აბთენაუ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
წარწერის ტექსტი

აბთენაუ − (ინგლ. Abtenauerhof, რუს. Абтенау), კლიმატური, სამთო-სათხილამურო კურორტი ავსტრიაში, ზალცბურგის მხარის ჰალაინის ოლქში, ქ. ზალცბურგიდან 50 კმ-ში, სამხრეთ-აღმოსავლეთით. შედის დასავლეთ დახშტაინის სათხილამურო რეგიონში. მდებარეობს დოლომიტის ალპებში, ლამერტალისბ ველზე, ზღვის დონიდან 714 მ-ის სიმაღლეზე. რელიეფი – მთაგორიანი.

ჰავა – ზომიერად კონტინენტური, დაბალი მთის. ზამთარი ზომიერად ცივია. თოვლის საფარი მდგრადია. იანვრის საშუალო ტემპერატურაა -3,1°C. ზაფხული გრილია. ივლისის საშუალო ტემპერატურაა 16,3°C. საშუალო წლიური ტემპერატურაა 7,1°C, ხოლო ნალექების წლიური რაოდენობა – 1378 მმ. ნალექების მაქსიმუმი მოდის ზაფხულზე (485,2 მმ), ხოლო მინიმუმი – ზამთარზე (213,6 მმ). ნალექების მაქსიმალური რაოდენობა მოდის ივლისში (216,2 მმ), ხოლო მინიმალური – თებერვალში (81,2 მმ).

მცენარეული საფარი – აბთენაუს ტერიტორიაზე გავრცელებულია: ხეხილის ბაღები (ვაშლი, მსხალი, გარგარი და სხვ.), ვენახები, მუხის, წიფლისა და ნაძვის ნარგავები. კურორტის მიდამოებში გვხვდება: წიფლნარი, ნაძვნარი, სოჭნარი და საძოვრები– ალმები.

აბთენაუს ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორებია დაბალი მთის ჰავა და მსუბუქი აეროიონებით გაჯერებული მთის ჰაერი.

აბთენაუს ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორების გამოყენების მეთოდია პასიური კლიმატოთერაპია.

ჩვენებები აბთენაუში წასასვლელად: დასვენება, ზამთარში – თხილამურებითა და სნოუბორდით სრიალი, ციგურაობა, ციგაობა, სეირნობა ცხენებიანი მარხილით, ცხენოსნობა, აისშტოკების ტყორცნა ყინულზე, დელტაპლანერებით ფრენა და სხვ.; გულ-სისხლძარღვთა სისტემისა და ფილტვების ქრონიკული არასპეციფიკური დაავადებები; ნივთიერებათა ცვლისა და ცენტრალური ნერვული სისტემის ფუნქციური დარღვევები.

ტურისტული ობიექტები:

კურორტ აბთენაუში (წმიდა ვლასის სახელობის რომაულ-კათოლიკური ეკლესია (1500 წელი), სპორტული კომპლექსი და სხვ.,).

აბთენაუს მიდამოებში – მხარეთმცოდნეობის მუზეუმი – Heimatmuseum, რომელიც მდებარეობს XIII საუკუნის ყოფილ ფერმაზე – არლერხოფზე; მთა ტრატებერგი; როხერალმის მთის მწვერვალი; როხერხოეს მთა და ჯვარი ამ მთის მწვერვალზე; თოკების ბაღი; ეგელზეს ტბა და სხვა,

ქ. ზალცბურგში წმიდა პეტრეს სახელობის ბენედიქტელთა სააბატო (დააარსა წმიდა რუპერტმა 690 წელს (ამჟამად ფუნქციონირებს როგორც მამათა მონასტერი) და წმიდა პეტრეს სახელობის რომაულ-კათოლიკური ტაძარი (1143 წელი) აღნიშნული სააბატოს (მონასტრის) ტერიტორიაზე; ნონბერგის რომაულ-კათოლიკური დედათა მონასტერი (დააარსა წმიდა რუპერტმა VIII საუკუნის დასაწყისში); ზალცბურგის რომაულ-კათოლიკური საკათედრო ტაძარი (Salsburger Dom) (აშენდა 1614-1628 წლებში, სახურავი ჩამოენგრა 1944 წელს, ომის დროს, დაბომბვის შედეგად და აღდგენილი იქნა 1959 წელს); ფრანცისკელთა ეკლესია (1223 წელი); წმიდა სებასტიანეს სახელობის რომაულ-კათოლიკური ეკლესია (1512 წელი); კოლეგიენკირხე – ყოფილი საუნივერსიტეტო რომაულ-კათოლიკური ეკლესია (1707 წელი); ციხესიმაგრე ჰოენ-ზალცბურგი სასახლით (XVI საუკუნე); რეზიდენპლაცი – ზალცბურგის ცენტრალური მოედანი, რომელიც XVII საუკუნეში გადაკეთდა მოწვეული იტალიელი ხუროთმოძღვრების ხელმძღვანელობით; არქიეპისკოპოსის რეზიდენცია (აშენდა 1619 წელს, ხოლო რეზიდენციის მოპირკეთება დამთავრდა XVIII საუკუნის 30-იან წლებში); ახალი რეზიდენცია (1602 წელი), რომლის კოშკზე დაყენებული იქნა საათი (1873 წელი) და 35 ზარი (1703 წელი); შადრევანი (1661 წელი); მუზეუმები – საკათედრო ტაძრის, „კაროლინაავგუსტეუმ“, ზატლერის, რუპერტინუმი (თანამედროვე ხელოვნების), კოლეგიენკირხეს, ბაროკოს, „ბუნების სახლი“, მოდერნის, უძველესი ოჯახური ლუდსახარშის და სხვ.; მოცარტის სახლ-მუზეუმი; რეზიდენციის გალერეა; მირაბელის სასახლე (1606 წელი); პარკი „მირაბელ-გარდენი“ (1690 წელი); ჯუჯების ბაღი (1715 წელი); კაპუცინების სააბატო (დაარსდა XVII საუკუნეში); მოცარტეუმი – დიდი შენობა მოდერნის სტილში (1914 წელი) და სხვ.

ზალცბურგის მიდამოებში (ჰელბრუნის ციხესიმაგრე, სასახლით და პარკით (XVIII საუკუნე)), ქ. ზალცბურგიდან 6 კმ-ში; მაუნტშლოსის სასახლე (1615 წელი); მექანიკური თეატრი (1752 წელი); ქვის თეატრი (1617 წელი) – ღია თეატრალური მოედანი და სხვ.

წყარო

მსოფლიო კურორტები და საკურორტო ადგილები: მცირე ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები