ტოპონიმიკური ლექსიკონი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ტოპონიმიკური ლექსიკონი – სპეციალური ლექსიკონი, რომელშიც თავმოყრილია (და ზოგჯერ გამოკვლეულიც) ტოპონიმები. ამ ტიპის ლექსიკონების მომზადებასა და გამოცემას საქართველოში, დასავლეთ ევროპის ქვეყნებისაგან განსხვავებით, არც თუ ისე დიდი ხნის ისტორია აქვს. ამგვარ კვლევა-ძიებას ბიძგი მისცა XVIII-XIX სს. სწავლულ-განმანათლებლების – ვახუშტი ბატონიშვილის „საქართველოს სამეფოს აღწერამ“ და იოანე ბატონიშვილის „ქართლ-კახეთის აღწერამ“, რომლებშიც შუა და გვიანფეოდალური ხანის საქართველოს გეოგრაფიული ნომენკლატურის სრული ნუსხაა წარმოდგენილი. აღნიშნულ ნაშრომებში ტოპონიმიკური მასალა რეგიონალური პრინციპით (მთავარი ხეობებისა და მხარეების შესაბამისად) არის მოწოდებული. საგულისხმოა, რომ ვახუშტი და იოანე ბატონიშვილების ზემოხსენებულ ნაშრომებს თავიანთი შემეცნებითი ღირებულება დღემდე არ დაუკარგავთ.

XX ს. დასაწყისშივე თბილისში მოღვაწე რუსმა მხარეთმცოდნემ კ. თ. ჰანმა შეადგინა და იმ პერიოდის რუსულენოვან კრებულში „Сборник матерялов для описания местностей и племень Кавказа“, 40, 1909) გამოაქვეყნა ვრცელი ტოპონიმიკური ლექსიკონი სათაურით – „Опыт объяснения кавказских географических названий“, რომელშიც საქართველოს ქალაქებისა და მდინარეების სახელწოდებათა ეტიმოლოგიური ახსნა-განმარტების ცდაც არის მოცემული. კ. ჰანის „ლექსიკონი“ ძირითადად ემყარება ქართველ მემატიანეების (ლეონტი მროველი, ჯუანშერი…), აგრეთვე, ვახუშტი ბატონიშვილისა და შემდგომი ხანის ქართველ სწავლულების (თეიმურაზ ბაგრატიონი, ა. ხახანაშვილი, ი. როსტომაშვილი, ნ. ჩუბინაშვილი, მ. ჯანაშვილი, რ. ერისთავი, პ. იოსელიანი..) ცალკეული ქართული ტოპონიმის სავარაუდო ახსნა-განმარტებებს. „ლექსიკონი“, არაერთი უზუსტობის მიუხედავად, წარმოდგენას ქმნის იმდროინდელი სამეცნიერო დონის შესახებ. XX ს-ის 40-50-იანი წლებიდან მოკიდებული, ერთი მეორის მიყოლებით გამოიცა ცალკეული რეგიონის მასალაზე აგებული ტოპონიმიკური ლექსიკონები, რომელთაგან აღსანიშნავია მ. ჩიქოვანის „ტოპონიმიკური ლექსიკონი“ (1939, მისივე „ტოპონიმიკურ სახელთა წარმოება ლეჩხუმური მასალების მიხედვით“ (1949); მ. ალავიძის „ლეჩხუმური ტოპონიმიკური სახელწოდებანი“ (ქუთაისი, 1958). 1965 გამოქვეყნდა გეოგრაფი სპეციალისტების (გ. და ნ. გეხტმანები, გ. ხარდალიშვილი და ე. მესხი) ერთობლივი სიტყვარ-ცნობარი „გეოგრაფიულ სახელწოდებათა ახსნა-განმარტება“, რომელშიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის უმთავრესი ქალაქების, მდინარეების, ტბების, ზღვების… სახელწოდებებთან ერთად წარმოდგენილია ქართული წარმოშობის გეოგრაფიული სახელები ეტიმოლოგიითურთ.

1958-59 გამოიცა ი. სიხარულიძის მონოგრაფიული გამოკვლევა „სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს ტოპონიმიკა“ (ორ ტომად). ტოპონიმთა სიას ერთვის ვრცელი ახსნა-განმარტებითი მიმოხილვა. აღსანიშნავია ცნობილი რუსი ონომატოლოგის, ე. ჩიკონოვის მიერ შედგენილი ნაშრომი „Краткий топономический словарь“ (M., 1961), რომელშიც ორ ათეულამდე ქართული ტოპონიმიც არის განხილული. ქართული მასალის ინტერპრეტირება ძირითადად ქართული სამეცნიერო ლიტერატურაში გამოთქმულ ვარაუდებს ემყარება. ტოპონიმიკური ლექსიკონების მომზადებასა და გამოცემაში მნიშვნელოვან შედეგებს მიაღწია თსუ ახალი ქართული ენის კათედრასთან 1969 დაარსებულმა ტოპონიმიკის ლაბორატორიამ პროფ. ფ. ქრთველიშვილის ხელმძღვანელობით. 2001-თვის ონომასტიკის სამეცნიერო-კვლევითი ლაბორატორიის თანამშრომლების მიერ გამოცემული იყო რამდენიმე ტოპონიმიკური ლექსიკონი, რომელთაგან აღსანიშნავია:

საქართველოს სსრ ტოპონიმია, I. ზემო იმერეთი, აკად. შ. ძიძიგურის საერთო რედაქციით. შემდგენლები: ი. ბაქრაძე. შ. აფრიდონიძე, ე. ჯოჯუა, თბ, 1987; საქართველოს ტოპონიმია, II, თბ., 1999 (ინვერსიული ლექსიკონითურთ). შემდგენლები: ს. მელიქიძე, ვ. ჯოჯუა, მ. კემულარია, პ. ცხადაია. მასში წარმოდგენილია ქართლის, ქვემო იმერეთისა და მთიანი სამეგრელოს ჰიდრონიმია. ამავე ლაბორატორიის მეცნ. თანამშრომლებმა შ. აფრიდონიძემ და ფ. მაკალათიამ გამოაქვეყნეს ქართული ოიკონიმების ინვერსიული ლექსიკონი, ვრცელი თეორიული მიმოხილვითა და კომენტარებით („ტოპონიმიკა“, II, თბ., 1980); საქართველოს ტოპონმიის III ტ., 2003. შემდგენლები: შ. აფრიდონიძე, ვ. ჯოჯუა, მ. კემულარია. შეიცავს ქვემო იმერეთის ტოპონიმიის ანბანურ და ინვერსიულ ლექსიკონებს.

რეგიონული ტოპონიმიკური ლექსიკონები გამოაქვეყნეს ფ. მაკალათიამ (ფშავის ტოპონიმია, „ტოპონიმიკა“, I თბ. 1976); გ. ხორნაულმა (მთიულეთ-გუდამაყრის ტოპონიმია, წგ.: მთები და სახელები, თბ., 1983), პ. ცხადაიამ ერწო-თიანეთის ტოპონიმიკური ნომენკლატურა ლექსიკონად გამოაქვეყნა გ. ბედოშვილის გამოკვლევაში – „ერწო-თიანეთის ტოპონიმია“, თბ., 1980. ხევის (ყაზბეგის რ-ნი) ტოპონიმია წარმოდგენილია ვ. ითონიშვილის წიგნში – „ხევის ტოპონიმიკა“, თბ., 1971. აბაშისა და გეგეჭკორის რ-ნების, აგრეთვე სენაკის რ-ნის ტოპონიმია ლექსიკონის სახით 1977 და 1979 გამოსცა გ. ელიავამ. საგანგებო აღნიშვნის ღირსია პროფ. ა. ღლონტის შემკრებლობითი და საგამომცემლო საქმიანობა: „კოლხეთის (სამეგრელოს) ტოპონიმია“ წგ. „ტოპონიმიკური ძიებანი“, I (1971); „მცხეთის ტოპონიმია“ (1975); „ქიზიყის ტოპონიმია“ (1982); „სუფსა-ნატანების ტოპონიმია“ (1993) და სხვ.

ქართულ საისტორიო წყაროებში (სიგელ-გუჯრები, სოციალური და იურიდიული დოკუმენტები, არზები..) გამოვლენილი მასალა დაედო საფუძვლად მნიშვნელოვან ნაშრომს – „მასალები საქართველოს ისტორიული გეოგრაფიისა და ტოპონიმიკისათვის“, I, შემდგენლები: ს. ალექსიძე და შ. ბურჯანაძე, თბ., 1964. ასეეე ისტორიულ დოკუმენტებში დადასტურებული ტოპონიმიის მიხედვით გამოიცა გრ. სარდალიშვილის წიგნი „თბილისისა და მისი მიდამოების ტოპონიმია“ (1978). ფართო აღიარება ხედა წილად ს. ჭუმბურიძის წიგნს „დედაენა ქართული“ (თბ., 1937), რომლებშიც დიდი ადგილი აქვს დათმობილი ქართულ ტოპონიმთა ეტიმოლოგიებს.

მნიშვნელოვანი ნაშრომები შექმნეს აჭარაში მომუშავე ტოპონიმიკის სპეციალისტებმა. მათ შორის აღსანიშნავია მ. ქამადაძის ტოპონიმიკური ნაშრომი (ლექსიკონითურთ) – „ზემო აჭარის ტოპონიმია“ (1993).

გ. ბედოშვილი.

წყარო

ქართული ენა: ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები