აბრამცევო
აბრამცევო (Abramtsevo, Абрамцево ) – კლიმატური საკურორტო ადგილი და სათხილამურო ბაზა რუსეთის ფედერაციის მოსკოვის ოლქში, სერგიევოპოსადის რაიონში, მოსკოვიდან 60 კმ-ში, ჩრდილო-აღმოსავლეთით. მდებარეობს მდინარე ვორიას (მდინარე კლიაზმის შენაკადი) ნაპირზე, დიდ ძველებურ პარკში. რელიეფი – ბორცვიანია.
ჰავა – ზომიერად კონტინენტური. ზამთარი ზომიერად ცივია და ხანგრძლივი, მდგრადი თოვლის საფრით. იანვრის საშუალო ტემპერატურაა -11°C. ზაფხული გრილია. ივლისის საშუალო ტემპერატურაა 17°C. ნალექების წლიური რაოდენობა შეადგენს 530-560 მმ-ს.
აბრამცევოს პარკში ხეივნები შემოფარგლულია ცაცხვის ხეებით. აღნიშნულ პარკში გვხვდება: სოჭი, მურყანი, ნაძვი, ტირიფი, მუხა და სხვ. კურორტის მიდამოებში გავრცელებულია: წიწვოვანი და ფოთლოვანი ტყეები, სადაც უამრავი კენკრა და სოკოა.
აბრამცევოს ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორია ფიტონციდებით გაჯერებული ტყის ჰაერი.
აბრამცევოში ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორის გამოყენების მეთოდია პასიური კლიმატოთერაპია.
ჩვენებები აბრამცევოში წასასვლელად: დასვენება; თხილამურებით სრიალი და ციგურაობა ზამთარში; ფილტვების ქრონიკული, არასპეციფიკური და გულსისხლძარღვთა სისტემის დაავადებები; ნივთიერებათა ცვლის, ცენტრალური ნერვული და ენდოკრინული სისტემების ფუნქციური დარღვევები.
ტურისტული ობიექტები საკურორტო ადგილ აბრამცევოში:
სახელმწიფო ისტორიულ-სამხატვრო და ლიტერატურული მუზეუმი – ნაკრძალი „აბრამცევო“n(1977 წელი); უფლისა ღვთისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტეს ხელთუქმნელი ხატის სახელობის მართლმადიდებლური ეკლესია (1881-1882 წლები); სამხატვრო გალერეა, სადაც გამოფენილია ცნობილი მხატვრების ნახატები; ხისა და მაიოლიკის სახელოსნოები (XIX საუკუნის 80-იანი წლები), რომელთა ბაზაზე შექმნილია ხის ჩუქურთმებიანი ნაკეთობანის ფაბრიკა და სამრეწველოსამხატვრო სასწავლებელი, მუზეუმთან ერთად და სხვ.), ქ. ზაგორსკში (სერგის სამების სახელობის მართლმადიდებლური ლავრა (XIV საუკუნის შუა ხანები), მოსკოვის მართლმადიდებლური სასულიერო აკადემია და სემინარია და სხვ.), ქ. მოსკოვში (კრემლი (XII-XIV საუკუნეები) და ვასილი ნეტარის სახელობის მართლმადიდებლური ტაძარი (XVI საუკუნე) კრემლის ტერიტორიაზე; მართლმადიდებლური მონასტრები –ანდრონიკის (დაარსდა დაახლოებით 1360 წელს), ნოვოდევიჩისა (დაარსდა 1524 წელს) და დონის (დაარსდა 1591 წელს); მართლმადიდებლური ეკლესიები – დიდმოწამე იოანე მხედრის სახელობის (1709-1713 წლები); ფილიპე მიტროპოლიტის სახელობის (1777-1788 წლები), კოზმასა და დამიანეს სახელობის (1793-1803 წლები), ყოვლადწმიდა სამების (1628-1658 წლები), ყოვლადწმიდისა დედოფლისა ჩვენისა, ღვთისმშობლისა და მარადის ქალწულისა მარიამის დაბადების სახელობის (1649-1652 წლები) და სხვ.; დიდი თეატრისა და მანეჟის შენობები და სხვ.), მოსკოვის მიდამოებში (ყოვლადწმიდისა დედოფლისა ჩვენისა, ღვთისმშობლისა და მარადის ქალწულისა მარიამის საფარვლის სახელობის მართლმადიდებლური ეკლესია ფილიში (1790-1793 წლები) და სხვ.