ფსიქოლოგიური ცვლილებები მოზარდობის ასაკში

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
17:09, 8 ივლისი 2019-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ფსიქოლოგიური ცვლილებები მოზარდობის ასაკში - მოზარდობის ასაკში მნიშვნელოვანი ფიზიკური, ფსიქოსექსუალური, ემოციური და სოციალური ცვლილებები ხდება. ამ პერიოდში ახალგაზრდა ადამიანი ფიზიკურად და სექსუალურად მწიფდება. მისი კოგნიტური უნარები უკვე მოზრდილი პიროვნების დონის შესაბამისია. ამასთან ერთად, ხდება გამოცდილების ინტენსიურად დაგროვება. მოზარდი ცდილობს იპოვოს თავისი იდენტობა, რომელიც ასახავს მის პიროვნებასა და მის ოჯახს და შეესაბამება მის უნარებსა და არსებულ გარემოებებს. ამ პროცესში თანატოლების, მშობლებისა და მასწავლებლების გავლენა ძალიან დიდია.

ნაკლებად განვითარებულ ქვეყნებში მოზარდები მუშაობას იწყებენ და თანდათანობით პასუხისმგებლობის გრძნობა უვითარდებათ. განვითარებულ ქვეყნებში განათლების მიღება გვიან მოზარდობამდე გრძელდება და პასუხისმგებლობის გრძნობა შედარებით გვიან ყალიბდება. ამ ასაკში პიროვნება, ერთი მხრივ, ვალდებულია შეეგუოს საზოგადოებაში დადგენილ წესებს, ხოლო, მეორე მხრივ, ცდილობს იყოს დამოუკიდებელი და თავად დააწესოს თავის ქცევაზე შეზღუდვები. მოზარდობის ასაკის ბევრი პრობლემა სწორედ ამ წინააღმდეგობრივი მოთხოვნილებებითაა განპირობებული. შესაძლებელია, პიროვნებამ პროტესტი გამოუცხადოს საზოგადოებაში არსებულ ნორმებს. ზოგჯერ ეს პროცესები ძალიან ემოციურად და მტკივნეულად ვითარდება, ხოლო, ზოგჯერ სრულიად შეუმჩნეველია. გამოკვლევების თანახმად მეამბოხეობა და მშობლების მიმართ გაუცხოება არ არის დამახასიათებელი მაინცდამაინც საშუალო ასაკის მოზარდებისთვის, თუმცა, შინაგანი ვნებათა ღელვა, დარდი, დაქვეითებული თვითშეფასება და დამოკიდებულების იდეები ახალგაზრდების თითქმის ნახევარს აღენიშნება (Rutter et al., 1976a). ეს განცდები იშვიათად გრძელდება დიდი ხნის მანძილზე და უფროსებისთვის ხშირად შეუმჩნეველია. შესაძლოა, თავი იჩინოს ურთიერთობისა და სექსუალურ ცხოვრებასთან დაკავშირებულმა პრობლემებმა. მოგვიანებით, უფრო ზრდასრულებს საპროტესტო განწყობები უძლიერდებათ და სასწავლებელში სავალდებულო სიარულის ბოლო წლებში ემიჯნებიან სკოლის ცხოვრებას. შესაძლოა, ეს პრობლემები გამოვლინდეს ალკოჰოლის ან ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარების მანქანის ან სხვა სატრანსპორტო საშუალებების (მაგ., მოტოციკლეტის) უპასუხისმგებლო ტარების ან სხვა დესტრუქციული ქცევის სახით.

ალკოჰოლიზმი და ნარკომოხმარება

მოზარდობის ასაკში ნარკომოხმარებისა და ალკოჰოლიზმის პრობლემები ისევე ვლინდება, როგორც მოზრდილებში. ალკოჰოლის ჭარბი რაოდენობით მიღება დამახასიათებელია მოზარდებისთვის, განსაკუთრებით ქცევითი დარღვევების მქონე ახალგაზრდებისთვის. უმეტესობა, ვინც მოზარდობის ასაკში დიდი ოდენობით ალკოჰოლს მოიხმარს, ასაკის მატებასთან ერთად უკლებს სმას. მცირე ნაწილს კი, შემდგომში ალკოჰოლმოხმარების სერიოზული პრობლემები აღენიშნება. უკვე დანერგილია რამდენიმე პრევენციული პროგრამა, თუმცა, მათი ეფექტურობა არ არის დადასტურებული.

მოზარდობის ასაკში ხშირად ხდება ფსიქოაქტიური წამლების პერიოდულად მოხმარება, უპირატესად, ჯგუფურად. განსაკუთრებით ხშირია ჰაშიშისა და ექსტაზის მიღების შემთხვევები. საინიექციო ფორმების გამოყენება გაცილებით იშვიათი და, ჩვეულებრივ, ხანმოკლეა. ამ ასაკში ბარბიტურატების, ამფეტამინების, ოპიატებისა და კოკაინის მიღება შედარებით ნაკლებადაა დამახასიათებელი, მაგრამ უფრო მძიმე შედეგებით გამოირჩევა. ნარკოდამოკიდებული მოზრდილი პირების უმრავლესობას ახალგაზრდობაში ეს პრეპარატები გამოცდილი აქვს. არსებობს მყარი კავშირი ბავშვობაში განვითარებულ ქცევით აშლილობებსა და მოზარდობაში ფსიქოაქტიური ნივთიერების მოხმარებას შორის.

მოზარდების დიდი ნაწილი დროდადრო მოიხმარს ფსიქოაქტიურ ნივთიერებებს და იშვიათად ხდება რეგულარული მომხმარებელი. ის პირები, რომლებიც ეჩვევიან ნარკოტიკული ნივთიერებების მიღებას, უფრო ხშირად დისკორდანტული ოჯახებიდან არიან ან განქორწინებული მშობლები ჰყავთ. ისინი, ჩვეულებრივ, ცუდი მოსწრებით გამოირჩევიან და, უპირატესად, ნარკომომხმარებელი მეგობრები ჰყავთ. ასევე, მნიშვნელოვანია გაუცხოების გრძნობისა და დაბალი თვითშეფასების არსებობა.

გამომდინარე იქიდან, რომ ნარკომოხმარება უფრო ხშირად მოზარდობის პერიოდში იწყება და, შედარებით იშვიათად მოზრდილ ასაკში, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სწორედ ამ ასაკში პრევენციული ღონისძიებების გატარება, თუმცა, მათი ეფექტურობა დღეისთვის დადგენილი არ არის. აშშ-ში შექმნილია ნარკომოხმარების კლინიკები მ ოზარდებისთვის, მაგრამ დამაჯერებელი შედეგების დემონსტრირება ჯერჯერობით ვერ ხერხდება.

სექსუალური პრობლემები

სექსუალობასთან დაკავშირებული წუხილი მოზარდობის ასაკში ჩვეულებრივი განცდაა. უკანასკნელ წლებში იმატა ფსიქიატრიულ დაწესებულებებში სექსუალური ძალადობის ფაქტების შემდეგ მომართვიანობამ.

მნიშვნელოვანი პრობლემაა მოზარდთა ორსულობა. ამ ასაკში უფრო ხშირია ორსულობის შეწყვეტა, ხოლო დანარჩენ შემთხვევებში კი, ორსულობა არასასურველია. პრენატალური გართულებების სიხშირე მოზარდებში ბევრად მომატებულია. მოზარდი დედებისთვის დამახასიათებელია იგივე მშობიარობის შემდგომი ფსიქიკური აშლილობები, რაც ზოგადად არის ცნობილი. არასრულწლოვანი ასაკის დედები იშვიათად ართმევენ თავს თავიანთ მოვალეობებს და მოზარდთა ქორწინებებიც უმეტესად გაყრით მთავრდება. ძალიან მნიშვნელოვანია ორსული მოზარდების გრძელვადიანი სამედიცინო და სოციალური სერვისებით უზრუნველყოფა.


წყარო

ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები