ცაგარელი ავქსენტი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ავქსენტი ცაგარელი

ცაგარელი ავქსენტი – (1857-1902), დრამატურგი, მსახიობი, განახლებული ქართული თეატრის ერთ-ერთი მესვეურთაგანი.

სწავლობდა თბილისის სასულიერო სასწავლებელში, შემდეგ — სასულიერო სემინარიაში (არ დაუმთავრებია), მსახურობდა რკინიგზის სამმართველოში. მეუღლესთან (ნ. გაბუნიასთან) ერთად თავის ოჯახში მართავდა ლიტერატურულ საღამოებს, რომლებზეც თავს იყრიდა მოწინავე ინტელიგენცია. მისი ორიგინალური თუ გადმოკეთებული პიესები, პატრიოტული ხასიათის ლექსები, ფელეტონები, მოთხრობები, სცენები იბეჭდებოდა „მოამბეში“, „ცნობის ფურცელში“, „დროებასა“ და „ივერიაში“. მის შემოქმედებაში გამორჩეული ადგილი უჭირავს კომედიებს („რაც გინახავს, ვეღარ ნახავ“, 1878, „ხანუმა“, 1882, „ციმბირელი“, 1888). კომედიებში დაპირისპირებულნი არიან, ერთი მხრივ, გლეხები, ქალაქელი ახალგაზრდობა, ხელოსნები, ყარაჩოხელები, თავისუფალი შეგნებისა და პროფესიის ხალხი და, მეორე მხრივ, მემამულენი, გაფუქსავატებული თავადები, ჯიბესქელი ვაჭრები, სასამართლოს მოხელეები. ა. ცაგარლის დრამებში („ერთი ნაბიჯი წინ“, „მათიკო“, „ცისარტყელა“) ნაჩვენებია სხვადასხვა სოციალური და საზოგადოებრივი ფენების წარმომადგენელთა ხასიათები, კონფლიქტები და წინააღმდეგობანი, აღძრულია ოჯახის პრობლემები.

მისმა პიესებმა თავის დროს საგრძნობი როლი შეასრულეს საზოგადოების აღზრდისა და გათვითცნობიერების საქმეში. დიდი იყო ამ პიესების პოპულარობა უკანასკნელ ხანებამდე, რასაც ხელს უწყობდა ავტორის ცოცხალი იუმორი, ცხოვრების კარგი ცოდნა, სხარტი დიალოგები და ჰუმანური სულისკვეთება. ფრანგი დრამატურგის ს. არნოს პიესიდან გადმოკეთებულმა „ქართველმა დედამ“ საზოგადოებაზე დაახლოებით ისეთივე ზემოქმედება იქონია, როგორიც დავით ერისთავის „სამშობლომ“. ა. ცაგარელის დრამატურგიის თემებზე შეიქმნა ვ. დოლიძის ცნობილი ოპერა „ქეთო და კოტე“, არაერთხელ გადაიღეს მხატვრული ფილმები („ხანუმა“, „ქეთო და კოტე“, „რაც გინახავს, ვეღარ ნახავ“). გადმოკეთებული პიესებიდან აღსანიშნავია „ბაიყუში“, „ოინბაზი“, „დამთხვეული“, ისტორიული პოემა „გულჯავარ ანუ ეპიზოდი ირაკლი მეორის დროიდან“. ა. ცაგარელმა თარგმნა აგრეთვე ა. ოსტროვსკის რამდენიმე პიესა.


თხზულებები

  • დრამატული თხზულებანი, ტ. I-II, ახალი სენაკი. 1895- 97;
  • კომედიები, 1936.

ლიტერატურა

  • ს. ხუციშვილი, ავქსენტი ცაგარელი. 1958;
  • ო. კასრაძე, ავქსენტი ცაგარელი (ბიოგრაფიული ნარკვევი), 1966.
პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები