აზიმუტი
აზიმუტი – (azimuth, bearing), კუთხე დამკვირვებლის დგომის წერტილის მერიდიანის სიბრტყესა და დასამზერ საგანზე (დედამიწის ზედაპირზე ან მნათობზე) გამავალ ვერტიკალურ სიბრტყეს შორის. იზომება ჰორიზონტული კუთხე მერიდიანის მიმართულებასა და დასამზერი საგნის მიმართულებას შორის.
განასხვავებენ ჭეშმარიტ ანუ გეოგრაფიულ, გეოდეზიურ და მაგნიტურ აზიმუტებს. თუ საწყის მიმართულებად მიღებულია ასტრონომიული დაკვირვებებით განსაზღვრული გეოგრაფიული მერიდიანი, გვაქვს გეოგრაფიული აზიმუტი. თუ საწყის მიმართულებად მიღებულია მაგნიტური მერიდიანი, გვაქვს მაგნიტური აზიმუტი. ჭეშმარიტი და მაგნიტური აზიმუტები არ ემთხვევა ერთმანეთს, რადგან ერთმანეთს არ ემთხვევა დედამიწის გეოგრაფიული და მაგნიტური პოლუსები, თუმცა ერთმანეთის მახლობლად მდებარეობენ. კომპასის გამოყენებისას განვსაზღვრავთ მაგნიტურ მერიდიანს. გეოგრაფიულ მერიდიანზე გადასასვლელად უნდა ვიცოდეთ მაგნიტური მიხრილობა, რომლის კუთხე მითითებულია ტოპოგრაფიულ რუკებზე.
დედამიწის ზედაპირზე მდებარე საგნის გეოგრაფიული აზიმუტი აითვლება მერიდიანის ჩრდილოეთი მიმართულებიდან აღმოსავლეთით 0°-დან 360°-მდე. აზიმუტი გამოისახება გრადუსული სიდიდით. აზიმუტის ცნება გამოიყენება ტოპოგრაფიაში, კარტოგრაფიაში, ასტრონომიაში, ავიაციაში, კოსმონავტიკაში, ნავიგაციაში, ტურიზმში და სხვ.
მიმართულება | აზიმუტი |
---|---|
ჩრდილოეთი (ჩ) | 0° ან 360° |
ჩრდილო-აღმოსავლეთი (ჩა) | 45° |
აღმოსავლეთი (ა) | 90° |
სამხრეთ-აღმოსავლეთი (სა) | 135° |
სამხრეთი (ს) | 180° |
სამხრეთ-დასავლეთი (სდ) | 225° |
დასავლეთი (დ) | 270° |
ჩრდილო-დასავლეთი (ჩდ) | 315° |
იხილე აგრეთვე
გეოგრაფიული პოლუსები