ძილის აშლილობები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ძილის აშლილობები - ფსიქიატრებს ხშირად მიმართავენ თხოვნით, კონსულტაცია გაუწიონ პაციენტებს, რომელთა მთავარი პრობლემა უძილობა ან, შედარებით იშვიათად, გადამეტებული ძილიანობაა. ამ სფეროში არსებული პრობლემებიდან უნდა გამოიყოს:

  • ძილის პირველადი აშლილობა.
  • ძილის აშლილობა, როგორც ფსიქოლოგიური სიმპტომების მიზეზი.
  • ძილის აშლილობა, როგორც ფსიქიკური აშლილობის, განსაკუთრებით, დეპრესიული და შფოთვითი აშლილობების სიმპტომი.

ბევრი პაციენტი, ვისაც ცუდად სძინავს, უჩივის დღის განმავლობაში დაღლილობას და უგუნებობას. მიუხედავად იმისა, რომ ხანგრძლივი უძილობა იწვევს ინტელექტუალური აქტივობის ხარისხის გაუარესებას და გუნებ-განწყობის დაქვეითებას, დროგამოშვებითი უძილობა ნაკლებ მნიშვნელოვანია, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ადამიანის მოვალეობები და საქმიანობა განსაკუთრებულ სიფხიზლეს მოითხოვს. სიმპტომები, რომლებიც დღის განმავლობაში იჩენს თავს ინსომნიის მქონე პირებთან, უფრო მეტად უძილობის მიზეზებთან (დეპრესიას ან შფოთვით აშლილობასთან) უნდა იყოს დაკავშირებული, ვიდრე უშუალოდ უძილობასთან.

კლასიფიკაცია

ცხრილში ნაჩვენებია ძილის აშლილობების კლასიფიკაცია DSM-IV-ის მიხედვით, რომელიც ეთანხმება ძილის აშლილობების ბევრად უფრო დამუშავებულ საერთაშორისო კლასიფიკაციას.

ICD-10-ში შესული კატეგორიები საკმაოდ განსხვავებულია. აქ ძილის აშლილობების კლასიფიკაცია სამ სხვადასხვა ნაწილში გვხვდება.

ძილის პირველადი დარღვევების კლასიფიკაცია DSM-IV მიხედვით
დისსომნიები

პირველადი ინსომნია პირველადი ჰიპერსომნია ნარკოლეფსია სუნთქვასთან დაკავშირებული ძილის აშლილობა ცირკადული რიტმის დარღვევასთნ დაკავშირებული ძილის აშლილობა დისსომნია, რომელიც სხვაგვარად არ არის დაზუსტებული

პარასომნია
  • კოშმარები (ძილის შფოთვითი აშლილობა)
  • ღამის შიშები
  • სომნამბულიზმი
  • პარასომნია, რომელიც სხვაგვარად არ არის დაზუსტებული
სხვა ფსიქიკურ აშლილობასთან დაკავშირებული ძილის აშლილობა
  • ინსომნია
  • პარასომნია
სხვა ძილის აშლილობები
  • მეორადი ძილის აშლილობა გამოწვეული ჯანმრთელობის საერთო მდგომარეობით
  • ფსიქოაქტიური ნივთიერებებით გამოწვეული ძილის აშლილობა

ეპიდემიოლოგია

ძილის აშლილობა ხშირი მოვლენაა. მონაცემები ინსომნიის გავრცელების ხარისხის შესახებ ძალიან განსხვავებულია, რაც განპირობებულია ამ ცნების განსაზღვრებათა სიმრავლით და შესწავლილი პოპულაციით. ზრდასრული პირების 30%-ზე მეტი უჩივის უძილობას, ამათგან ერთი მესამედი კი - ქრონიკულ უძილობას. ზედმეტი ძილიანობა ზრდასრულების 5%-ს და მოზარდების დაახლოებით 15%-ს აქვს. ზრდასრული პოპულაციის 14%-ს აწუხებს ძილ-ღვიძილის სხვადასხვა ფორმის ქრონიკული აშლილობა

მოცვის ეპიდემიოლოგიური ზონის გამოკვლევის მონაცემების თანახმად (Epidemiologic Catchment Area Study, Ford and Kamerow, 1989), პოპულაციის 10.2% უჩიოდა ინსომნიას, ხოლო 3.2% - ჰიპერსომნიას. უძილობის მქონე პირების 40.%-სა და ჭარბი ძილიანობის მქონე პირების 46.5%-ს აღენიშნებოდა ფსიქიკური აშლილობები, იმ დროს, როდესაც პოპულაციაში, რომელსაც არ აღენიშნებოდა ძილთან დაკავშირებული ჩივილები, ფსიქიკური აშლილობები 16.4%-ს შეადგენდა. ძილის პერსისტენტული აშლილობების რისკ-ჯგუფში შედიან ბავშვები, მოზარდები, სომატური დაავადების მქონე პაციენტები, დასწავლის დარღვევისა და დემენციის მქონე პირები.

წყარო

ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები