ოლპორტი გორდონ ვილარდ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ოლპორტი გორდონ ვილარდ

ოლპორტი გორდონ ვილარდ - Allport Gordon Willard, Олпорт Гордон, 1897-1967

გამოჩენილი ამერიკელი ფსიქოლოგი თითქმის სულ ჰარვარდის უნივერსიტეტში მოღვაწეობდა. იქ მიიღო ფსიქოლოგის დოქტორის წოდება 1922 წელს. მისი დისერტაცია პირველი ნაშრომი იყო აშშ-ში, რომელიც პიროვნების თვისებებს მიეძღვნა და რომელთა შესწავლას ოლპორტი მთელი ცხოვრების განმავლობაში განაგრძობდა. იმავე წელს, ჰარვარდში მიღებული სტიპენდიის წყალობით, ოლპორტი ევროპაში გაემგზავრა, სადაც ორი წლის განმავლობაში გადიოდა სტაჟირებას ბერლინში, ჰამბურგსა და კემბრიჯში ფსიქოლოგიის ისეთ მეტრებთან, როგორებიც იყვნენ მ. ვერთჰაიმერი, ვ. კელერი, ვ. შტერნი და ჰ. ვერნერი. ჰარვარდში დაბრუნებული ოლპორტი სიკვდილამდე უაღრესად ნაყოფიერ სამეცნიერო და პედაგოგიურ საქმიანობას ეწეოდა. იგი იყო ამერიკის ერთერთი ყველაზე თვალსაჩინო და აღიარებული ფსიქოლოგი, მრავალი ასოციაციისა თუ საზოგადოების წევრი, ამერიკის ფსიქოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტი (1939). მიიღო ამ ასოციაციის ყველაზე პრესტიჟული ჯილდო - „მეცნიერებაში გამორჩეული წვლილისთვის”. მის უშუალო მოწაფეთაგან ყველაზე ცნობილები არიან: ჯ. ბრუნერი, ფ. ვერნონი, გ. ლინდსეი, ს. მილგრემი, ლ. პოსტმანი, რ. უაიტი.


ოლპორტის ფართო მეცნიერული ინტერესები მოიცავს პიროვნების ფსიქოლოგიას (მან შეიმუშავა ცნება „პროპრიუმი“), ზოგად და სოციალურ ფსიქოლოგიას, განათლებისა და რელიგიის ფსიქოლოგიას, ფსიქოლოგიის ისტორიას და მეთოდოლოგიას. მის მიერ შექმნილმა პიროვნების დისპოზიციურმა კონცეფციამ {დისპოზიცია} დასაბამი მისცა პიროვნების თვისებების ფსიქოლოგიის მიმართულებას. ამასთან, ოლპორტი იყო ჰუმანისტური ფსიქოლოგიის დაფუძნების ერთერთი ინიციატორი და ჰუმანისტურ ფსიქოლოგიასთან კავშირი არასდროს გაუწყვეტია. მაგ., მოწიფულ პიროვნებას ახასიათებს: „მე”-ს ფართო საზღვრები; აქვს გულთბილ, გულითად სოციალურ ურთიერთობათა უნარიანობა; ავლენს თვითგაგებას, დარწმუნებულობას; აქვს რეალობის ჯანსაღი გრძნობა; თვითშემეცნების უნარიანობა; იუმორის გრძნობა; ცხოვრების მთლიანობითი ფილოსოფია. ამ საკითხში ადვილი გასავლებია პარალელები თვითაქტუალიზებული პიროვნების დახასიათებასთან ა. მასლოუს მიერ.

ოლპორტმა შესამჩნევი კვალი დატოვა ფსიქოლოგიის მეთოდოლოგიაში. ოლპორტი, ალბათ, ყველაზე უფრო შეგნებული და თანმიმდევრული ეკლექტიკოსი იყო ფსიქოლოგიის ისტორიაში {ეკლექტიზმი}. თავის მსჯელობებში იგი თავისუფლად უხამებდა ერთმანეთს ფილოსოფიის, სოციოლოგიის, ფილოლოგიისა თუ თეოლოგიის დარგებიდან აღებულ ცნებებს. ჰარვარდის უნივერსიტეტში ოლპორტმა დააფუძნა სოციალურ ურთიერთობათა დეპარტამენტი, რომელშიც ფსიქოლოგების, სოციოლოგებისა და ანთროპოლოგების გაერთიანებული კვლევები ტარდებოდა. ოლპორტი სისტემური ეკლექტიზმის თვალსაზრისის ავტორია. ესაა ერთ-ერთი მცდელობა ფსიქოლოგიის კრიზისის დაძლევისა, ფსიქოლოგიის გაერთიანებისა ყველა რაციონალური იდეისა თუ პრინციპის ინტეგრაციის საფუძველზე. თავად ოლპორტი პიროვნების შესწავლისას ე.წ. იდეოგრაფიული მიდგომის მომხრე იყო და კველევებში მიმართავდა კონტენტანალიზს - წერილების, დღიურების, დებულებებისა და სხვა ტექსტების ანალიზს, ანუ იმისა, რაც ერთეული ინდივიდის უნიკალურობას ახასითებს. ამასთანავე, ზოგად ფასეულობებთან პიროვნების თვისებების კავშირის გამოსავლენად, ე. შპრანგერისეულ ფასეულობითი დისპოზიციების ტიპოლოგიაზე დაყრდნობით, ვერნონთან ერთად, შეიმუშავა არსებითად ნომოთეტური მეთოდიკა - პიროვნების ფასეულობათა (ღირებულებათა) კვლევის ცნობილი ტესტი.

წყარო

ფსიქოლოგიის ქართული ლექსიკონი
სტატიის ავტორი - ირაკლი იმედაძე, დიმიტრი უზნაძის სახელობის საქართველოს ფსიქოლოგთა საზოგადოება.
ლექსიკონი შეიქმნა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტით.

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები