ადლერი ალფრედ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ადლერი ალფრედ

ადლერი ალფრედ - Adler Alfred, Адлер Альфред, 1870-1937

ავსტრიელი ექიმი და ფსიქოლოგი, ინდივიდუალური ფსიქოლოგიის შემქმნელი. ვენის უნივერსისტეტის დამთავრების შემდეგ საექიმო პრაქტიკა დაიწყო, რომელმაც მალე მიიყვანა ნევროლოგიამდე და ფსიქიატრიამდე. ადლერი გაეცნო ზ. ფროიდის ნაშრომებს, დაუახლოვდა მას და შევიდა 1902 წელს დაარსებულ „ფსიქოანალიზურ წრეში”. მალე ადლერი ფროიდის ერთერთი უახლოესი თანამოაზრე გახდა. მასზე ფროიდი განსაკუთრებულ იმედებს ამყარებდა. მაგრამ 1907 წლიდან დაიწყო თეორიული უთანხმოება ადლერისა და ფროიდს შორის, რაც ძირითადად ფროიდის შეხედულებათა პანსექსუალურობით იყო გამოწვეული. მიუხედავად ამისა, 1910 წელს ადლერი ვენის ფსიქოანალიზური საზოგადოების პრეზიდენტად აირჩიეს.


1911 წელს ფროიდმა და ადლერმა საბოლოოდ გაწყვიტეს ურთიერთობა. ადლერმა ორიგინალური კონცეფციის შექმნა დაიწყო და ფსიქოანალიტიკოსთა ახალი ჯგუფი ჩამოაყალიბა, რომელიც შემდგომში ინდივიდუალური ფსიქოლოგიის ასოციაციად გარდაიქმნა. პირველი მსოფლიო ომის დროს ადლერი სამხედრო ჰოსპიტალს ხელმძღანელობდა. ომის შემდეგ იგი დაინტერესდა ბავშვის აღზრდის პრობლემებით და 1920-იან წლებში ვენაში დააარსა ბავშვებისა და მშობლების საკონსულტაციო ცენტრების (კლინიკების) ქსელი, რომელშიც ერთობლივად მუშაობდნენ ექიმი, ფსიქოლოგი და სოციალური მუშაკი. მოგვიანებით ასეთი კლინიკების სხვა ქვეყნებშიც გაიხსნა, რამაც ადლერს მსოფლიო სახელი მოუტანა. ადლერის პოპულარობა სულ უფრო იზრდებოდა. ინდივიდუალური ფსიქოლოგია საერთაშორისოდ აღიარებული გახდა, ჩატარდა კონგრესები, გამოიცა ჟურნალები. უკვე 1926 წლიდან ადლერი ნიუ-უორკის კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორი გახდა, ხოლო 1932 წელს ადლერი ოჯახით საბოლოოდ გადავიდა საცხოვრებლად აშშ-ში. 1937 წელს იგი შოტლანდიაში მოულოდნელად გარდაიცვალა, ევროპაში სალექციო ტურნეს დროს.

ა. ადლერის თანახმად, ადამიანის ქცევის მამოძრავებელი ძალა ანუ მოტივაცია სათავეს ადრეული ბავშვობისდროინდელი უსუსურობისა და არასრულფასოვნების განცდიდან იღებს, რომელიც თავის დაძლევის ტენდენციას წარმოქმნის. ეს ტენდენცია-მისწრაფება უპირატესობის მოპოვებისა და ძალაუფლების სოციალური მისწრაფების სახით ყალიბდება. მისი გავლენით არასრულფასოვნება კომპენსირდება, ზოგჯერ კი ზედმეტად კომპენსირდება {სუპერკომპენსაცია}. კომპენსაციის მექანიზმებს, ინდივიდუალური ცხოვრების სტილის სახით, სკოლამდელ ბავშვობაში, ყრმობაში ეყრება საფუძველი. ყოველგვარი ფსიქიკური გადახრა წარუმატებელი კომპენსაციის შედეგია. ფსიქოთერაპია უნდა დაეხმაროს პაციენტს, თავად შეცვალოს არაადეკვატური ცხოვრების სტილი, და მაშასადამე, საკუთარი თავი {ინდივიდუალური ფსიქოლოგია}.

ა. ადლერის თეორიას ხშირად აკრიტიკებენ იმის გამო, რომ მასში, ფროიდისეული პანსექსულურობის ნაცვლად, ძალაუფლებისკენ მისწრაფებაა აღიარებული ადამიანის მოტივაციის მთავარ (თუ სულაც ერთადერთ ნამდვილ) მდგენელად. მაგრამ ეს კრიტიკა უსაფუძვლოა. ერთი მხრივ, ძალაუფლების, თვითდამკვიდრებისა და სოციალური აღიარების, პრესტიჟის მოთხოვნილება მართლაც ადამიანის ერთერთი ძირითადი მოთხოვნილებაა, ისევე როგორც ფროიდისეული სქესობრივი მოთხოვნილება {მოთხოვნილებათა იერარქია}. მეორე მხრივ, ადლერი, ყოველ შემთხვევაში გვიანდელ ნაშრომებში, სულაც არ მიიჩნევდა, რომ საკუთრივ ძალაუფლების მოთხოვნილება, როგორც ასეთი, მთავარი მოთხოვნილებაა. ძალაუფლებისაკენ მისწრაფება მისთვის, არსებითად, თვითგანხორციელების, ზოგადად მიღმასწრაფების გამოვლინებაა. უბრალოდ, ადლერს არ უკვლევია ზოგადად თვითგანხორციელება და სხვა ძირითადი მოთხოვნილებანი, მისი თეორია ძირითადად არასრულფასოვნების განცდითა და ამის კომპენსაციით - ძალაუფლებისკენ მისწრაფებით იფარგლება. (ჩანამატის ავტორი ზურაბ ვახანია).

წყარო

ფსიქოლოგიის ქართული ლექსიკონი
სტატიის ავტორი - ირაკლი იმედაძე, დიმიტრი უზნაძის სახელობის საქართველოს ფსიქოლოგთა საზოგადოება.
ლექსიკონი შეიქმნა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტით.

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები