ქიმერა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ქიმერა.
ბრინჯაო (დაახ. ძვ.წ. 480 წ.), ფლორენცია, არქეოლოგიური მუზეუმი

ქიმერა(ბერძნ.) ქალი – ურჩხული. ტიფონისა და ექიდნას ნაშიერი.

ბერძენთა რწმენით, ქიმერა თხისტანიანი და დრაკონისკუდიანი ცეცხლისმფრქვეველი დემონია. მას სამი თავი აქვს: ლომის, თხისა და დრაკონის. მითოსის თანახმად, იგი ხან ლიკიის ბინადარია, ხან ფრიგიისა, ხანაც ეგვიპტის თუ ინდოეთის. მისი მოკვლა ერთადერთმა გმირმა, ბელეროფონმა, შეძლო, ისიც მფრინავი რაშის, პეგასოსის მეშვეობით. აი, როგორ მოხდა ეს: როდესაც ბელეროფონმა პეგასოსი დაიმორჩილა და ათენას ნაჩუქარი ლაგამი ამოსდო, ლიკიის მთებისკენ ისწრაფა. სწორედ იქ ეგულებოდა მას საზარელი ქიმერა, რომლის მოკვლაც მას მეფე იობატოსმა დაავალა. მალე მან თვალი ჰკიდა ცეცხლის ალს. მიხვდა გმირი, რომ ეს ქიმერას ხახათაგან ამოფრქვეული ცეცხლი იყო და ჰაერიდანვე დაუშინა ისრები ურჩხულს. გაშმაგდა ქიმერა და უფრო ძლიერად იწყო ცეცხლის ამოფრქვევა. შავმა კვამლმა დაფარა არემარე, მაგრამ ბელეროფონი არ შემდრკალა, არ შეუწყვეტია ბრძოლა მანამ, სანამ შიგ გულში არ მოახვედრა ისარი ურჩხულს. ერთი საზარლად ამოიღრიალა ქიმერამ და მიწად განერთხა. მისი ხახებიდან კი დიდხანს, დიდხანს ხრჩოლავდა კვამლი.

ვერგილიუსის მიხედვით, ქიმერა ჰადესის შესასვლელთან ბუდობს.

თანამედროვე მეტყველებაში ქიმერა უაზრო გამონაგონი, აღუსრულებული ოცნებაა. ქიმერები უწოდეს გოთურ ტაძრებზე გამოსახულ ფანტასტიკურ ურჩხულებსაც.



წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები