ხოხორდაული

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:50, 16 მაისი 2020-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ხოხორდაული – ერთხელ ფშავში, ცაბაურთის მთაწმიდაზე, სადაც მეკვლეებმა ღამე გაათიეს, რათა დილას სოფელში ჩასულიყვნენ და ახალი წელი მიელოცათ სოფლისთვის, დიდი თოვლი მოვიდა. ყელამდე თოვლი დადო. მთაწმიდის გარშემო სულ საზვავე ადგილებია, დაქანებული კლდეები აკრავს. ხან ერთ მხარეს ეცადნენ ჩასვლას, ხან – მეორე მხარეს, მაგრამ ვერ გაბედეს. ბოლოს გააქადაგა მთავარანგელოზმა ხევისბერი გამახარე ხოხორაული და, გამხნევებულმა, აიღო ხელში სამი ვერცხლის თასი, მხარზე დროშა გაიდო, კალთაში ხორცის წილობები ჩაიყარა სოფლისთვის და ქადაგობით საზვავე კლდეზე პირქვე დაეშვა. ამ დროს გატყდა მთის დიდი ზვავი და წამოიღო ხევისბერი. ერთი დიდი კლდე მოგლიჯა ზვავმა და ხევისბერი ზედ მოხვდა. კლდე ისე ჩამოიტანა, რომ გვერდი არ გადაუქცევია და ხევისბერიც თან ჩამოაყოლა. დაეშვა კლდე მზილას (ადგილის სახელია) ხატის პირდაპირ და უვნებელი ხევისბერი მშვიდად გადმოვიდა კლდიდან, და დროშის წკარუნით ხატისკენ გაემართა. დროშაც მხარზე ედო და თასებიც ისევ ხელში ეჭირა, წილობებიც არ გაბნევია. ვინც მთაწმიდაზე დარჩა, შეწუხდა, დაგვეღუპა ხევისბერიც და დროშაცო და, როცა ზვავი შეწყდა, დაეშვნენ ნაზვავარზე სოფლისკენ. რომ ჩამოვიდნენ, ნახეს კვალი ბეღლისკარისაკენ მიდიოდა. მივიდნენ ბეღლისკარს და, ხედავენ, ზის გამახარე ხევისბერი საბეროში და მთაწმიდის ამბავს უამბობს ხალხს. ამ ხალხმაც დაინახა ზვავი, კლდეზე ნაჯდომი გამახარეც და დიდი მოკრძალებით შეხვდნენ, როგორც ღვთისშვილისგან გადარჩენილ კაცს.

ამის შემდეგ გამახარეს თითქმის ღვთისშვილის დარად სცემდნენ პატივს. ის კლდე, რომელზედაც გამახარე იჯდა, ახლაც მზილას არის და იმის ახლოს უწმიდური ქალი არ გაივლის.

ჯერ სასწაულით გადარჩენამ და მერე ამ პატივმა გააბუდაყდა ხევისბერი გამახარე ხოხორდული და დაიკვეხა: მთავარანგელოზო, ჩემმა დავლათმა გიშველა, თორემ დროშაც დაგეკარგებოდა, თასნიც და ხევისბერიც მოგიკვდებოდაო. ეს იწყინა მთავარანგელოზმა. გამახარეს ამოწყვეტა დაუპირა, მაგრამ ლაშარის ჯვარმა არ დაანება, უთხრა: მე ამოსაწყვეტი ყმები არა მყავსო.

ეს ხოხორდაულნი ცხრანი ძმანი ყოფილან და ძალიან ამაყნი. არც ხატს ემორჩილებოდნენ თურმე და არც ხალხს რამეს ეკითხებოდნენ. ამიტომ მთავარანგელოზი მათზე კარგი გულით არ იყო, მაგრამ ლაშარის ჯვარი იცავდა და მათი ზიანის ნებას არ აძლევდა. ბოლოს, მთავარანგელოზმა უთხრა: ამ ცხრა ძმას მოგცემ და შენი ყმებიდან ერთი კაცი მომეციო. ლაშარის ჯვარმა ცხრა ძმაში ერთი კოჭლი კაცი მისცა ცაბაურთის მთავარანგელოზს – ხოშარელი მჭედელი, ხოხორდაულნი კი თავის ყმად აიყვანა. იმ კოჭლი მჭედლის მოდენილობის ხალხი – მჭედლურები ახლაც ცხოვრობენ სოფელ აფშოში, ქუთხში და თითო-ოროლა სხვა სოფელში.

ბოლოს, მთავარანგელოზმა ხევისბრად დაიჭირა ეს მჭედელი. ამის შემდეგ გახდნენ მჭედლურები მთავარანგელოზის ნამდვილი ყმანი.


წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის (ქართული მითოლოგია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები