დოლიძე ვიქტორ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ვიქტორ დოლიძე

დოლიძე ვიქტორ ისიდორეს ძე - (18.VI.1890, ოზურგეთი - 20.V.1933, თბილისი) - ქართული ეროვნული კლასიკური საკომპოზიტორო სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, გიტარისტი, მანდოლინისტი, ლოტბარი, ქართული და ოსური ხალხური სიმღერების შემკრები, პირველი ქართული კომიკური ოპერის ავტორი.

სარჩევი

ბიოგრაფია

დაიბადა ღარიბი გლეხის ოჯახში. ბავშობა სოფელ ლიხაურში გაატარა. 1902 წელს ოჯახთან ერთად თბილისში საცხოვრებლად გადავიდა და კომერციულ სასწავლებელში შევიდა. პარალელურად, მანდოლინაზე დაკვრა ისწავლა. ვირტუოზულად დაეუფლა ინსტრუმენტს და სასწავლებლის მოწაფეებისაგან ჩამოყალიბებულ გიტარისა და მანდოლინის დამკვრელთა ჯგუფს ჩაუდგა სათავეში. ანსამბლთან ერთად ხშირად გამოდიოდა და უკრავდა თბილისის კლუბებში. 1910 წელს თბილისში ჩატარებულ მანდოლინის დამკვრელთა კონკურსში გაიმარჯვა და უმაღლესი ჯილდო - ოქროს მედალი მიიღო. აყალიბებს თვითმოქმედ ანსამბლს, რომლის რეპერტუარშიც ქალაქური სიმღერები და რომანსები შედის. 1912 წელს კიევში მიემგზავრება და კომერციულ სასწავლებელში იწყებს სწავლას. პარალელურად, კიევის მუსიკალურ სასწავლებელში თეორიული საგნების კურსს გადის და ვიოლინოზე დაკვრას ეუფლება.

1917 წელს საქართველოში ბრუნდება და შემოქმედებით საქმიანობას იწყებს. კოლეგების (ზ. ფალიაშვილის, დ. არაყიშვილის, მ. ბალანჩივაძის და ნ. სულხანიშვილის) მსგავსად, მისი ჩამოყალიბებაც რომანსის ჟანრით დაიწყო.

Dolidze Viqtort recto.jpg

კიევიდან დაბრუნების შემდეგ ოპერის დაწერის სურვილი უჩნდება და ავქსენტი ცაგარელის ცნობილი პიესის „ხანუმას“ სიუჟეტის მიხედვით თავის საუკეთესო ნაწარმოებს, პირველ ქართულ კომიკურ ოპერას, „ქეთო და კოტეს“ ქმნის. ამ ცნობილი ოპერის პრემიერა უკვე დამოუკიდებელ საქართველოში 11.XII.1919 თბილისის საოპერო თეატრის სცენაზე შედგა. საქართველოში „ქეთო და კოტემ“ საყოველთაო აღიარება მოიპოვა და პოპულარობით ქართული მუსიკის ყველა სხვა დიდი მასშტაბის ნაწარმოებს გადააჭარბა.

ქვეყნის დამოუკიდებლობის დაკარგვის მიუხედავად, ოპერა საქართველოს ფარგლებსაც გასცდა და არაერთხელ დაიდგა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის თეატრების სცენებზე, მათ შორის მოსკოვსა და ლენინგრადში (რუსეთი) 1937 ბუდაპეშტში (უნგრეთი), 1951 პრაღაში (ჩეხეთი), 1952 სოფიაში (ბულგარეთი), 1962 ვარშავაში (პოლონეთი), 1968 და 1979 და სხვ. (1948 ვახტანგ ტაბლიაშვილმა და შალვა გედევანიშვილმა გადაიღეს ფილმი „ქეთო და კოტე“, სადაც ზემოაღნიშნული ოპერის მუსიკა ჟღერს და ცნობილი ქართველი მსახიობები თამაშობენ).

ორწლიანი მუშაობის შემდეგ, 1922 წელს, კვლავ ავქსენტი ცაგარელის პიესის „ლეკის ქალი გულჯავარის“ მიხედვით, ქმნის მეორე ოპერას „ლეილა“, 1923 წელს კი - მესამე ოპერას „ცისანა“, რომლის პრემიერაც 1929 წელს შედგა. 1926 წელს მოგზაურობს შიდა ქართლში და ოსეთში (ე.წ. “ჩრდილო“ ოსეთში), ინტერესდება ოსური მუსიკალური ფოლკლორით და, შესწავლის მიზნით, იწერს სიმღერებს. 1931 წელს იწყებს მუშაობას თავის მეოთხე ოპერაზე „ზამირა“, რომლის სიუჟეტიც ოსური ყოფიდან არის აღებული, მუსიკა კი მთლიანად ოსურ ხალხურ მასალაზეა დაფუძნებული. ეს ოპერა დაუმთავრებელი დარჩა, მოესწრო მხოლოდ ორი მოქმედების დაწერა. ცხინვალის დრამის თეატრის სცენაზე „ზამირას“ დიდი წარმატება ხვდა წილად. კომპოზიტორი დაკრძალულია დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.

ნაწარმოებები

  • ოპერა „ქეთო და კოტე (ა. ცაგარელის „ხანუმას“ მიხედვით, პირველი წარმოდგენა 1919 11 დეკემბერი),
  • ოპერა „ლეილა“ (1922),
  • ოპერა „ცისანა“ (1929),
  • ოპერა „ზამირა“ (დაუმთავრებელი 1931);
  • სიმფონიური ფანტაზია „ივერიადა“ (1925),
  • სიმფონია „აზერბაიჯანი“ (1932), ს
  • აფორტეპიანო კონცერტი (1932),
  • რამდენიმე რომანსი.

იხილე აგრეთვე

ვიქტორ დოლიძე

წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები