ფირცხალავა სამსონ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
01:00, 8 სექტემბერი 2020-ის ვერსია, შეტანილი Echelidze (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სამსონ ფირცხალავა

ფირცხალავა სამსონ გიორგის ძე - (ფსევდ. „სიტყვა“, „კალამი“, „სანვინი“) (3.I.1872, ავტობიოგრაფიული ცნობით: 4.V, სოფ. მათხოჯი, ქუთაისის მაზრ. - 1952) - ქართველი საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწე, პუბლიცისტი, საქართველოს სოციალისტ-ფედერალისტთა პარტიის ერთ-ერთი ლიდერი.

სარჩევი

ბიოგრაფია

პირველდაწყებითი განათლება ხონის ორკლასიან სასწავლებელში მიიღო. 1893 წელს დაამთავრა ქუთაისის გიმნაზია, 1898 წელს პეტერბურგის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. სწავლის წლებში ქართველ სტუდენტთა სათვისტომოს თავმჯდომარეა. 1902-1910 წლებში იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის მდივანი და საქმეთა მმართველი. 1901-1902 წლებში „ივერიაში“ მუშაობის შემდეგ გადავიდა „ცნობის ფურცლის“ რედაქციაში, წერდა საკვირაო ფელეტონებს (მიმოხილვებს), პუბლიცისტურ წერილებს; მონაწილეობდა სოციალისტ-ფედერალისტთა პარტიის ჩამოყალიბების პროცესში. 1905-1907 წლების პერიოდში შედიოდა პარტიის მთავარ კომიტეტში და ერთხანს იყო პარტიის თავმჯდომარის ამხანაგი (მოადგილე). მისი ფაქტობრივი რედაქტორობით გამოდიოდა სოციალისტ-ფედერალისტთა პარტიის ორგანოები „გლეხი“ (1906) და „მიწა“ (1906-1908). 1910 წელს ჟანდარმერიის მიერ სოციალისტ-ფედერალისტთა პარტიის დარბევის დროს დააპატიმრეს და ტვერში გადაასახლეს, საიდანაც 1913 დაბრუნდა. 1917 წლის აპრილში მონაწილეობდა საქართველოს ინტერპარტიული საბჭოს ორგანიზების პროცესში, რომელიც სათავეში ჩაუდგა ეროვნული სახელმწიფოებრიობის აღდგენისათვის ბრძოლას. ნოემბერში მონაწილეობდა საქართველოს პირველ ეროვნულ ყრილობაში, სადაც აირჩიეს ეროვნული საბჭოს (დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ - საქართველოს პარლამენტის) წევრად, სოციალისტ-ფედერალისტთა პარტიიდან. 1919-1921 წლებში დამფუძნებელი კრების წევრია. 1917-1921 წლებში იყო სოციალისტ-ფედერალისტთა პარტიის ცენტრალური ორგანოს, გაზეთ „სახალხო საქმის“ რედაქტორი, რომელშიც ხშირად აქვეყნებდა საპროგრამო ხასიათის სტატიებს („შეიარაღდით“, „კანონიერებისთვის“, „შეთანხმება“, „დამფუძნებელ კრებაზე“, „მიწის საქმე პარლამენტში“, „ბრძოლის ველისკენ“ და სხვ). 1921 წლის 21 თებერვალს ხელი მოაწერა საქართველოს პირველ კონსტიტუციას. 1918 თბილისში გამოაქვეყნა წიგნი: „ეროვნება და ეროვნული თავისუფლება“.

1921 წლიდან გაიხიზნა და ცხოვრობდა ემიგრაციაში, საფრანგეთში. ინტენსიურად ბეჭდავდა წერილებს ქართულ ემიგრანტულ პრესაში. პარიზში გამოაქვეყნა პოლიტიკური და სამეცნიერო ხასიათის წიგნები: „ამბავთა და საქმეთა მოლოდინში“(1935); ისტორიული ლანდები“ (1934); „თამარ მეფე“ (1939); „ქართველთა წინაპრები და მათი მონათესავე ტომები წინა აზიაში“ (1947). 1948 წლის 23 თებერვალს საბჭოთა ხელისუფლების ნებართვით დაბრუნდა სამშობლოში, მუშაობდა საქართველოს ს. ჯანაშიას სახელობის სახელმწიფო მუზეუმში ბიბლიოთეკის გამგედ. 1951 წლის დეკემბერში, იმავე საბჭოთა ხელისუფლების მითითებით დააპატიმრეს და გადაასახლეს შუა აზიაში.

დიმიტრი შველიძე

თხზულებები

ს. ფირცხალავა, მოგონებათა ფურცლები, თბ., 1988.

ლიტერატურა

  • ლ. ნანიტაშვილი, სამსონ ფირცხალავა - რედაქტორი და გამომცემელი. წიგნში: წერილები, თბ., 1981;
  • ლ. ნანიტაშვილი, „ერის წყლული აჩნდა წყლულად“ თბ., 1993;
  • გ. შარაძე, სამსონ ფირცხალავა, წიგნში: „უცხოეთის ცის ქვეშ“. წ. II. თბ., 1993.
  • უ. სიდამონიძე, სამსონ ფირცხალავა, ქსე, თბ., 1986;
  • სცსა, ფ. 1836, აღწ. 1, საქ. 107.

იხილეთ აგრეთვე

წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი‏‎

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები