ადენოიდური ვეგეტაციები
ადენოიდური ვეგეტაციები − ადენოიდური ვეგეტაციები ან ადენოიდები, როგორც უმრავლესობა ეძახის, წარმოდგენილია ცხვირ-ხახის დონეზე მოთავსებული ლიმფოიდური ქსოვილით.
Waldeyer-ის რკალის მნიშვნელოვანი ელემენტი, ადენოიდები, გლანდებთან (ტონზილებთან), ხახის ლიმფოიდურ ქსოვილთან და ენის ტონზილასთან ერთად, წარმოადგენს პერიფერიული ლიმფოიდური სისტემის დიდ ნაწილს. ამ ნაწილს კიდევ ავსებს ელენთა, ლიმფოიდური ჯირკვლები და საყლაპავი მილის თანმხლები ლიმფოიდური ქსოვილი.
Waldeyer-ის რკალის ძირითადი ფუნქცია იმუნური სისტემის გაძლიერება-ჩამოყალიბებაა. ჰაერის ჩასუნთქვისას, ორგანიზმში მრავალი ანტიგენი შედის და ლიმფოიდური ქსოვილი ამ ანტიგენებზე ახდენს რეაგირებას.
ადენოიდების და გლანდების ქსოვილში, ლიმფოიდური ქსოვილი გაერთიანებულია კვანძებში. ამ კვანძებს ეპითელიუმი ფარავს. აღსანიშნავია ასევე, ლიმფოიდური, მფარავი ეპითელიუმის ჩაღრმავებების – კრიპტების არსებობა. ამ კრიპტების მეშვეობით ხორციელდება ანტიგენის ლიმფოიდურ ქსოვილამდე მიტანა, სადაც მისი საწინააღმდეგო ანტისხეულები წარმოიქმნება.
რაც უფრო ინტენსიურია ზემოაღწერილი პროცესი, მით უფრო მეტ ჰიპერტროფიას განიცდის ლიმფოიდური ქსოვილი. ანუ, ადე- ნოიდური და გლანდების ჰიპერტროფია იმატებს.
გამოდის, რომ ადენოიდური, პროგრესირებადი ჰიპერტროფია – ეს არის ფიზიოლოგიური პროცესი და იგი დამოკიდებულია იმუნური სისტემის ინტენსივობაზე. ზოგ შემთხვევაში, პაციენტებს ადენოიდების ზრდა აღენიშნებათ დაბადებიდან 8-10 წლამდე. ამის მიზეზები ჯერ არ არის ცნობილი. ეს ფიზიოლოგიური ჰიპერტროფია პათოლოგიურ – ობსტრუქციულ ჰიპერტროფიაში გადადის და იწვევს მრავლობით კლინიკურ ჩივილებს.
ცხვირ-ხახის ზედა უკანა კედელზე მდებარე ადენოიდური ვეგეტაცია, ცხვირის ქოანების ზუსტად უკან, განიცდის ჰიპერტროფიას. ამ მიმართულებით ზრდის გამო, იგი იწვევს ქოანების და ევსტაქის მილის ობსტრუქციას.
ეს, თავის მხრივ, სუნთქვის და ევსტაქის მილის დისფუნქციის გამო, იწვევს დისპნოეს და ოტიტებს
დიაგნოზის დასასმელად არ არის საკმარისი წინა რინოსკოპია. საჭირო ხდება ან ფიბროსკოპიული ან რეტრორინოსკოპიული დათვალიერება. ასევე, შესაძლებელია რენტგენოლოგიური ან კომპიუტერულ-ტომოგრაფიული გამოკვლევის დროს დაისვას ადენოიდების ჰიპერტროფიის დიაგნოზი.
ქოანალური ობსტრუქცია ადენოიდური ვეგეტაციით იწვევს:
- — პირით სუნთქვის აუცილებლობას, ხვრინვას და აპნოეს. პირით სუნთქვა პათოლოგიურად ითვლება იმიტომ, რომ იწვევს ჰაერში აგრესიული ანტიგენების ინჰალაციას, არაკომფორტული ჰაერის (ცივი, მშრალი, მტვრიანი) ზედა და ქვედა სასუნთქ გზებში მოხვედრას, რაც თავისთავად, ხდება
ლარინგიტების, ფარინგიტების მიზეზი;
- — ცხვირსა და ხახაზე ლორწოს სტაგნაციას და სიჭარბეს; ადენოიდური ვეგეტაციებით ევსტაქის მილის ობსტრუქცია იწვევს მის დისფუნქციას, რასაც მოჰყვება შუა ყურის ფიზიოლოგიის მოშლა და ხშირი ოტიტები, ჯერ ექსუდაციური, შემდეგ ჩირქოვანი და ადჰეზიურიც;
- — ცხვირ-ხახის ადგილობრივ ინფიცირებას, რომელიც შემდეგ, შესაძლოა, გართულდეს ჰიპერთერმიით, და პროცესის პროგრესირების შემთხვევაში,გადავიდეს ადენოფლეგმონაში, ცერვიკალურ ან რეტროფარინგეალურ ფლეგმონაში;
- — იშვიათია, თუმცა, მაინც აღსანიშნავია ადენოიდური ვეგეტაციის გამო განვითარებული ღამის აპნოე ჩვილებში, რომელიც მიმდინარეობს ციანოზით და სტრიდორით;
- — გულის უკმარისობის ჩამოყალიბებას, სუნთქვის ქრონიკული ობსტრუქციის გამო. ამ სერიოზული გართულების მიზეზი იშვიათად არის მხოლოდ ადენოიდების ჰიპერტროფია. როგორც წესი, მას თან უნდა ახლდეს ტონზილების ჰიპერტროფიაც;
ამ ყველაფრის გათვალისწინებით, როდესაც საქმე გვაქვს ქრონიკულ-ობსტრუქციულ და მკურნალობის მიმართ რეზისტენტულ პათოლოგიასთან, აუცილებელია, როგორც მინიმუმ, 1-3 წლამდე ჩვილებში ადენოიდექტომიის გაკეთება, ხოლო 3 წლიდან – მკურნალობის გაგრძელება ადენო-ტონზილექტომიით. ზოგ შემთხვევაში, როცა საქმე გვაქვს ტონზილების ჰიპერტროფიასთან (kissing tonsils) შესაძლებელია ტონზილების ლაზერული აორთქლება-ვაპორიზაცია.
სარჩევი |
ადენოიდური ჰიპერტროფიის დიაგნოსტიკა
ადენოიდური ვეგეტაციის ადგილმდებარეობის გამო, მისი დანახვა ძნელია. მისი დანახვა შეიძლება მხოლოდ მაშინ, თუ გიგანტური ზომის ადენოიდები ხახაში ჩამოდის. უმეტეს შემთხვევაში, დიაგნოსტიკა ნაზოფიბროსკოპიით, უკანა რინოსკოპიით ან რენტგენოლოგიური კვლევით არის შესაძლებელი.
ძველი მეთოდი – თითით გასინჯვა, ჩვენი აზრით, აგრესიულ და მტკივნეულ მეთოდს წარმოადგენს. თუმცა, აღსანიშნავია მისი მომხიბვლელობა ფინანსური თვალსაზრისით.
ძირითადად, დიაგნოზი ანამნეზის შეკრებით ისმება. ხშირი რინოფარინგიტები, ცხვირით სუნთქვის ქრონიკული, მორეციდივე ობსტრუქცია, ოტიტები და რინორეა – ეს არის ჩივილები, რომლის მქონე პაციენტს აშკარად ადენოიდური ჰიპერტროფია აწუხებს. თუ ობსტრუქცია პერმანენტულია და დაბადებიდან აწუხებს პაციენტს, აუცილებელია ქოანალური ატრეზიის გამორიცხვა. ეჭვის არსებობის შემთხვევაში ან ადენოიდექტომიის გაკეთების შემდეგ, რეციდივის დროს, ფიბროსკოპიული კვლევა ან CT კვლევა აუცილებელია.
ადენოიდექტომია
როდესაც ადენოიდური ვეგეტაციების ჰიპერტროფია ობსტრუქციას იწვევს, ოპერაციული ჩარევა გარდაუვალია ასაკის და სეზონის მიუხედავად.
აღსანიშნავია, რომ 1 წლამდე ასაკში, ოპერაციისას, რეციდივი უფრო ხშირია.
ოპერაციული ჩარევის უკუჩვენებას წარმოადგენს:
- — მწვავე პროცესი (ოტიტი, ჩირქოვანი ფარინგიტი);
- — აცრები (პოლიომიელიტი);
- — ვირუსული ეპიდემია;
- — ოპერაციის უპირობო უკუჩვენება არის სისხლის შედედებასთან დაკავშირებული პრობლემები, მაგ. ჰემოფილია;
როდესაც რინოფარინგიტის მიზეზი დანამდვილებით არის ადენოიდები, ოპერაციის შემდეგ პრობლემა ქრება და პაციენტი აშკარა შვებას გრძნობს. თუმცა, ხშირია შემთხვევები, როდესაც ადენოიდური ვეგეტაციების ჰიპერტროფია მხოლოდ მეორადი მიზეზია და თანმხლები პათოლოგია ამცირებს ოპერაციის შედეგიანობას. მიუხედავად ამისა, ადენოიდური ვეგეტაციიდან გათავისუფლებული ცხვირ-ხახა უფრო ადვილად უმკლავდება პათოლოგიურ პროცესებს.
ზოგ შემთხვევაში, როდესაც ცხვირით სუნთქვის ობსტრუქცია ადენოიდებთან კავშირში არ არის და დიაგნოზი მცდარია, ოპერაცია უშედეგოა. ამიტომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს დიაგნოზს, ანამნეზის შეკრებას და დათვალიერებას. ხშირად, ადენოიდების ჰიპერტროფია ალერგიული რინიტის გამო განვითარებულ ობსტრუქციაში ეშლებათ.
ოპერაციის შემდგომი რეციდივი
ზოგ შემთხვევაში, კორექტულად ჩატარებული ოპერაციული ჩარევის მიუხედავად, შესაძლოა რეციდივები. რეციდივი, როგორც წესი, 1-2 თვეში ვლინდება.
ხელმეორე ოპერაციული ჩარევის წინ, აუცილებელია დავრწმუნდეთ, რომ ადენოიდური ვეგეტაციების რეციდივი ნამდვილად არსებობს.
როგორც ადრე აღვნიშნეთ, შესაძლოა ცხვირით სუნთქვის გაძნელება სხვა ფაქტორების გამოც.
NOTA BENE
|
ადენოიდური სახე
ადენოიდური ჰიპერტროფია ხშირად იწვევს სახის ძვლების დეფორმაციას, რასაც მედიკოსები „ადენოიდურ სახეს“ ეძახიან. ამგვარი სახისთვის დამახასიათებელია წინ გამოწეული ყბა და დაღებული პირი. ეს ყველა ექიმისთვის კარგად არის ცნობილი.
ამ შემთხვევაში, ოპერაციული ჩარევა – ადენოიდექტომია და შემდგომში ორთოდონტისტის მკურნალობა აუცილებელია.
ადენოიდური ჰიპერტროფია დიდებში
ადენოიდური ჰიპერტროფია, როგორც წესი, ქრება 14 წლის ასაკამდე. ამიტომ დიდების ადენოიდური ჰიპერტროფია საკმაოდ იშვიათი პათოლოგიაა. ის იწვევს იგივე გართულებებს, რასაც პატარებში.
თუმცა, მისი მიზეზები შესაძლოა სულ სხვა იყოს, მაგ. გადატანილი მონონუკლეოზი, ალერგიული რინიტი.
საყურადღებოა მოზრდილებში ადენოიდური ვეგეტაცია ცხვირ-ხახის სიმსივნეში (ლიმფომა, ადენოკარცინომა) არ აგვერიოს.
ოპერაციული ჩარევა მხოლოდ ღრმა კლინიკური კვლევების შემდეგ უნდა განხორციელდეს, აუცილებლად ენდოსკოპიური ტექნიკის ქვეშ და სასურველია Shaver-ის გამოყენებით. ამ შემთხვევაში ხდება სრული და ზუსტი, ნაკლებად სისხლმდენი ქირურგიული ჩარევა.
NOTA BENE
|