ადიგენი (დაბა)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
საკურორტო ადგილი ადიგენი

ადიგენი – (ინგლ. Adigeni, რუსულ. Адигени), კლიმატო-ბალნეოლოგიური საკურორტო ადგილი, დაბა (1961 წლიდან), ადიგენის მუნიციპალიტეტის ცენტრი სამხრეთ საქართველოში, სამცხე-ჯავახეთში, ქ. ახალციხიდან 32 კმ-ში, ჩრდილოეთით, ქ. ბათუმიდან 129 კმ-ში, ჩრდილო-აღმოსავლეთით და თბილისიდან 245 კმ-ში, სამხრეთ-დასავლეთით. მდებარეობს ახალციხის ქვაბულში, მდინარე ქვაბლიანის (მდინარე ფოცხოვისწყლის მარცხენა შენაკადი) მარცხენა ნაპირზე, ზღვის დონიდან 1240 მ-ის სიმაღლეზე. რელიეფი გორაკ-ბორცვიანია.

ჰავა – ზომიერად კონტინენტური, შუა მთის ქვედა სარტყლის, ნოტიო. ზამთარი ზომიერად ცივია. თოვლის საფარი მდგრადია. იანვრის საშუალო ტემპერატურაა -4,1°C. ზაფხული გრილია. აგვისტოს საშუალო ტემპერატურაა 19°C. საშუალო წლიური ტემპერატურა შეადგენს 8°C. საშუალო წლიური ფარდობითი ტენიანობა 69%-ია, ხოლო ნალექების წლიური რაოდენობა – 594 მმ. ნალექების მაქსიმუმი მოდის ივნისზე, ხოლო მინიმუმი – მარტზე.

მცენარეული საფარი – ადიგენის ტერიტორიაზე გავრცელებულია: მუხის, წიფლის, ნაძვისა და ფიჭვის ნარგავები. საკურორტო ადგილის მიდამოები დაფარულია შერეული ტყით, სადაც მუხა და რცხილა ჭარბობს. გვხვდება, აგრეთვე: ნაძვი, ფიჭვი და სოჭი.

ადიგენის ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორებია: შუა მთის ქვედა სარტყლის ჰავა; აეროიონებითა და ფიტონციდებით გაჯერებული მთის ჰაერი; სუსტი მინერალიზაციის (M-1,2 გ/დმ3) აზოტიანი, ჰიდროკარბონატულ-სულფატურ-ნატრიუმიანი მინერალური წყალი.

ადიგენში ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორების გამოყენების მეთოდებია პასიური კლიმატოთერაპია და მინერალური წყლის აბაზანები

ადიგენის ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორების გამოყენების სავარაუდო ჩვენებები: დასვენება; ფილტვების ქრონიკული, არასპეციფიკური დაავადებები; საყრდენ-სამოძრაო აპარატის, პერიფერიული ნერვული და გულ-სისხლძარღვთა სისტემების, შარდ-სასქესო ორგანოებისა და კანის პათოლოგიები; ნივთიერებათა ცვლის, ცენტრალური ნერვული და ენდოკრინული სისტემების ფუნქციური დარღვევები.

ტურისტული ობიექტები

ჭულეს გუმბათოვანი ეკლესია (XIV ს.); იჯარეთის მართლმადიდებლური მონასტერი XIII საუკუნის სამრეკლოთი; უგუმბათო მართლმადიდებლური ეკლესიების ნანგრევები პატარა სმადაში (1467 წ.) ბოლაჯაურსა და უდეში (XIV-XVI საუკუნეები); ოქროსციხე, ერემჭალისა და ზანავის ციხეები (შუა საუკუნეები) და სხვ.


წყარო

მსოფლიო კურორტები და საკურორტო ადგილები: მცირე ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები