XIX-XX საუკუნეების არქიტექტურა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ანრი ლაბრუსტი. სამკითხველო დარბაზი, პარიზის ნაციონალური ბიბლიოთეკა, 1862-1868

XIX-XX საუკუნეების არქიტექტურა– XIX ს-ის მიწურულის არქიტექტურის ისტორია ასახავს იმ დილემას, რომლის წინაშეც ინდუსტრიული ქალაქები აღმოჩნდა - ეს იყო არჩევანი ნატიფი ხელოვნების სკოლის აკადემიური სტილის კლასიცისტურ ტრადიციებსა და ინდუსტრიული ეპოქის ახალი მასალებითა და სამშენებლო მეთოდებით წარმოქმნილ ახალ ესთეტიკას შორის. მართალია, ნატიფი ხელოვნების სკოლა XIX საუკუნის ბოლოსთვის მხატვრობის ახალი ტენდენციების ფონზე მარგინალიზებულ მდგომარეობაში აღმოჩნდა, მაგრამ 1880 წლის შემდეგ ამერიკელი და ევროპელი არქიტექტორებისთვის ის მაინც განათლების საბაზისო დაწესებულებას წარმოადგენდა. და ეს ხდებოდა მაშინ, როდესაც ინდუსტრიალიზაციამ, ისეთ ქალაქებში, როგორიც ჩიკაგო იყო, მაღალი და დიდი ნაგებობების ახლებურად გააზრების მოთხოვნილება შექმნა.

სარჩევი

ევროპული არქიტექტურა: ტექნოლოგია და სტრუქტურა

XIX საუკუნის განმავლობაში ცხოვრების ტემპი საგრძნობლად მატულობდა. ინდუსტრიალიზაციამ ადამიანებს მეტი, გაცილებით მეტი წარმოების, მოხმარების, მოგზაურობის საშუალება მისცა. ინდუსტრიალიზაციას შედეგად ურბანიზაცია მოყვა, რამაც, თავის მხრივ, ინდუსტრიალიზაციის უფრო მაღალი ხარისხი მოითხოვა. საზოგადოების გაჯანსაღებისა და სრულყოფის სურვილმა 20-ზე მეტი საერთაშორისო გამოფენის გამართვა განაპირობა, რომლებზეც ინდუსტრიული და ტექნოლოგიური ინოვაციები იყო წარმოდგენილი. ერთ-ერთი პირველი გამოფენა 1851 წელს ლონდონში გაიმართა. "ყველა ერის ინდუსტრიის დიდი გამოფენა" ბრიტანეთმა საკუთარი ინდუსტრიული სიმძლავრის წარმოსაჩენად, იმპერიული უფლებამოსილების დასტურად და ევროპის 1848 წლის რევოლუციების შედეგად გატანჯული ხალხის დასაშოშმინებლად მოაწყო. "დიდი გამოფენის" ცენტრი "ბროლის სასახლე" იყო, რომელიც თანამედროვე სამშენებლო ტექნოლოგიებსა და თანამედროვე ესთეტიკას განასახიერებდა.

ბროლის სასახლე ჯოზეფ ფაქსთონის (Joseph Paxton, 1803-1865) მიერ შექმნილი ბროლის სასახლის რევოლუციური კონსტრუქცია თუჯის სტრუქტურულ კარკასს წარმოადგენდა, რომელშიც იმ დროის წარმოებისთვის შესაძლებელი მაქსიმალური ზომის (75-დან 125 სმ-მდე) მინები იყო ჩასმული. მინას ხის წინასწარ დამზადებული ნერვიურები და საყრდენები იჭერდა. სამიარუსიანი ნაგებობა იმ დროისათვის ყველაზე დიდი გადახურული სივრცე იყო; 565 მეტრი სიგრძის შენობა 73 000 კვ.მ-ს მოიცავდა და თითქმის მილიონამდე კვ.მ-ის საგამოფენო სივრცეს ქმნიდა. ცენტრალური კამაროვანი განივი ნავი, რომელიც რკინიგზის სადგურების თუჯის კონსტრუქციის ახალი დიზაინის მიხედვით იყო შექმნილი, 33 მეტრის სიმაღლისა იყო, რათა დედოფალ ვიქტორიას (1837-1901) მეუღლის, პრინც ალბერტის საყვარელი თელას ხეების რიგი დაეტია. გამოფენა 6 მილიონამდე ადამიანმა დაათვალიერა და მნახველთა უმეტესობამ ბროლის სასახლე ტექნოლოგიურ სასწაულად აღიარა. მიუხედავად ამისა, არქიტექტორებისა და კრიტიკოსების უმეტესობა უპირატესობას ისევ კლასიციზმსა და რომანტიზმს ანიჭებდა, რადგან ბროლის სასახლე მათთვის უფრო საინჟინრო ნაგებობა იყო, ვიდრე ნამდვილი არქიტექტურა. როგორც ჩანს, მათი აზრით, განახლებული გოთიკური სტილი ლითონისა და შუშის კონსტრუქცებმა გადაწონა.

ნაციონალური ბიბლიოთეკა ანრი ლაბრუსტი (Henri Labrouste, 1801-1875) თავდაპირველად ნატიფი ხელოვნების სკოლაში სწავლობდა, შემდეგ კი თავად ასწავლიდა არქიტექტურას. ლაბრუსტის დიდი სურვილი იყო არქიტექტურისადმი სკოლის ისტორიზებული დამოკიდებულება ინდუსტრიული ინჟინერიის ინოვაციებთან გაეერთიანებინა. თუმცა, სკოლაში თავისი იდეების დამკვიდრება მას დიდად არ უცდია, მათი განხორციელება ლაბრუსტმა პრაქტიკაში მოახერხა. პარიზის ნაციონალური ბიბლიოთეკის სამკითხველო დარბაზი ამ ტენდენციათა გაერთიანების ნათელი მაგალითია. დარბაზის გადახურვას გუმბათების მთელი წყება ქმნის. გუმბათების ზედაპირები თეთრი, ნათელი კერამიკული ფილებითაა მოპირკეთებული, ცენტრში კი მინით დაფარული მრგვალი ღიობებია დატანებული, საიდანაც ინტერიერში სინათლე შემოდის. ლითონის წვრილი სვეტები და ელეგანტური თაღები სამკითხველო დარბაზის ფართო, გახსნილ სივრცეს ქმნის. კლასიკურ დეტალებში გამჟღავნებული ისტორიული ალუზიები, კომბინირებული უზარმაზარ გახსნილ სივრცესთან, რომლის კონსტრუირება ინდუსტრიული მასალის წყალობით გახდა შესაძლებელი, აშკარად მოდერნულია.

ჩიკაგოს სკოლა

ამერიკის შეერთებულ შტატებში, ისევე როგორც ევროპაში, მნიშვნელოვანი არქიტექტურული პროექტები იმ დროისთვის ისტორიციზმის პრინციპების გათვალისწინებით იქმნებოდა, მაგრამ თანამედროვე ქალაქმა ახალი ტიპის ინდუსტრიული, სატრანსპორტო, კომერციული, სასაწყობე და საცხოვრებელი ნაგებობების მოთხოვნა გააჩინა; საჭირო გახდა ურბანულ რაიონებში, სადაც მიწის ფასი უსწრაფესად მატულობდა, ისეთი შენობების აგება, რომლებიც, სხვადასხვა ტიპის აქტივობებისას, რაც შეიძლება მეტ ადამიანს დაიტევდა. ჩიკაგო ამის ნათელი მაგალითი იყო. ჩიკაგო, რომელიც ქვეყნის აგრარულად განვითარებული მიდვესთიდან ამერიკის აღმოსავლეთ და დასავლეთ სანაპირო ქალაქებში მარცვლეულის, საქონლისა და სხვა პროდუქციის გადასაზისად მნიშვნელოვან სატრანსპორტო ჰაბს წარმოადგენდა, 1890-იანი წლებისთვის, მჭიდროდ დასახლებული, მდიდარი ქალაქი ხდება. სავაჭრო ცენტრების, კომერციული და საოფისე ნაგებობების მშენებლობის დაწყებასთან ერთად, თავდაპირველად, პრაქტიკული საჭიროებიდან გამომდინარე, ჩიკაგოშივე ჩაისახა ურბანული განაშენიანებისა და დიზაინის მიმართ ახალი მიდგომა, რაც იმაში მდგომარეობდა, რომ არქიტეტურული ფორმის განმსაზღვრელი მისი ფუნქცია უნდა ყოფილიყო.

მსოფლიო კოლუმბიური ექსპოზიცია

მორის ჰანთი. ღირსების სასამართლო, კოლუმბიური მსოფლიო ექსპოზიცია, ჩიკაგო, 1893

რიჩარდ მორის ჰანთი (Richard Morris Hunt, 1827-1895) პირველი ამერიკელი იყო, რომელმაც არქიტექტურა პარიზის ნატიფ ხელოვნებათა სკოლაში შეისწავლა. ისტორიციზმის განსაკუთრებული ცოდნითა და გამოცდილებით, იგი არქიტექტურაში ყველა მისაღებ სტილს იყენებდა - გოთიკურს, რენესანსულს და ფრანგულ კლასიციზმს. მისმა შემოქმედებამ გაცილებით აამაღლა ამერიკული არქიტექტურის სტანდარტები. სამოქალაქო ომის შემდეგ ჰანთმა ქვეყნის დასავლეთში, ფაბრიკანტებისა და ფინანსისტების მზარდი კლასისთვის, რომელიც ევროპის არისტოკრატიას ეჯიბრებოდა, მრავალი ფეშენებელური სახლი ააგო.

კარიერის ბოლოს ჰანთი ჩიკაგოში, 1893 წლის კოლუმბიური მსოფლიო ექსპოზიციის მშენებლობას ზედამხედველობდა, რომელიც ქრისტეფორე კოლუმბის ამერიკაში ჩასვლის 400 წლისთავს მიეძღვნა. იმის ნაცვლად, რომ წინა გამოფენების მსგავსად, ყურადღება საინჟინრო საოცრებებზე გაემახვილებინა, საბჭომ "მარადიული ნაგებობების - ოცნების ქალაქის" აგება გადაწყვიტა (თუმცა, გამოფენაზე პირველი "ეშმაკის ბორბალიც" იყო წარმოდგენილი). შენობების ერთმანეთთან შესათანხმებლად (რომლებიც სინამდვილეში დროებითი მასალით, უმეტესად, თაბაშირითა და ბოჭკოვანი მასალებით იყო აგებული), ყოველი ცალკეული სტილი ერთ კლასიკურ სტილს - ანტიკური საბერძნეთისა და რესპუბლიკური რომის არქიტექტურულ ფორმებს ემყარებოდა, რაც, ამასთანავე, ამერიკის დემოკრატიული ინსტიტუციების მნიშვნელობასა და სახელმწიფოს სიძლიერეზე მიანიშნებდა. ჰანთის ღირსების სასამართლოს ფოტო კლასიცისტური სტილის ე.წ. "თეთრ ქალაქს" წარმოგვიდგენს.

კოლუმბიური მსოფლიო ექსპოზიცია ამერიკის ხალხმრავალი, უმეტესად, დაუგეგმარებელი ქალაქების საპირისპიროდ, იდეალური ამერიკული ქალაქის მოდელს ქმნიდა. ფრედერიქ ლოუ ოლმსთედი, რომელიც ნიუ იორკის სენთრალ პარკის დიზაინერი იყო , გამოფენის ლანფშაფტის გეგმარების ავტორი გახლდათ. ტბის ირგვლივ დაჭაობებული მიწა მან ლაგუნის, არხების, გუბურებისა და კუნძულების წყებად აქცია. მთელი ტერიტორია ორ ნაწილად იყოფოდა: ოფიციალურ ნაწილს "თეთრი ქალაქი" წარმოადგენდა, არაოფიციალურს კი ე.წ. "მიდუეი", სადაც პავილიონების მჭიდროდ განლაგებული კონგლომერატი "ნაკლებ ცივილიზებულ" ხალხებს წარმოაჩენდა. მათ შორის იდგა ეშმაკის ბორბალი, საიდანაც ექსპოზიციისა და ქალაქის წარმტაცი ხედი იშლებოდა.

რიჩარდსონი

ჰობსონ რიჩარდსონი. მარშალ ფილდის საბითუმო ვაჭრობის მაღაზია, ჩიკაგო, 1885-1887

მეორე ამერიკელი არქიტექტორი, რომელიც პარიზის ნატიფი ხელოვნების სკოლაში სწავლობდა, ჰენრი ჰობსონ რიჩარდსონი (Henry Hobson Richardson, 1838-1886) იყო. რიჩარდსონი ლუიზიანაში დაიბადა და ჰარვარდსა და თულეინში სწავლობდა. 1865 წელს პარიზიდან დაბრუნების შემდეგ, იგი ნიუ იორკში დასახლდა. თავის ნაგებობებში იგი სხვადასხვა ისტორიულ სტილს იყენებდა, მაგრამ სახელი თავისი მძლავრი, რუსტირებული სტილის არქიტექტურით გაითქვა, რომელიც "რიჩარდსონის რომანული სტილის" სახელით გახდა ცნობილი. 1885 წელს მის მიერ ჩიკაგოში აგებული მარშალ ფილდის საბითუმო ვაჭრობის მაღაზია, იტალიური რენესანსული პალაცოების (როგორიცაა, მაგალითად, პალაცო მედიჩი რიკარდი ფლორენციაში) დიზაინისა და მასშტაბის მიხედვითაა აგებული. მართალია, ბლოკისებური, უხეშად დამუშავებული ქვის ფასადი, თაღოვანი ფანჯრები, დეკორირებული კარნიზი ისტორიული სტილის პრიორიტეტულობას ამჟღავნებს, მაგრამ რიჩარდსონის ეკლექტიკა, მაინც მის ინდივიდუალურ, იოლად ამოსაცნობ სტილად ყალიბდება. რიჩარდსონის სადა და მტკიცე ნაგებობა აღმოჩენად იქცა ახალგაზრდა არქიტექტორებისთვის, რომლებიც ჩიკაგოს 1871 წლის ხანძრის შემდეგ, ქალაქის აღმშენებლობაში იღებდნენ მონაწილეობას. დაახლოებით იმავე დროს, ფოლადის - რკინის იაფი და მტკიცე შენადნობის - ჩამოსხმის ახალმა ტექნოლოგიამ არქიტექტორებს ახალი კონსტრუქციული მოდელების შექმნის შესაძლებლობა მისცა. უილიამ ლე ბარონ ჯენიმ (William Le Baron Jenney, 1932-1907) ფოლადის კარკასის მქონე პირველი შენობა ააგო ჩიკაგოში. მას მიმდევრები მალევე გამოუჩნდა ახალგაზრდა არქიტექტორთა ჯგუფის სახით, რომელიც "ჩიკაგოს სკოლის" სახელით ხდება ცნობილი. ქალაქში მიწებზე ფასის სწრაფმა ზრდამ მრავალსართულიანი შენობების საჭიროება შექმნა, რომელთა აგება ფოლადის კონსტრუქციის მასიურად გამოყენებამ და 1880-იან წლებში ლიფტის გამოგონებამ გახადა შესაძლებელი.

სალივანი

ლუის სალივანი. უეინრაითის შენობა, სენთ ლუისი, მისური, 1890-1891

ახალი სამშენებლო მასალითა და გაუმჯობესებული სამგზავრო ლიფტით აღჭურვილი, პარიზის ნატიფ ხელოვნებათა სკოლის ისტორიციზმის რიჩარდსონისეული ხედვითა და ახალი ეკონომიკური მოსაზრებებით ინსპირირებული ჩიკაგოს სკოლის არქიტექტორები, არა მხოლოდ ახალ არქიტექტურულ სტილს, არამედ ახალი ტიპის შენობებს - ცათამბჯენებს ქმნიან. ამ სტილის ადრეულ მაგალითს ლუის სალივანის მიერ მისურის შტატის ქალაქ სენთ ლუისში აგებული უეინრაითის შენობა წარმოადგენს. სალივანი (Louis Sullivan, 1856-1924) ბოსტონში დაიბადა. ერთი წელი ჯერ მასაჩუსეთსის ტექნოლოგიურ ინსტიტუტში (MIT) სწავლობდა, სადაც შეერთებული შტატების არქიტექტურის პირველი ოფიციალური პროგრამა შეიქმნა; შემდეგ კი სალივანი მოკლე დროის განმავლობაში პარიზის ნატიფ ხელოვნებათა სკოლაში სწავლობდა, სადაც მას ისტორიციზმისადმი ნეგატიური დამოკიდებულება ჩამოუყალიბდა. 1875 წელს იგი ჩიკაგოში დამკვიდრდა, რაც ნაწილობრივ 1871 წლის ხანძრის შემდეგ ქალაქში დაწყებულმა სამშენებლო ბუმმა განაპირობა; 1883 წლიდან კი სალივანი დანიური წარმოშობის ინჟინერთან დანკმარ ადლერთან (1844-1900) იწყებს თანამშრომლობას.

სალივანის პირველ მნიშვნელოვან ცათამბჯენს, უეინრაითის შენობას, ლათინური U-ს მოყვანილობის გეგმა აქვს, რაც შიდა ოფისების კარგად განათებას უზრუნველყოფს. პირველ სართულზე, რომელიც მაღაზიებისთვისაა განკუთვნილი, ფართო, სქელი მინებია ჩასმული. პირველი სართულის თავზე განთავსებული ანტრესოლის კედლებში ასევე დიდი ზომის ფანჯრებია გაჭრილი, აქ განლაგებული მაღაზიის ოფისების ინტერიერების გასანათებლად. ანტრესოლს მოსდევს ოფისებისათვის განკუთვნილი შვიდი სართული მართკუთხა ფორმის ფანჯრებით, შენობის სხვენზე მექანიკური და საყოფაცხოვრებო დანადგარებია განთავსებული. ნაგებობას რიტმულად ჩასმული მრგვალი ღიობებითა და ფოთლოვანი ორნამენტით უხვად შემკული ტერაკოტას რელიეფური ფრიზი აგვირგვინებს, რომელიც ქვის სქელიკარნიზით სრულდება. უეინრაითის შენობის ფასადი მკაფიოდ ასახავს ნაგებობის სამ განსხვავებულ ფუნქციას: ქვემოთ მაღაზიებია, შენობის შუა ნაწილი ოფისებს უჭირავს, ზედა სართული კი საყოფაცხოვრებო მექანიკურ დანადგარებს ეთმობა. ეს შენობა სალივანის მიერ აღიარებულ არქიტექტურის ფილოსოფიას გამოხატავს, რომლის მიხედვითაც "ფორმა მუდამ ფუნქციას მისდევს". ეს იდეა მოდერნისტმა არქიტექტორებმა თავიანთ კრედოდ აღიარეს და ნაგებობის სიბრტყეები ყოველგვარი დეკორატიული ელემენტებისგან გაათავისუფლეს. სალივანმა უეინრაითის შენობის სახით ფუნქციური დიზაინის ნიმუში შექმნა, მაგრამ ნაგებობის არქიტექტურა, ამასთანავე, საკმაოდ გამომსახველიცაა. მაგალითად, კუთხის მსხვილ ბურჯებს არანაირი ფუნქციური დატვირთვა არ აქვს, რადგან შენობის კონსტრუქციულ საფუძველს ფოლადის კარკასი წარმოადგენს, მაგრამ, სამაგიეროდ, მათი საშუალებით ზესწრაფვის შთაბეჭდილება ძლიერდება. მეორე სართულიდან სხვენამდე ფანჯრებს შორის აღმართული შედარებით ვიწრო საყრდენები კიდევ მეტად უსვამს ხაზს შენობის ვერტიკალიზმს. როგორც სალივანი აღნიშნავდა, მაღალი საოფისე ნაგებობა "საზეიმოდ ზეაღმართული, ქედმაღალი და თავისუფალი უნდა იყოს". უეინრაითის შენობაში ეს ყოველივე მცენარეული ორნამენტით დატვირთული ფრიზით სრულდება, რომელიც გარს უვლის ნაგებობას. ფრიზს, ისევე როგორც ფანჯრების გამყოფი სვეტების კორინთულ კაპიტელებს, დეკორატიული ფუნქცია აქვს. საკუთრივ შენობის სამნაწილიანი სტრუქტურა, ანტიკური სვეტის აგებულებას გულისხმობს - ბაზისით, სვეტის ტანითა და კაპიტელით, რაც კლასიკური არქიტექტურის პრინციპების გვიანდელ გავლენებს უნდა მიეწეროს. მოდერნიზმის არქიტექტურა ტრადიციებს სრულად მხოლოდ XX საუკუნეში უარყოფს და ყოველგვარი დეკორისგან თავისუფალ ესთეტიკას შექმნის.

წყარო

ხელოვნების ისტორია XVIII საუკუნიდან დღემდე

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები