1924 წლის აგვისტოს აჯანყება

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

1924 წლის აგვისტოს აჯანყება - ბრძოლა საქართველოს დამოუკიდებლობის აღსადგენად.

1922 ჩამოყალიბდა ქართული ოპოზიციური პარტიების გაერთიანება - დამოუკიდებლობის კომიტეტი (დამკომი). ამ ორგანოს ექვემდებარებოდა სამხედრო ცენტრი, რომლის მთავარი ძალა იყო აღმოსავლეთ საქართველოში მოქმედი ქ. ჩოლოყაშვილის რაზმი. პარტიზანული რაზმები მოქმედებდნენ დასავლეთ საქართველოშიც. საბჭოთა უშიშროების ორგანოები თვალყურს ადევნებდნენ შეთქმულებს. 1923 დააპატიმრეს და დახვრიტეს სამხედრო ცენტრის მეთაურები და ზოგი სხვა ლიდერი. მიუხედავად ამისა, დამკომმა საერთო აჯანყების გადაწყვეტილება მიიღო.

გამოსვლის დღედ დაინიშნა 1924 წლის 29 აგვისტო, მაგრამ ჭიათურაში შეიარაღებული გამოსვლა დაიწყო 28 აგვისტოს, რამაც არია შეთქმულთა გეგმები. მიუხედავად ცალკეული პუნქტების (დუშეთი, სუფსა, სენაკი, აბაშა, ვანი და სხვა) ხელში ჩაგდებისა, აჯანყებულები მოქმედებდნენ დაქსაქსულად, ხალხის მასებმა აჯანყებას აქტიურად არ დაუჭირეს მხარი, ზოგან გლეხობა აჯანყებულთა წინააღმდეგაც გამოვიდა. ყოველივე ამან საბჭოთა ჯარებს საშუალება მისცა რამდენიმე დღეში მოეპოვებინათ გამარჯვება. აჯანყებულთა უმრავლესობა ხელისუფლებას დანებდა, ქ. ჩოლოყაშვილი 26 თანამებრძოლით თურქეთში გადავიდა. მათ გაჰყვა აჯანყების მთავარსარდალი გენერალი ს. ჭავჭავაძე.

1924 აჯანყების ჩახშობას თან სდევდა სასტიკი ტერორი ეროვნული ძალების მიმართ. ხვრეტდნენ ყველას, ვინც „სოციალურად საშიშ ელემენტად“ ითვლებოდა. დახოცილთა რაოდენობამ რამდენიმე ათასს მიაღწია, მათი უმრავლესობა აჯანყების მონაწილე არც ყოფილა.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები