ძირთეთრა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ძირთეთრა - Pastinaca sativa L.

Pastinaca sativa L. – ძირთეთრა

მეგრულად – რუსული სონა.

ერთი ან ორწლოვანი 30-100 სმ სიმაღლის მცენარეა, თითისტარისებრი, ხორცოვანი მოყვითალო-ყავისფერი ფესვით. ღერო სწორმდგომია, შიშველი, წახნაგოვან-დაღარული, ზედა ნაწილში დატოტვილი. ფოთლები ფრთისებრია, ზედა მხრიდან პრიალა, ქვედაზე – უფრო ნათელი და რბილი ბეწვით მოფენილი. ღეროსეული ფოთლები მჯდომარეა, გრძელი, მოხრილი ვაგინით; ფესვთანური ფოთლები გრძელყუნწიანია, მოგრძო-კვერცხისებრი, წვეროსეული – სამნაკვთიანი, კიდეებზე მსხვილკბილა. ყვავილები შეკრებილია რთულ ქოლგად 8-12 მთავარი სხივით; ჯამის ნაცვლად განვითარებული აქვს 5 უმნიშვნელო კბილი, გვირგვინი – 5, მოყვითალო-ოქროსფერი, შეზრდილფურცლიანია. ნაყოფი იყოფა 2 შებრტყელებულ ნაწილად. Yყვ. VI-VII; ნაყ. VIII-IX.

ფართოდ გავრცელებული სახეობაა, იზრდება მინდვრებში და ბალახოვან ადგილებში, ბუჩქნარებში.

კულტურული ჯიშები მოჰყავთ ბოსტნებში სქელი ხორცოვანი, თითისტარისებრი ფესვის გამო, რომელსაც სანელებლად იყენებენ. სამკურნალო ნედლეულს ფესვები და ნაყოფები წარმოადგენს. წვენი შეიცავს წყალს 79,5 მგ%, ცილებს 1,2 მგ%, ცხიმებს 0,3 მგ%, ნახშირწყლებს 13,1 მგ% (მათ რიცხვში მონო და დისახარიდბს – 5 მგ%), უჯრედისს 4,9 მგ%, ნაცარს 1 მგ%, ვიტამინებს (B1, B2, B3, B5, B6, B9, C, E, K), მაკროელემენტებს (K,Ca, Mg, Na, F), მიკროელემენტებს (Fe, Mn, Cu, Se, Zn), ეთერზეთებსა და გლიცერიდებს, ზეთის, პეპტილურ და კაპრონის მჟავებს.

Pastinacia-savita.jpg

ძველ საბერძნეთში ექიმმა დიოსკორიდმა პირველმა გამოიყენა ძირთეთრა როგორც შარდმდენი საშუალება სამკურნალო მიზნებისათვის. შუა საუკუნეებში ამ მცენარის გამოყენების დიაპაზონი არსებითად გაფართოვდა. მას იყენებდნენ როგორც აფროდიზიაკს, მადის გასაძლიერებლად, აგრეთვე ხველების საწინააღმდეგოდ და ტკივილგამაყუჩებლად. ხალხურ მედიცინაში ფესვების ნაყენსა და ნახარშს ღებულობენ ხველების შესარბილებლად, აგრეთვე როგორც მატონიზირებელს მძიმე დაავადებების შემდგომ პერიოდებში.

ფართო გამოყენება ჰპოვა ოფიცინალურ მედიცინაშიც. ხასიათდება მატონიზირებელი, შარდმდენი, ბაქტერიციდული, ტკივილგამაყუჩებელი და ამოსახველებელი მოქმედებით. აძლიერებს მადას, ასტიმულირებს შიდა სეკრეციის ჯირკვლების მოქმედებას, აუმჯობესებს საკვებმომნელებელი სისტემის მუშაობას, ნივთიერებათა ცვლას, ამაგრებს კაპილარული სისხლძარღვების კედლებს; გამოიყენება დიეტურ საკვებად ნაღველკენჭოვანი და თირკმელკენჭოვანი, ნიკრისის ქარების, ნერვული სისტემის დარღვევების, ტუბერკულოზის, პნევმონიის, ბრონქიტის და ემფიზემიით დაავადებულთათვის. წარმატებით გამოიყენება მრავალგვარი გონებრივი მოშლილობის დროს. რეკომენდებულია როგორც მადის გამაძლიერებელი და სპაზმოლიტური საშუალება საკვების მომნელებელი ორგანოების დარღვევებისას, აგრეთვე გულ¬სისხლძარღვთა დაავადებების პროფილაქტიკისა და სამკურნალოდ. ფარმაცევტულ მრწველობაში თესლებისაგან მზადდება კანის დაავადებების (მათ შორის ვიტილიგოს) სამკურნალო პრეპარატები.

არ არის რეკომენდირებული მისი საკვებად გამოყენება ბავშვებისა და ხანდაზმულების, ისევე როგორც ფიტოდერმატიზმით დაავადებულთათვის.


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები