აგამემნონი (ესქილე)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

აგამემნო – ძველი ბერძენი დრამატურგის ესქილეს ტრაგედია. ტრილოგია „ორესტეას“ პირველი პიესა − „აგამემნონი“ ტროას ომიდან არგოსის მეფე აგამემნონის დაბრუნებისა და ეგისთესა და დედოფალ კლიტემნესტრას მიერ მისი მოკვლის ამბავს გვიყვება. ისევე როგორც „სპარსელებში“, „აგამემნონშიც“ ესქილე სახელმწიფოსა და ქვეყნის მიმართ მმართველის პასუხისმგებლობის თემას ეხება. ტრაგედიის მოქმედება იმ მომენტში იწყება, როდესაც სასიგნალო ცეცხლს ბერძენთა გამარჯვების ამბავი მოაქვს. მაგრამ გამარჯვების სიხარულს მოახლოვებული კატასტროფის განცდა ამძიმებს. ცეცხლს პირველად სასახლის სახურავზე მოდარაჯე გუშაგი ამჩნევს: „სვებედნიერი ნეტავ ხელზე ხელს შემახებდეს/ ხელმწიფე იგი, სამშობლოში მობრუნებული”, ნატრობს იგი და იქვე ამატებს: „სხვა ამბებზე კი უნდა ვდუმდე.../ სახლს ენა ჰქონდეს – უცხადესად გვითხრობდა ყოველს“. შფოთისა და მოლოდინის საყოველთაო განცდა ძლიერსა და პატივმოყვარე დედოფალ კლიტემნესტრას უკავშირდება. რომლის ორაზროვანი ქცევა არგოსელ მოხუცთა ქოროში ყველაზე პირქუშ მოლოდინებს აჩენს. ქორო იმ დროს იხსენებს, როდესაც საბრძოლო ჟინით აღტკინებული „ორსკიპტროსან ატრიდთა ჯგუფი“(არგოსის მეფე აგამემნონი და სპარტის მეფე მენელაოსი) ტროასკენ სალაშქროდ გაემართა. შინ მხოლოდ უძლური მოხუცნი დარჩნენ. ათი წლის წინ საომრად განწყობილ ბერძენთა გიჟურ აღტკინებას ქორო ბარტყებდაკარგულ გამწარებულ ძერათა ფრთხიალს ადარებს და მიაჩნია, რომ ეს ომი არა მხოლოდ ტროელთათვის, არამედ ბერძნებისთვისაც ღვთის რისხვა იყო.

„რისხვა დაატყდათ დანაელებს
მსგავსად ტროელთა..
გარდასახდელი გარდახდების ბედის განგებით,
ვერც შესაწირით, ვერც ჯადოსნობით,
ვერცა თუ ცრემლით შეარბილებ რისხვას ღვთაებრივს“.

საომარი ლაშქრობა საბედისწეროდ დაიწყო. ძლიერმა პირქარმა ხომალდებს ტროასკენ საზღვაო გზა შეუკრა. გამგზავრების ამაოდ მომლოდინე ჯარში მზარდმა უკმაყოფილებამ დაისადგურა. ქურუმებმა უამინდობა ქალღმერთ არტემიდე რისხვით ახსნეს. სამხედრო ექსპედიციის გადასარჩენად აგამემნონმა უმძიმესი გადაწყვეტილება მიიღო – ქალღმერთის რისხვის დასაცხრობად საკუთარი ქალიშვილის – იფიგენიას არტემისისთვის მსხვერპლად შეწირვას დათანხმდა. „დაკლა ასული მშობელმა მამამ,/ რომ სხვა ქალისთვის/ დაეძრა ჯარი და ხომალდები“, ასე აფასებს აგამემნონის საქციელს ქორო. მძიმე იყო ტროას ომი, ძვირი დაუჯდა საბერძნეთს ეს გამარჯვება და პატივმოყვარე ატრიდების ახირება, უკანა გზაც დამღუპველი გამოდგა, ბერძნული ფლოტის დიდი ნაწილი ქარიშხალმა გაანადგურა. სიხარული და მწუხარება ერთმანეთს გადაეჯაჭვა, სულ უფრო მეტად წუხს ქორო და შურისმაძიებელი ღმერთების რისხვისა ეშინია, თუმცა იმედოვნებს, რომ ქალღმერთი დიკე დაიფარავს ციხე-ქალაქს, მაგრამ დანაშაულისა და შურისძიების ჯაჭვი ჯერ არ გამწყდარა (ბოროტი მამა წარმოშობს ბოროტს,/ ვით ცუდი მამა).

გამარჯვებული აგამემნონი ქალაქში ეტლით შემოდის, თან მეფე პრიამეს ტყვე ქალიშვილი – ნათელმხილველი კასანდრა მოჰყავს, როგორც სამხედრო ალაფი. აგამემნონის გამომწვევი გამოჩენა მეფის ჰიბრისის კიდევ ერთი ნიშანია ესქილესათვის. მცირეოდენი ყოყმანის შემდეგ, ის კლიტემნესტრას დაგებული მეწამული ხალიჩითაც აივლის სასახლის კიბეებს. ავისმომასწავებელი ატმოსფერო კასანდრას ნათელხილვის სცენაში აპოთეოზს აღწევს, გრძნეულ ხილვაში ის ატრიდთა სახლის სისხლიან წარსულს დაინახავს და თავზარდაცემულს აღმოხდება: „ღვთისმგმობელთა ადგილია ეგ სრაპალატი, მოწმე მკვლელობის და ჯალათობის, განესტილია იატაკი მოყვასის სისხლით“. კასანდრას სახეს ნაწარმოებში განსაკუთრებული ტრაგიზმი, ძალა და ღირსება გამოარჩევს, რომელიც ქალმა ყველა უბედურების მიუხედავად შეინარჩუნა. უუფლებო ტყვე უმაღლეს ადამიანურ თავისუფლებას ამჟღავნებს და მიუხედავად იმისა, რომ გარდაუვალი სიკვდილი აშინებს, შიშზე ამაღლდება და საკუთარი აღსასრულის შესახვედრად სასახლეში შედის.

სასახლის კარის ზღურბლზე კასანდრას გაუჩინარების შემდეგ, შენობიდან სასიკვდილოდ დაჭრილი აგამემნონის კვნესა მოისმის. კლიტემნესტრამ დიდი ხნის წინა ჩაფიქრებული შურისძიების გეგმა აღასრულა, აგამემნონს ქალიშვილის სიკვდილი აზღვევინა და თავის საყვარელ ეგისთოსს ტახტისაკენ მიმავალი გზა გაუხსნა. ქორო რწმუნდება, რომ სამეფო ტირანიის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა _ „უნდა დავფიქრდეთ, ავბედითი მოჩანს ნიშნები,/სახელმწიფოში ტირანია მზადდება მძიმე”. არგოსელები წინააღმდეგობის გაწევას შეეცდებიან („არა, ჩვენ ამას არ მოვითმენთ, უმალ გვამებად/გადავიქცევით, ტირანიას სიკვდილი გვიჯობს“), მაგრამ ისინი, ჯერჯერობით, უძლურნი აღმოჩნდებიან ტახტის უზურპატორების ძალმომრეობის წინაშე. კლიტემნესტრა ხალხის წინაშე გამოდის, თავი ქედუხრელად უჭირავს. მან უკვე ჩაიდინა დანაშაული, ახლა მისი ლეგიტიმაცია სჭირდება. ამიტომ ის შემტევ ტაქტიკას ირჩევს. ესქილე რემარკაში წერს: „ფართოდ იღება სასახლის კარი, გამოჩნდება კლიტემნესტრა, ხელში სისხლიანი ხანჯალი უჭირავს. დარბაზის სიღრმეში მოსჩანს აგამემნონისა და კასანდრას გვამები“. მისი თავხედობითა და გამბედაობით თავზარდაცემული ქორო კლიტემნესტრას მოკვეთითა და ორესტეს შურისძიებით ემუქრება. ამ გამოწვევას ქალი მუქარითვე პასუხობს: ...ჩემი მუქარაც დაიხსომე, მზად ვარ ბრძოლისთვის...5

დრამატურგი კლიტემნესტრას პატივმოყვარე, ძლიერ და შურისმაძიებელ ქალად გვიხატავს. მიუხედავად იმისა, რომ მას თავისი სიმართლე გააჩნია, ის მაინც ერთ-ერთი რგოლია იმ ჯაჭვში, რომელიც სისხლიანი შურისძიებისა და ძალაუფლებისათვის ჩადენილ დანაშაულთაგან შედგება. „შენს წინ დგას ახლა დიაცის სახით/ დემონი ძველი, შურისმგებელი, ვინაც ატრევსის ბილწი ლხინისთვის,/ ბალღებისათვის/ იძია შური“.

ტრაგედია ქოროს ვრცელი პარტიებით და ხასიათთა სტატიკურობით ჯერ კიდევ ახლოსაა ორატორიის ჟანრთან, თუმცა ის დიდი დრამატული მუხტით არის აღსავსე და მასში მკაფიოდ იკითხება ესქილეს მსოფლმხედველობის ძირითადი პოსტულატები, რომელთა თანახმადაც თვითნებობას, ამპარტავნებასა და ძალმომრეობას დამღუპველი შედეგები მოჰყვება, რადგან სამყაროში სამართლიანი საზღაურის უზენაესი პრინციპი დიკე ბატონობს.

თამარ ბოკუჩავა


იხილე აგრეთვე

ორესტეა

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები