ხიძირი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ხიძჷრ-ი (აფხ. Хьӡыр) – წმინდა, კეთილისმყოფელი ხეების მფარველი სული, რომელიც ხის სახით ჰყავდათ წარმოდგენილი.

აფხაზების რწმენით, კეთილისმყოფელ ანუ წმინდა მცენარეებს განეკუთვნებიან: მუხა, ურთხელი, კოპიტი, რცხილა, ცაცხვი, წიფელი, ხეჭრელი, კაკლის, თხილის, ლეღვის, ვაშლის, მსხლის (განსაკუთრებით პანტა მსხლის) ხეები, ასევე შქერი, ბზა, ასკილი და სხვა.

სწორედ წმინდა ხეების (ძირითადად მუხის, ცაცხვის, რცხილის, კაკლის, თხილის) ქვეშ სრულდებოდა საოჯახო, სასოფლო თუ სათემო ლოცვების დიდი ნაწილი, აქვე ხდებოდა საზოგადოებრივი შეკრებებიც. წმინდად მიჩნეულ მცენარეთაგან (მაგ., ხეჭრელი, თხილისა და კაკლის ხეები, ასკილი, მჟაველა) კეთდებოდა ავი თვალისაგან, მეხისა და სხვა უბედური შემთხვევებისაგან ადამიანის (განსაკუთრებით ბავშვის), საქონლისა თუ ნათესების დამცავი ავგაროზები; მწყემსები და მონადირეები, როგორც წესი, მხოლოდ მათი მასალისაგან დამზადებულ მუჯრებსა და დანის ჩასადებ ბუდეებს ხმარობდნენ. აფხაზების ასეთი აზროვნება მათ რწმენა-წარმოდგენებში დალექილ ხის კულტს უკავშირდება. რომ არაფერი ვთქვათ დიდი ხეების კულტზე, საამისოდ პანტა მსხალთან დაკავშირებული წარმოდგენებიც იკმარებდა (პანტა მსხლის კულტი კავკასიის ხალხებში ფართოდ გავრცელებული მოვლენა იყო). ხის კულტი ისე ღრმად იყო ფესვგადგმული აფხაზებში, რომ იგი, ზოგიერთი ავტორის აზრით (გ. ჩურსინი, შ. ინალ-იფა, ლ. აკაბა), რელიგიური აზროვნების ისეთ ძირეულ ფორმას უკავშირდება, როგორიც ტოტემიზმია (მაგ., რცხილა – ა-ხჲაცა – ხეციას გვარის მფარველად ითვლებოდა). ასეთი განვითარებული კულტის ობიექტი იყო ხიძირი, რომელსაც ხალხი სათანადო პატივს მიაგებდა. მის სახელზე ლოცულობდნენ მარიამობის წინა დღეს: აცხობდნენ ჭვიშტარს და სანთლით ხელში ეზოში მდგარ რომელიმე ხესთან მივიდოდნენ. ოჯახის უფროსი ხის სულს (აწლა-ინცვახუს) წყალობას, ყანისა და ბოსტნის კარგ მოსავალს, ოჯახის წევრთა ჯანმრთელობასა და ბედნიერებას შესთხოვდა. ხეზე ასვლის წინ აფხაზი აუცილებლად მიმართავდა ხიძირს, შენს ხელში ვარ და დამიცავიო; ჩამოსვლისას მადლობას ეტყოდა. ხის მფარველს ჟიგ-გუაშასა და ჩიგი-გუაშას სახელწოდებით აფხაზების მეზობელი ადიღებიც იცნობენ.

„ხიძჷრ-ი“ შესაძლოა, ქართული ენიდან არის ნასესხები (შდრ. „ხის ძირი“).


ლიტერატურა

  • М. Джанашвили. Абхазия и абхазцы. (этнографический очерк) // Тф., 1894. Т. XVI;
  • Е.Г. Вейденбаум. Священные рощи и деревья у кавказских народов // Кавказские этюды. Тф., 1901;
  • Д.И. Гулия. История Абхазии. I. Тф., 1925;
  • Г.Ф. Чурсин. Материалы по этнографии Абхазии. Сух., 1957;
  • Ш. Д. Инал-ипа. Вопросы этнокультурной истории абхазов.. Сух., 1976;
  • Е.М. Малия. Народное изобразительное искусство Абхазии. Тб., 1970;
  • Л.Х. Акаба. Исторические корни архаических ритуалов абхазов. Сух., 1984;
  • М.М. Жиг-гуаша // Мифы народов мира. Т. I, М., 1980.


წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები