შარვაშიძე გიორგი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
გიორგი შარვაშიძე

შარვაშიძე გიორგი (ფსევდონიმები: „პონტოქსელი“, „გარდახვეწილი“) (1846–1918) — პოეტი, დრამატურგი, თეატრალური კრიტიკოსი, მთარგმნელი. იყო აფხაზეთის მთავრის მემკვიდრე, ეროვნული და სოციალური უსამართლობის წინააღმდეგ მებრძოლი, ეროვნულ საკითხში ილიასა და აკაკის კონცეფციის გამზიარებელი, ძველი ქართული მწერლობის კარგი მცოდნე, ქართული ენის სიწმინდის დაცვის მზრუნველი (ამ მხრივ საგულისხმოა მისი წერილი „ქართული ენის გარშემო“). ფლობდა რუსულ, ფრანგულ, ინგლისურ, გერმანულ ენებს. ყურადღებას იპყრობს გ. შარვაშიძის პუბლიცისტური წერილები აფხაზეთის ისტორიასა და თანადროული ცხოვრების საკითხების გარშემო, რომლებიც გასული საუკუნის 60-იანი წლებიდან ქვეყნდებოდა ქართულ („დროება“, „ივერია“) და საზღვარგარეთულ პრესაში. საყურადღებოა აგრეთვე მისი სათეატრო რეცენზიები (ვ. გუნიას პიესების „და-ძმის“, „რაც არ გერგება - არ შეგერგებას“, ა. ცაგარლის „ციმბირელის“, ა. ჩეხოვის „დათვის“ თაობაზე). ჰქონდა საკუთარი პიესებიც — კომედია „მომაკვდავნი სურათნი“ (რომელიც დაიდგა თბილისში 1881 წ.) და პატრიოტული დრამა „გიორგი მესამე“.

გ. შარვაშიძის ქართულ თუ რუსულ ენებზე შექმნილ ლექსებს, ისევე როგორც მის დრამატურგიას, განსაზღვრავს პატრიოტული მოტივი („ვარადა“, „მამულო“, „შენ იცნობ, ძმაო“, „ლომი“). პოეტი აიდეალებს საქართველოს გარდასულ დიდებას, გამოხატავს წუხილს მისი მომავლის გამო. აღსანიშნავია მისი სატრფიალო ლექსებიც („კითხვა–პასუხი“, „ჩემს გიჟურს ოხვრებს...“).

თხზულებანი

ლირიკა. ეპოსი. დრამა. სოხუმი, 1946.

ლიტერატურა

  • ს. ჯანაშია, გიორგი შარვაშიძე, იქვე.
პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები