ლორთქიფანიძე კირილე
ლორთქიფანიძე კირილე – (ფსევდონიმები: „თერგდალეული“, „თომა კარგარეთელი“), (1839-1919), კრიტიკოსი, პუბლიცისტი, მთარგმნელი, ჟურნალისტი, საზოგადო მოღვაწე. თერგდალეულთა თაობის წარმომადგენელი, ილიასა და აკაკის თანამებრძოლი.
დაამთავრა ქუთაისის გიმნაზია, უმაღლესი განათლება მიიღო პეტერბურგის უნივერსიტეტში. დაპატიმრებული იყო სტუდენტთა მღელვარებაში მონაწილეობისთვის. მისი მსოფლმხედველობის ჩამოყალიბება ხდებოდა ჩერნიშევსკისა და მისი თანამებრძოლების უშუალო ხელმძღვანელობით.
სარჩევი |
პუბლიცისტიკა
60-იანი წლებიდან მოყოლებული „ცისკარში“, „საქართველოს მოამბეში“, „დროებაში“, „შრომაში“, „ივერიაში“, „კრებულში“ კ. ლორთქიფანიძე სისტემატურად აქვეყნებდა პოლემიკური ხასიათის სტატიებს, რომლებშიც არსებითად ავითარებდა რევოლუციონერ-დემოკრატთა მებრძოლ იდეებს ეკონომიკის, პოლიტიკის, ხელოვნების, ლიტერატურისა და ეროვნული პრობლემების ირგვლივ. აქტიურად იყო ჩაბმული თერგდალეულთა საქმიანობაში. დაინტერესებული იყო სალიტერატურო ენის საკითხებით, მუშაობდა ქართული ენის ლექსიკონზე, აქვეყნებდა პედაგოგიური ხასიათის სტატიებს, პოლემიკას აწარმოებდა ქართული ენის დასაცავად რუსი ჩინოვნიკების წინააღმდეგ, ხელმძღვანელობდა სტამბის გამართვას, შეადგინა საკუთარი შრიფტი, ერთხანს რედაქტორობდა „დროებასა“ და „კრებულს“, ხელმძღვანელობდა კულტურულ-საგანმანათლებლო ორგანიზაციებს, უშუალო კავშირი ჰქონდა პეტერბურგისა და მოსკოვის სამეცნიერო დაწესებულებებთან. იყო ჭიათურის შავი ქვის საზოგადოების მუდმივი წევრი და ქუთაისის ბანკის დირექტორი. ჰქონდა სატირული ლექსები.
თარგმანები
კ. ლორთქიფანიძემ თარგმნა ჰ. ბიჩერ სტოუს „ბიძია თომას ქოხი“, ჯ. გრინვუდის „უპატრონო და უსახლკარო ყმაწვილის ცხოვრება“, ჰ. ჰაინეს, რ. ნიკოლის, მ. ჰარტმანის, ვ. ჰიუგოს, ჯ. ლეოპარდის, იუვენალის, რ. ბერნსის, ნ. დობროლიუბოვის, ნ. ნეკრასოვის, ი. ნიკიტინის, წ. ოგარიოვის ნაწარმოებები.
ლიტერატურა
- ნ. ნიკოლაძე, რჩეული ნაწერები, ტ. 1, 1931;
- კ. მეძველია, თერგდალეული კირილე ლორთქიფანიძე, 1965.