კეტელი რაიმონდ ბერნარდ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „კეტელი რაიმონდ ბერნარდ“ გადაიტანა გვერდზე „რაიმონდ კეტელი“)
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „რაიმონდ კეტელი“ გადაიტანა გვერდზე „კეტელი რაიმონდ ბერნარდ“ გ...)

12:19, 23 სექტემბერი 2019-ის ვერსია

კეტელი რაიმონდ ბერნარდ

კეტელი რაიმონდ ბერნარდ - Cattell Raymond Bwrnard, Кеттел Реймонд Бернар, 1905-1998

ინგლისელ-ამერიკელი ფსიქოლოგი, დიფერენციალური ფსიქოლოგიის ცნობილი წარმომადგენელი, კერძოდ პიროვნების თვისებების, მოტივაციისა და ნიჭიერების მკვლევარი. პიროვნების 16-ფაქტორიანი მოდელისა და მრავალი დიაგნოსტიკური მეთოდიკის ავტორი. სადოქტორო დისერტაცია დაიცვა ფაქტორული ანალიზის ერთერთი შემქნელის, ჩ. სპირმენის ხელმძღვანელობით ლონდონის უნივერსიტეტში (1929). მუშაობდა ფსიქიატრიული კლინიკის დირექტორად. 1930-იანი წლების მიწურულს აქტიურად თანამშროლობდა ამერიკულ უნივერსიტეტებთან, 1941 წლიდან ჰარვარდში მუშაობდა, სადაც დაუახლოვდა გამოჩენილ პერსონოლოგებს გ. ოლპორტს და ჰ. მიურეის. სამი ათეული წელი იყო პროფესორი ილინოისის უნივერსიტეტში და ხელმძღვანელობდა პიროვნებისა და ჯგუფური ქცევის შემსწავლელ ლაბორატორიას.

რ. კეტელის თანახმად, პიროვნება პიროვნული თვისებების (ნიშნების) სისტემაა. არსებობს პიროვნების თვისებათა ორი სახეობა: ზედაპირული და სიღრმივი (საერთო). უკანასკნელნი ქმიან პიროვნების რეალურ სახეს და, თავის მხრივ, იყოფა ტემპერამენტის, უნარებისა და მოტივაციურ თვისებებად. პირველი ეხება ადამიანის ემოციური ცხოვრების თავისებურებებს; მეორე - მის უნარიანობას (მათემატიკურ, მუსიკალურ, მხატვრულ თუ სხვა ნიჭს) (მრავლობითი უნარიანობის თეორია); მესამე - მოტივაციის დინამიკურ და შინაარსობრივ მახასიათებლებს. თავისი ხანგრძლივი შემოქმედებითი ცხოვრების განმავლობაში რ. კეტელმა პიროვნების ყველა გამოკვეთილი ასპექტი იკვლია. ფაქტორულ ანალიზზე დაყრდნობით, მან გამოყო 16 ძირეული პიროვნული თვისება, რომლითაც შეიძლება პიროვნების საერთო სტრუქტურის დახასიათება, მის მიერვე შექმნილი დიაგნოსტიკური ინსტრუმენტების (თვითშეფასების ტესტების) საშუალებით; შეიქმნა შესაბამისი ტიპოლოგია.

რ. კეტელი დიდ ყურადღებას აქცევდა მოტივაციისა და უნართა შესწავლას. მას გამოთქმული აქვს ორიგინალური შეხედულება მოტივაციის ბუნებისა და სტრუქტურის შესახებ. ზრდასრულთა, ბავშვთა, სხვადასხვა კულტურის წარმომადგენელთა მიერ კონკრეტულ სიტუაციებში განხორციელებული მოქმედებებიდან მიღებული მრავალრიცხოვანი მონაცემების ფაქტორული ანალიზის შედეგად, რ. კეტელი მივიდა დასკვნამდე, რომ პიროვნების მოტივაციური სფერო შედგება თანდაყოლილი (ერგები) და შეძენილი (სენტიმენტები) ტენდენციებისაგან. ერგები ქცევის პირველადი და ბუნებრივი აღმძვრელებია (შიმშილი, წყურვილი, სექსი, უსაფრთხოება და ა.შ.). სენტიმენტებს მიკუთვნება მოტივები, რომლებიც უკავშირდება ზნეობას, რელიგიას, კარიერას და ა.შ. საბოლოოდ, ყოველთვის არის შესაძლებელი მათი კავშირის გარკვევა სათანადო ერგებთან; ეს ნიშნავს, რომ მეორადი მოტივების ენერგია პირველადი მოტივებიდან მომდინარეობს. ერგები და სენტიმენტები, როგორც წესი, თანამონაწილეობენ რეალური ქცევის მოტივირების პროცესში. ხოლო უნარები, რ. კეტელის თანახმად, იერარქიუალადაა ორგანიზებული. პირამიდის თავში ზოგადი უნარებია; მომდევო დონეზეა უფრო კერძო, უფრო ვიწრო მოცულობის უნარები; პირამიდის ძირში კი განთავსებულია სპეციფიკური უნარები. ემპირიული მონაცემების საფუძველაზე რ. კეტელი ამტკიცებდა, რომ არსებობს პირველად უნართა 20, ხოლო მეორად უნართა 6 სახეობა.

ფსიქოლოგიაში საბუნებისმეტყველო პარადიგმის ერთერთი ყველაზე პრინციპული მომხრე, რ. კეტელი დაჟინებით ცდილობდა, დაემტკიცებინა მის მიერ გამოვლენილი ელემენტების რეალური არსებობა პიროვნების სტრუქტურაში. ამისთვის სტატისტიკურ ანალიზს გადიოდა კროსკულტურული და ონტოგენეზისური კვლევის შედეგები, ბუნებრივ პირობებში მიმდინარე ქცევის პროგნოზირებისა და ტყუპების მეთოდით ჩატარებული მრავალრიცხოვანი კვლევების მონაცემები. ყოველივე ამის საფუძველზე რ. კეტელი მივიდა დასკვნამდე, რომ მის მიერ გამოყოფილი პიროვნული თვისებები/ნიშნები ნამდვილად არსებობს, რომ შესაძლებელია მათი გაზომვა და, შესაბამისად, რეალური ქცევის წინასწარმეტყველება.

წყარო

ფსიქოლოგიის ქართული ლექსიკონი
სტატიის ავტორი - ირაკლი იმედაძე, დიმიტრი უზნაძის სახელობის საქართველოს ფსიქოლოგთა საზოგადოება.
ლექსიკონი შეიქმნა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტით.

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები