აბაშიძე ასლან (გენერალი)
აბაშიძე ასლან იბრაჰიმის ძე (ასლან-ბეგი) – (1877 - 1924), ქართველი სამხედრო, სახელმწიფო და ეროვნული მოღვაწე, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების გენერალი, ბათუმის სადროშოს გამგებელ სანჯაყ-ბეგ აბაშიძეთა შთამომავალი, მემედ აბაშიძის (1873-1937) უმცროსი ძმა.
დაიბადა ბათუმში. ასლანის მამა, თავადი იბრაჰიმი ფრიად განათლებული, ქართული ორიენტაციის პიროვნება იყო. მან ხუთივე შვილს (ოთხი ვაჟი და ერთი ქალიშვილი) კარგი განათლება მისცა ოჯახში მოწვეული მასწავლებლების საშუალებით. ყველანი ბრწყინვალედ ფლობდნენ მშობლიურ ქართულ ენას, ასევე აღმოსავლურ და ევროპულ ენებსაც, კარგად ერკვეოდნენ პოლიტიკაში, ეკონომიკასა და სამხედრო საქმეში.
ასლან აბაშიძე ჭაბუკობიდანვე ჩაება ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობაში. განსაკუთრებით სამხედრო საქმე ეხერხებოდა. მონაწილეობდა რუსეთის იმპერიის წინააღმდეგ 1905- 1907 წლების რევოლუციურ გამოსვლებში. მეთაურობდა საბრძოლო რაზმს. თავი გამოიჩინა გურიის გლეხებისა და რევოლუციური კომიტეტის მიერ ორგანიზებულ ე.წ. წითელ რაზმსა და ოზურგეთის მაზრის ადმინისტრაციის კაზაკებსა და მილიციას შორის ნასაკირალის ბრძოლაში, ასევე ბათუმის შეტაკებებში (1905 წ.).
ხელისუფლების საწინააღმდეგო საქმიანობის გამო 1908 წელს ასლანი დააპატიმრეს და ციმბირში გადაასახლეს. იმავე წლის დეკემბერში მოახერხა გადასახლებიდან გაქცევა და მოსალოდნელი რეპრესიების გამო იძულებული გახდა ოსმალეთში გადასულიყო. კონსტანტინოპოლში დრო უქმად არ დაუკარგავს, უმაღლეს სამხედრო სკოლაში ჩაირიცხა და სამხედრო განათლება მიიღო.
1917 წელს, რუსეთის თებერვლის რევოლუციის შემდეგ, მემედ და ასლან აბაშიძეები საქართველოში დაბრუნდნენ. ასლანი მხარს უჭერდა საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკას და პროქართულ ორიენტაციას აჭარაში.
საქართველოს სახელმწიფოებრიობის აღდგენის შემდეგ მონაწილეობდა ქართული ეროვნული არმიის ჩამოყალიბებაში. ხელმძღვანელობდა მაჰმადიან ქართველთა რაზმებს სომხეთთან ომში 1918 წელს.
ასლან აბაშიძე გამოირჩეოდა განსაკუთრებული სამხედრო მონაცემებით, სამხედრო მეთაურის სტრატეგიული ნიჭით, რისთვისაც ჯერ დაინიშნა სამხედრო სამინისტროს დავალებათა შტაბ- ოფიცრად და მიენიჭა პოლკოვნიკის სამხედრო წოდება, ხოლო შემდეგ, საქართველოს მთავრობის თავმჯდომარის წარდგინებით, 1918 წლის 19 ივნისს – გენერლის სამხედრო წოდება. იყო საქართველოს ეროვნული არმიის ერთადერთი გენერალი აჭარიდან.
1920 წელს ასლანი ბათუმში შეხვდა და დაუმეგობრდა იმჟამად იქ მყოფ ქაქუცა ჩოლოყაშვილს. მათი სიახლოვე ემიგრაციაშიც გრძელდებოდა.
გენერალი აბაშიძე თავისი ათასეულით ფხიზლად იდგა ქვეყნის თავისუფლების სადარაჯოზე ბათუმსა თუ მთელ სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში. როგორც კი სიტუაცია რთულდებოდა, გენერალი თავის შენაერთს მოხალისეებით აძლიერებდა.
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის რუსულ-თურქული ბოლშევიკურ- ქემალისტური ოკუპაციისა და იძულებითი გასაბჭოების შემდეგ 1921 წლის თებერვალ-მარტში ასლან აბაშიძე თურქეთში გადასახლდა და კონსტანტინოპოლის ქართველ მოახალშენეებს შეუერთდა. ნოემბერ-დეკემბერში კვლავ აჭარაში იმყოფებოდა ბოლშევიკების წინააღმდეგ აჯანყების მომზადების მიზნით. შემდეგ ისევ თურქეთში დაბრუნდა. მას მუდმივი კავშირი ჰქონდა საზღვარგარეთ მყოფ ქართველებთან და ეხმარებოდა მათ. იყო ქართული სათვისტომოს ერთ-ერთი ხელმძღვანელი. აქტიურად მონაწილეობდა 1924 წლის აჯანყების ორგანიზებაში.
ტრაგიკულად დაიღუპა კონსტანტინოპოლში 1924 წელს (სავარაუდოდ მოწამლეს). მას ჰყავდა ვაჟი, როსტომი და ორი ქალიშვილი, მაგრამ მუდმივი რეპრესიების გამო ისინი არ დაოჯახებულან და შთამომავლობა არ დარჩენიათ.
ასლან აბაშიძე ბრწყინვალე მომღერალი იყო. იგი არის ავტორი მხედრული სიმღერისა „ასლანური“.
დაჯილდოებული იყო „თამარ მეფის“ ორდენით. ასლან-ბეგ აბაშიძის სახელს ატარებს ბათუმის ერთ-ერთი ქუჩა.