებას არ წარმოადგენს;
  • მოზარდეულის დაღუპვის შემდეგ პარაზიტის სპორები ინაცვლებს სხეულიდან წყალში;
  • თევზი ავადდება, როდესაც ის წყალთან ერთად ყლაპავს სპორებს ან ჭამს დაავადებულ თევზს.

დასნებოვნებულ მეურნეობებში აუცილებელია კარანტინის რეჟიმის დაწესება ყველა იმ მოთხოვნათა დაცვით, რომელიც ხელს შეუშლის დაავადების შემდგომ გავრცელებას.

წყაროს წყალზე თევზის გამოზრდა გამორიცხავს თევზის ორგანიზმში წყალთან ერთად პარაზიტის სპორების შეტანას და გავრცელებას.

დაავადების მასიურად გავრცელების თავიდან ასაცილებლად უნდა აიკრძალოს აუზებსა და ტბორებში თევზის შერეული ჩასხმა, რადგან მოზრდილი თევზები წარმოადგენენ პარაზიტგადამტანებს.

აუცილებელია დაავადებული თევზების (ისინი ტივტივებენ წყლის ზედაპირზე) დაჭერა და განადგურება, რადგან ისინი წარმოადგენენ შემდგომი დაავადების წყაროს.

წამწამებიანი ინფუზორიებიდან ყურადღებას იპყრობს სამი დაავადება: ქილოდონიაზისი, ტრიქოდონიაზისი და იქტიოფთირიაზისი.

ქილოდონიაზისი

ავადმყოფობის გამომწვევია ნაირწამწამებიანი ინფუზორიების წარმომადგენელი Chilodonella cyprinid-ი პარაზიტის სხეულის სიგრძეა 0,05-0,07 მმ; სიგანე 0,03-0,04მმ; გულისმაგვარი ფორმისაა; წინა მხარეზე პირის ხვრელია, რომლიდანაც გამოდის მოკლე მილი - ხახა (აღჭურვილია ჩხიროვანი აპარატით, რომელიც პარაზიტის მიერ გამოიყენება თევზზე თავდასხმის დროს); სხეულის შუაში მოთავსებულია ბირთვი, ხოლო გვერდებათან ორი კუმშვადი ვაკუოლი.

ქილოდონელა იკვებება ლორწოთი და ეპითელური უჯრედების ნაფცქვენებით. დაავადებული თევზის კანზე და ლაყუჩებზე ჩნდება მუქი-მოცისფრო ნადებები, რომლებშიც დიდი რაოდენობითაა დაგროვილი პარაზიტები. დაავადება, როგორც წესი, ვლინდება ზამთრის ბოლოს ან ადრე გაზაფხულზე. პირველ რიგში, ავადდება გამოზრდისათვის არასათანადო პირობებში მყოფი დასუსტებული კალმახი.

დაავადებულ თევზს უჭირს სუნთქვა, არ იკვებება, ცურავს შენელებულად, მდგომარეობა თანდათან უარესდება და თევზი იღუპება.

დაავადებული თევზები საჭიროა გატარდეს სუფრის მარილის 1-2%-იან ხსნარში 15-20 წუთის განმავლობაში. ან კალიუმის პერმანგანატის 0,005%-იან ხსნარში. რაც კარგ პროფილაქტიკურ საშუალებას წარმოადგენს. ასევე, იყენებენ მალაქიტის მწვანეს და ფორმალინის აბაზანებს (0,1-0,2გრ/მ3).

ტრიქოდინიაზისი

ტრიქოდინიაზისი ფართოდ გავრცელებული დაავადებაა, რომლის გამომწვევია ნაირწამწამებიანი ინფუზორია Trichodina - ს გვარიდან.

კალმახზე ეს დაავადება შესაძლებელია აღმოჩნდეს კოსტიაზისთან და ქილოდონიაზისთან ერთად. ისინი, ძირითადად, პარაზიტობენ თევზების კანზე და ლაყუჩებში, ზოგიერთი სახეობა ნაპოვნია შარდის ბუშტშიც.

ტრიქონიდებით, უმეტესად, ავადდებიან ახალგაზრდა თევზები, ზრდასრულები კი პარაზიტის მატარებლები და შესაბამისად, გამავრცელებლები არიან. დაავადება, ძირითადად, თავს იჩენს ზაფხულში, თუმცა თევზის არასათანადო პირობებში შენახვისას ის შეიძლება გამოვლინდეს წლის ნებისმიერ დროს.

დაავადების დამახასიათებელი ნიშნები გამოხატულია კანზე და ლაყუჩებზე მოცისფრო ლორწოვანი ნადების სახით, რომელიც შედგება ლორწოსა და დაშლილი ეპითელური უჯრედებისაგან. ძლიერი ინვაზიის შემთხვევაში, ზიანდება თევზის ფარფლები, ლოკალიზაციის ადგილებში სცილდება ქერცლი და სუნთქვის ფუნქცია ირღვევა.

მკურნალობის მიზნით, სუფრის მარილის 2% ხსნარიანი აბაზანების გამოყენება 15-20 წუთის განმავლობაში მკვეთრად ამცირებს კალმახის დასნებოვნებას ტრიქოდინიაზისით. ამ პროცედურის შემდეგ, საჭიროა თევზი მოთავსდეს ძლიერ გამდინარე წყალში.

იხტიოფტირიოზი (იხტიკა)

დაავადებას იწვევს საკმაოდ დიდი ზომის პარაზიტული წამწამებიანი ინფუზორია IchthyopHthirius multifiliis, რომელიც საკმაოდ ფართოდაა გავრცელებული.

ამ პარაზიტისათვის დამახასიათებელია მასპინძლის მრავალგვარობა, იგი გვხვდება თითქმის ყველა სახეობის თევზში. პარაზიტობს მასპინძლის კანის, სხეულის, ფარფლების შინაგანი და გარეგანი ლაყუჩების ეპითელურსა და შემაერთებელ ქსოვილებში და იწვევს მათ ანთებას.

დაავადებული თევზის კანზე წარმოიქმნება თეთრი ლაქები; ძლიერი დაავადების შემთხვევაში კი ამგვარი ლაქებით იფარება მთელი სხეული და ნეკროზდება. თევზი ბრმავდება, ლაყუჩებში ხდება ძლიერი სისხლჩაქცევები, იშლება სუნთქვის ფუნქცია, რაც ხშირად სიკვდილიანობით მთავრდება.

პარაზიტს აქვს ინცისტირების უნარი. თევზის სხეულიდან მოწყვეტილი პარაზიტი ვარდება წყლის ფსკერზე და წარმოქმნის ცისტას. თევზები ინვიზირდებიან როგორც ერთმანეთისაგან, ისე, ცისტების გარსიდან გამოსული პარაზიტებით. თუ დროულად არ იქნა მიღებული პროფილაქტიკური ღონისძიებები, შეიძლება თევზი სრულად დაიღუპოს.

პარაზიტისათვის ოპტიმალური ტემპერატურა 16-220C. აღსანიშნავია, რომ ზამთრის დაბალი ტემპერატურა (1-20C) მხოლოდ ანელებს პარაზიტის ქმედუნარიანობას და ვერ ახდენს უარყოფით გავლენას მის სიცოცხლისუნარიანობაზე. ხელსაყრელი პირობების შემთხვევაში, პარაზიტები კვლავ წარმატებულად მრავლდებიან.

არსებობს მკურნალობის მრავალი მეთოდი, მაგრამ კალმახისათვის არ არის შემოთავაზებული არც ერთი რაციონალური გზა. მიუხედავად ამისა, პარაზიტის სიცოცხლისუნარიანობის შესუსტება შესაძლებელია თუ კალმახს სისტემატურად გავატარებთ მარილიან აბაზანაში. შეგვიძლია, აგრეთვე, დაავადებული თევზი გავაჩეროთ წყლის ძლიერი ნაკადის ქვეშ (მექანიკური მკურნალობა]. ამ დროს მოწიფული პარაზიტები ტოვებენ თევზის სხეულს და მიყვებიან წყლის ნაკადს.

გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ პარაზიტთან საბრძოლველად, მისი მაღალი მდგრადობის გათვალისწინებით, საჭიროა საკმაოდ ხანგრძლივი აბაზანები, მაგრამ ამ დროს რთულდება კალმახის მკურნალობა, რადგან ჟანგბადის მოყვარული კალმახი დიდი ხნით ვერ ძლებს სუფთა წყლის მიწოდების გარეშე. აბაზანებს ატარებენ სუფრის მარილით და მალაქიტის მწვანისა და ფორმალინის ნარევით.

წყარო

ცისარტყელა კალმახი - წარმოების ტექნოლოგია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები