სელი (ურმის სახეობა)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სელი − ურმის სახეობა, შერეული ტიპის გორვისა და სრიალის პრინციპზე დაფუძნებული სატვირთო ტრანსპორტის საზიდის სახეობა, რომლის კონსტრუქციაც მთაგორიან სამეურნეო-გეოგრაფიულ პირობებთან იყო შეხამებული, სადაც ტვირთის ტარება აღმართსა და დაღმართში უხდებოდათ.

სელი ქართული ხალხური სახმელეთო ტრანსპორტის, კერძოდ, აჭარის ხალხური ტრანსპორტის ისტორიაში განსაკუთრებული მნიშვნელობის იყო. ეს მჟღავნდებოდა, როგორც მის კონსტრუქციაში, ისე ფუნქციურ გამოყენებაში და მასთან დაკავშირებულ ტერმინოლოგიაში. იგი უთვალო, ზოგჯერ, ბორბლიანი მარხილის მსგავსი ურემი იყო. მთის პირობებში გავრცელებული აჭარული სელის ღერძ-ბორბლები სელის ზესადგარის უკანა ნაწილში იყო მოთავსებული, რის გამოც ვაკე თუ დაღმართ ადგილებში „ადგმული”, დატვირთული სელის ტვირთის სიმძიმე საზიდის წინა მცურავ ფეხებზე − „საცურავებზე” მოდიოდა. ამ გზით გამწევ ძალას − ხარებს ტვირთის გაწევა უადვილდებოდა. ხარების შეჩერების შემთხვევაში საცურავები ერთგვარი მუხრუჭის ფუნქციასაც ასრულებდა.

აჭარაში სელი როგორც ბორბლიან, ისე უბორბლო საზიდსაც ეწოდებოდა. სელში უღელი საზიდს ხელნების საშუალებით უერთდებოდა. თვლების ოსტატები ხით ხუროობაში ცალკე დახელოვნებული მეგოგრეები იყვნენ. რაც შეეხება „ზესადგარის” (ჩარდაღის) დამუშავებას, იგი რთული არ იყო და მისი გაკეთება რიგით ოსტატსაც შეეძლო. სელის ბორბალი „ხუნდისაგან”, იგივე, „თოფისაგან”, „მორგვისაგან”, „სოლებისაგან” − „ჭაღებისაგან” და „ფერსოსაგან” შედგებოდა.

ხუნდი სელის ბორბლის მთავარი ნაწილი იყო, რომლის კარგად გამოყვანაზე ბობრბლის მუშაობა დიდად იყო დამოკიდებული. ზემო აჭარის ღორჯომის ხეობაში ხუნდის დასამზადებლად სპეციალური „ხუნდი-ჩარხები” არსებობდა. შავად დამუშავებული ხუნდის ქოფიტის გამოჩარხვაში ორი პირი მონაწილეობდა. ერთს ჩარხის ბორბალი მოძრაობაში მოჰყავდა, რომლის ღერძზე ქოფიტი იყო წამოცმული, ოსტატი კი სპეციალური გრძელი „რანდით” − შალაშინით ხუნდს ხვეწავდა. ასეთ ჩარხებზე პატარა ზომის ხის ჯამ-ჭურჭელსაც ამზადებდნენ. ჩარხებს ჭაღების გასასწორებელი „დეზგარი” ახლდა. აჭარის სხვა ხეობაში, მაგალი- თად, სხალთის ხეობაში, ხუნდის დასამზადებლად ხის ჭურჭლის სახვეწად განკუთვნილ წყლითმბრუნავ „ჩარხ-ბორბალებს” იყენებდნენ. ასეთი ჩარხები მოწყობილი იყო საწისქვილე წყლებზე, ასევე, ტყის ზოლის განაპირა ღელეებზე. სელის ბორბლების შემადგენელი ნაწილები − ხუნდები, ჭაღები და ფერსოები სხვადასხვა ხისაგან მზადდებოდა, სახუნდედ კი უფრო თელის ხეს არჩევდნენ. ჩარხზე გამოყვანის შემდეგ, ხუნდზე „საჭაღე” და „სამაზე” ნახვრეტების ადგილებს ბაწრით მოზომავდნენ, კერძოდ, ხუნდის ზომის ბაწარს შუაზე გაკეცავდნენ და ხუნდის ცენტრს ისე მოზომავდნენ. ცენტრიდან თანაბარი მანძილით დაშორებულ ორ წრეს შემოავლებდნენ, წრეებს შორის კი − რვა ანდა თორმეტ ჭაღს დაასხამდნენ. შემდეგ ხუნდზე, სამაზე ნახვრეტის ადგილს ფარგლით შემოხაზავდნენ და დიდი ბურღით გახვრეტდნენ. ერთ ხუნდს ჩხურით, ხოლო მეორეს ოთკუთხედად სატეხით ამოწმებდნენ, ასე იმიტომ აკეთებდნენ, რომ ერთ ბორბალს ღერძზე ემოძრავა, მეორე კი ყრუდ ყოფილიყო დამაგრებული. დაღმართზე, მოსალოდნელი საფრთხის შემთხვევაში, შეიძლება მოძრავი თვლის „ჯაჭვით ჩაკვრა” და სელის მთლიანად სრიალზე გადაყვანა. ასე მორგებული თვლები, ამავე დროს, გამწევ ძალას მოსახვევში სელის შემობრუნებას უადვილებდა. მოხვევის დროს მოძრავი თვალი გორავდა, ხოლო უძრავი ადგილზე იყო გაჩერებული. სელის ბორბალი იმავე წესით მზადდებოდა, როგორც ურმისა, მისი შემადგენელი ნაწილებიც იმავე სახელებით აღინიშნებოდა:ხუნდი (მორგვი), ჭაღი (სოლი), ფერსო. ხუნდი ხის სახარატო დაზგაზე, რო- გორც აღინიშნა, თელის ხისაგან მზადდებოდა, სხვა ნაწილების (მაზი, ჩრდახნი, ხელნი იგივე, მკლავი. ფეხი) დასამზადებლად კი - ლეკის, უხრავის, ნეკერჩხლის, მუხის ხეს ამჯობინებდნენ.

სახმელეთო ტრანსპორტის (სელი, მარხილი, ცალმარხილა, ურემი) ერთ-ერთი აუცილებელი ელემენტი უღელი რომელიც სხვადასხვა მერქნისაგან (ცაცხვი, თელა, ლეკი, ნაძვი, არყი) კეთდებოდა. უღლის ტაბიკებად ტრადიციულად მიღებული იყო პანტა ხე (ვაშლი, შინდი, ბალი, წყავი), რომელიც მეტი გამძლეობისა იყო. ხალხი პანტა ხის ტაბიკებს გათვალვის საწინააღმდეგო თვისებებსაც მიაწერდა. უღლის აპეურებად ცაცხვის ქერქის ანდა კანაფისაგან დაგრეხილ თოკებს იყენებდნენ.

სახმელეთო საზიდ საშუალებათა ნაირსახეობა და მისი დამზადება აჭარაში განპირობებული იყო მთისა და ბარის ბუნებრივ-გეოგრაფიული და მეურნეობრივი თავისებურებებით და, ძირითადად, ადგილობრივ მოთხოვნილებას აკმაყოფილებდა, შესაბამისად, ამ არეში სამეურნეო-გეოგრაფიული პირობების მიხედვით სელის კონსტრუქციას კონკრეტული თავისებურება ახასიათებდა. აჭარაში გავრცელებული სახმელეთო ბორბლიანი, უბორბლო და შერეული ტიპის ტრანსპორტის გეოგრაფიული არეალი სამხრეთ საქართველოს დასავლეთი ნაწილი იყო. აჭარის გარდა იგი სამცხეში გვხვდებოდა, სადაც „ურმის” სახელწოდებასაც ატარებდა. აჭარული სელი კონსტრუქციულად სამცხეში გავრცელებული სელისაგან განსხვავდებოდა. იგი სამცხეში გავრცელებულ სელთან შედარებით პატარა იყო. მათ შორის განსხვავებას იმით ხსნიან, რომ აჭარულ ბორბლიან სელში ღერძბორბლები ზედასადგარის უკანა ნაწილში იყო მოთავსებული, რის გამოც საზიდის ფეხებს მეტი დაწოლა ჰქონდა. სამცხურ საზიდში კი ღერძი ზედსადგარის შუა ნაწილზე მოდიოდა და, ამდენად, ფეხებზე დაწოლაც ნაკლები იყო. ამასთან, კონსტრუქცია მიწაზე თრევის გაიოლებას და დამუხრუჭებას ემსახურებოდა. ამგვარი განსხვავება, გამოწვეული იყო გამოყენების არეების სხვადასხვაობით. ეს ფაქტი იმაზეც მეტყველებს, რომ სელის მკეთებელი ოსტატები კუთხის ბუნებრივ-გეოგრაფიულ თავისებურებებს ითვალისწინებდნენ და სელის აგებულებაც მასთან შესაბამისობაში მოჰყავდათ. ამრიგად, როგორც ვხედავთ, სელი შერეული ტიპის ხალხურ საზიდ საშუალებასაც განეკუთვნებოდა, რომელშიც გორვა-სრიალის პრინციპი იყო შეერთებული, რითაც იგი დასავლეთ საქართველოს მთაგორიან ადგილებში (იმერეთი, რაჭა, ლეჩხუმი, სამეგრელოს მთიანი ნაწილი) გავრცელებულ „აჩაჩა ურემთან” ახლოს იდგა, უფრო ზუსტად, სელი ახლო იდგა აჩაჩა ურემთან იმ მხრივ, რომ აქაც თრევა-სრიალი ურმის წინა ნაწილით, ხოლო უკანა ნაწილით − გორვა ხორციელდებოდა. თუ აჩაჩა ურემში სასრიალო მოწყობილობა ფრჩხილები იყო, რომელთა ბოლო მიწაზე ეთრეოდა, ხოლო თავი უღელს უერთდებოდა, ბორბლიან სელში საზიდის წინა ნაწილში სკამის ფეხის მსგავსად თრევის მოვალეობას შედგმული ფეხები − საცურავები ასრულებდა. ამდენად, სელის ფეხები, როგორც სათრევი ნაწილი, ერთსა და იმავე დროს საზიდისა და გამწევი ძალის შემაერთებელი კი არ იყო, არამედ, როგორც ცალკე შემადგენელი ნაწილი ისე იყო გამოყოფილი. აქედან, როგორც ითქვა, კარგად ჩანს, რომ რადგან აჭარულ ბორბლიან სელში ღერძ-ბორბლები ზესადგარის უკანა ნაწილში იყო ჩადგმული, სწორედ ამის გამო საზიდის ფეხებს მეტი ტვირთი აწვებოდა, მესხურ − სამცხურ საზიდში კი ღერძი თითქმის ზესადგარის შუა ნაწილში იყო ჩართული და ფეხებზე − საცურავებზე ნაკლები დაწოლა მოდიოდა. ამის გამო ასეთ საზიდს ფეხები ცალკე ჰქონდა და მას მომხმარებლები სელს საჭიროების შემთხვევაში მიამაგრებდნენ.

აჭარაში საზიდის ეს სახეობა, როგორც აღინიშნა, საგრძნობლად პატარა ზომის იყო, ხოლო ზემო ქართლში იგი სულ უფრო და უფრო იზრდებოდა და ჩვეულებრივი ქართული ურმის სიდიდეს აღწევდა. აჭარული სელის პირველი, თუმცა არასრული აღწერა თედო სახოკიამ მოგვცა, რომელსაც ღორჯომის ხეობაში მოგზაურობის დროს იგი თავად უნახავს. თედო სახოკია წერდა: „უღელი ხარით შებმული, სელი ჩვენებური ურმის მაგიერია, მარხილის მსგავსი, თვლები არა აქვს. თვლებიანიც არის, მაგრამ ასეთი ურმები დაბლებია ძალზე და თვალიც მტკაველ-ნახევრის განისაა. ასეთი ურმები უფრო კარგ გზებზე დადის. აქაური სელით ათი ფუთის სიმძიმეს თუ წაიღებს ხარები აქაურ აღმართიან გზებზე”: სელი, უღელი ხარით შებმული.



ლიტერატურა

სახოკია, 1985:204-205; გეგეშიძე, 1956:89-96; 2008; ნიჟარაძე, 1948; კახიძე, 1979:33; 1990:66; 2009:408411; დავითაძე, 1972:79, 87; 1983:29-37; ქართული მატერიალური კულტურის... 2011.

წყარო

ქართველი ხალხის ეთნოლოგიური ლექსიკონი აჭარა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები