აიასი (სოფოკლეს ტრაგედია)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

„აიასი“ – ძველი ბერძენი დრამატურგის სოფოკლეს ტრაგედია. ჩვენამდე მოღწეულ სოფოკლეს ტრაგედიათაგან უადრესად არის მიჩნეული, თუმცა უკვე ამ ნაწარმოებში იკვეთება ადამიანის თვითშემეცნების სოფოკლესათვის დამახასიათებელი თემა. საკუთარი თავისა და სამყაროს შესახებ ცოდნის შეძენა ღირებულებათა გადაფასების მტკივნეულსა და მტანჯველ პროცესს წარმოადგენს, რომელსაც წინ უმეცრებით გამოწვეული „სიგიჟე“ თუ „სიბრმავე“ უძღვის. სიბრმავეს ილუზიების ტყვეობაში ყოფნა განაპირობებს, რადგან ადამიანი გარემოსა და თვითშეფასების სისტემას ქმნის, რომელიც ერთადერთ რეალობად მიაჩნია. ამის საფუძველზე, შესაძლებელია, განვითარდეს კონფლიქტი ადამიანის სუბიექტურ ხედვასა და რეალობას შორის. აიასის ქცევის კოდექსი მეომრული ღირსებისა და მორალის პრინციპებს ეფუძნება. მისი აზრით, ის, ვინც ამ კოდექსის პრინციპებს პირნათლად იცავს და სრულყოფილებას აღწევს, პირველია პირველთა შორის და ღმერთებსაც არ უდებს ტოლს. ასეთად აიასი საკუთარ თავს მიიჩნევს და უნებლიეთ ამპარტავნებასა და ჰიბრისში ვარდება.

პიესის სიუჟეტი კიკლიური პოემიდან (ძვ. წ. VIII-VII სს.) „მცირე ილიადადან“ არის აღებული. აიასი (იგივე აიას ტელამონიდი, კუნძულ სალამინის მეფე, რომელიც 12 ხომალდით შეუერთდა ტროაში ლაშქრობას) ჰომეროსის „ილიადაში“ ერთ-ერთი თვალსაჩინო პერსონაჟია, ის ყოველთვის მზადაა დაეხმაროს თავის მეგობრებს და თანამებრძოლებს. სწორედ ის აირჩიეს ჰექტორთან ორთაბრძოლისთვის აქაველებმა აქილევსის ნაცვლად, როდესაც აგამემნონზე განაწყენებულმა აქილევსმა ომში მონაწილეობაზე უარი განაცხადა. ჰექტორისა და აიასის ორთაბრძოლა დაღამებამდე გაგრძელდა, თუმცა იმდენად თანასწორი იყო მათი ძალები, რომ ვერცერთმა ვერ გაიმარჯვა. მოწინააღმდეგეები ერთმანეთის სიმამაცემ ისე აღაფრთოვანა, რომ მათ ნიშნად პატივისცემისა საჩუქრები გაცვალეს – აიასმა ჰექტორს თავისი სარტყელი მისცა, ჰექტორმა კი ხმალი უსახსოვრა. ამ საჩუქრებმა ორივეს ცხოვრებაში საბედისწერო როლი ითამაშა (მოკლული ჰექტორის ცხედარი აქილევსმა აიასის სარტყელით მიაბა ეტლს მტვერში სათრევად, აიასმა კი ჰექტორის ხმლით მოიკლა თავი). პოემის გადარჩენილი ნაწილიდან ირკვევა, რომ სწორედ აიასმა გამოიტანა დაღუპული აქილევსის ცხედარი ბრძოლის ველიდან. ასეთი მეომარია ის აიასი, რომელსაც სოფოკლე თავისი ტრაგედიის ცენტრალურ გმირად აქცევს, თუმცა ჩვენ მას მისი ცხოვრების საბედისწერო მომენტში გავიცნობთ, როდესაც მთელი მისი განვლილი გზის გადაფასება უნდა მოხდეს.

ტრაგედიის შინაარსი შემდეგია: აქილევსის გარდაცვალების შემდეგ გადაწყდა, რომ მისი იარაღი და საჭურველი ბერძენთა შორის საუკეთესო მეომარს გადასცემოდა. აქაველთა მხედართმთავრებმა აგამემნონმა და მენელაოსმა (ატრიდებმა), ჯილდო ოდისევსს მიაკუთვნეს. ამ გადაწყვეტილებამ აიასი საშინლად აღაშფოთა. მან გადაწყვიტა, რომ ღამით აქაველთა ბელადები დაეხოცა. ბერძენთა დამცველმა ათენა პალადამ მეომარს გონება დაუბნელა, „შეშლილი“ აიასი საქონელს დაერია და დახოცა, ხოლო ნაწილი თავის კარავში შეიყვანა და იქ დააბა ჯავრის საყრელად. როდესაც გონს მოეგო და თავისი ნამოქმედარი იხილა, სირცხვილი და უიმედობა დაეუფლა, მის თვალში არსებობამ აზრი დაკარგა. შეწუხებულ მეუღლესა და სალამინელ მებრძოლებს თავი ისე მოაჩვენა, თითქოს ატრიდებთან დაზავებას აპირებდა, თვითონ კი ზღვის ნაპირზე ჰექტორის ნაჩუქარ ხმალს დაეგო და თავი მოიკლა. ტრაგედიის დასკვნით ნაწილში აქაველები დაობენ, დაკრძალონ თუ არა მოღალატე. საბოლოოდ, ოდისევსის რჩევით, გადაწყვეტენ, რომ ღვთაებრივ კანონებს სცენ პატივი და იგი მიწას მიაბარონ.

აიასისა და აქაველების დაპირისპირებას რამდენიმე მიზეზი აქვს. აქედან უმთავრესი აიასის პატივმოყვარეობაა. კონფლიქტი თანამებრძოლთა მხრიდან მისი ღირსების არასათანადო აღიარებასა და ცნობას ემყარება. მისი მიზანი თვითდამკვიდრებაა, რომლისთვისაც ის გმირობის გზას ირჩევს. მაგრამ საკმარისია, მისი უპირატესობა არ სცნონ, საკუთარი თავის რწმენას კარგავს და ღირსების შენარჩუნების ერთადერთ გზად დამცირების მიზეზის მოსპობას – ატრიდებისა და ოდისევსის მოკვლას მიიჩნევს. ამით ის სამართლიანობისა და შელახული ღირსების აღდგენას აპირებს. მისი მრისხანება მისი სისუსტისა და უძლურების გამოხატულებაა. ამიტომაც სჯის მას ასე სასტიკად სიბრძნის ქალღმერთი ათენა პალადა. ათენა თავის ფავორიტ ოდისევსს გადაარჩენს, აიასს დროებით სიგიჟეს მოჰგვრის და შინაურ ცხოველებს დაახოცინებს. ქალღმერთი ამასაც არ დასჯერდა, ოდისევსის თანდასწრებით დასცინებს შეშლილს. ათენას სიტყვებით, აიასი „მხოლოდ ადამიანია“, რომელსაც ღმერთებთან გატოლებისა და მათი შეურაცხყოფის უფლება არა აქვს. ის აფრთხილებს ოდისევსს – რომ ღმერთებთან თავშეკავებული უნდა იყოს, რადგან მათ „ღვთისმოსავები“ უყვართ, ხოლო „ამაყები“ კი სძულთ.

სოფოკლე, ერთი მხრივ, გვაჩვენებს, რომ აიასის გადაწყვეტილება საფუძველშივე მცდარია. სხვისი მოკვლით საკუთარი უპირატესობის მტკიცება ისეთივე ამაოა, როგორც უმწეო ცხოველებთან „გმირული შერკინება“. აიასი ბელადთა გადაწყვეტილებამ კი არა, საკუთარმა ქცევამ დაამცირა. თუმცა, მისი დანაშაულის ტრაგიკულობა გმირის ადამიანური თვისებებით არის განპირობებული. ის პირდაპირი და გულწრფელი ადამიანია. მისთვის უცხოა დიპლომატია, რაინდული წესებით მოქმედებს და საერთო საქმისათვის ძალ-ღონეს არ იშურებს. ამდენად, მისთვის უცხოა ის მოტივები, რომლებითაც ცბიერი არგიველები მოქმედებენ (აგამემნონი და მენელაოსი). აიასი ხვდება, რომ მათი შეფარული შური გამოიწვია, თუმცა ძალმომრეობის გარდა ვერაფერს უპირისპირებს მტრულ გარემოს. წრეგადასული მრისხანება მას საკუთარი პირდაპირი და რაინდული ბუნების საწინააღმდეგო ქცევისკენ – აქაველთა ბელადების ღამით, მიპარვით დახოცვისაკენ უბიძგებს. ჩვენ წინაშეა ადამიანი, რომელმაც თავისი ცხოვრებისეული მრწამსისა და მსოფლხედველობის ტოტალური ნგრევა განიცადა. ის – უშიშარი მეომარი უმწეო ცხოველებს დაერია, ხოცა და სტანჯა ისინი. მას დასცინეს როგორც შეშლილს და უიღბლო სულელს, დაივიწყეს მისი ყველა ღირსება და დამსახურება. აიასის სამყარო ერთბაშად დაინგრა, ის კოსმიური მასშტაბის განკერძოებაში აღმოჩნდა – ღმერთებისაგან და ადამიანებისაგან გარიყული. ქოროს სიტყვებით, აიასის სულში შინაგანმა განხეთქილებამ დაისადგურა, მან „თავი დაკარგა“. მართლაც, აიასი თავისი წინარე ცხოვრებისა და რწმენის გადაფასებას ახდენს. მის თავს დატრიალებული კატასტროფა, როდესაც ის ადამიანებისა და ღმერთების ხელში ნამდვილ სათამაშოდ იქცა, მას ყველა ილუზიისაგან ათავისუფლებს. „თავის დაკარგვა“ მას ახალ აიასს აპოვნინებს – ძლიერსა და თავისუფალს. ის აღარაფერს ელის, აღარაფერს ესწრაფვის, არავის წინაშე ვალდებულებას აღარ გრძნობს. ეუბნება კიდეც თავის თანამეცხედრე ტეკმესას – „არ იცი განა, რომ ღმერთების არარა მმართებს?“.

აიასი ცნობიერად ირჩევს სიკვდილს. ეს ნაბიჯი პრობლემებისაგან გაქცევა კი არა, მისთვის მიუღებელი სამყაროს წინაშე პროტესტია. თავისი თვითმკვლელობით ის უარს ეუბნება უსიყვარულო და დაუნდობელ სამყაროს, უსაფუძვლო იმედებს, ღმერთებსა და ადამიანებს. აიასი თავისუფლებას აღწევს, თუმცა ეს ჯერ ნეგაციის, უარყოფის თავისუფლებაა, ყოფიერებისთვის უარის თქმის თავისუფლებაა. სოფოკლეს შემდეგი დრამები ადამიანური თავისუფლების სხვა ასპექტებსაც დაგვანახებს.

რაც შეეხება აიასის, არგიველებისა და ოდისევსის ურთიერთობას, აქ აშკარად იკვეთება მსოფლმხედველობრივი ღირებულებითი კონფლიქტი. ერთ მხარეს დგას ოდისევსი, მეორე მხარეს კი აიასი. ოდისევსი, როგორც პერსონაჟი სოფოკლეს „ფილოქტეტესშიც“ შეგვხვდება. „აიასში“ ის მთავარი გმირის ოპონენტი და მისი სიგიჟის მიზეზია. ქოროს პაროდოსიდან ვიგებთ, რომ ოდისევსი აიასის შესახებ ცილისწამებას ავრცელებდა, ყველას მის წინააღმდეგ განაწყობდა და გმირის შესახებ უარყოფით აზრს ქმნიდა. აიასის სიგიჟემ კიდევ უფრო დაარწმუნა მისი მაგინებლები გავრცელებული ჭორების სიმართლეში, ის მოღალატედ სცნეს. ამ ფონზე, ირონიულად ჟღერს ოდისევსის ფინალური თავგამოდება, სადაც ის აიასის დამსახურებების აღსანიშნავად სიტყვით გამოდის და მხურვალედ არწმუნებს ბერძნებს, რომ გმირი დაკრძალვის ღირსია. საბოლოო სურათი ასეთია, ოდისევსმა თვითონ მიიყვანა აიასი სიგიჟემდე, ახლა კი თავად აღმოჩნდა მისი ქომაგი. აიასის თვითმკვლელობის შემდეგ ქორო ასე ახასიათებს ოდისევსს:

„თავის შავ გულში,
ცბიერ გულში,
დასცინის ჩვენს დარდს,
თავსდატეხილ უბედურებას,
ბოროტ სიცილით
მამაკაცი მრავლისმნახველი“

ფორმალურად, ოდისევსი ღვთაებრივი და საკაცობრიო კანონების გამომხატველი გამოდის, მის მხარესაა ათენას მხარდაჭერა, მას არგუნეს აქილევსის საჭურველი, მისი მორალური პოზიცია მტრის მიმართ, დიდსულოვანი და კეთილშობილურია. ის ეუბნება აგამემნონს:

„... დაე, იყოს ჩემი მტერი. ვაღიარებ:
ჩვენს შორის, ვინც ტროასთან შევიყარენით,
უმამაცესი იგი იყო, მომდევნოდ აქილევსისა.
როდესაც მას ღირსებას აჰყრი, სცდები.
ამით მას კი არა, ღვთაებრივ კანონებს
შეურაცხჰყოფ. როდესაც პატიოსანი კვდება,
პატივი არ უნდა აჰყარო, თუნდ მტერი იყოს“.

თვით ტევკროსი, აიასის ნახევარძმა მოიხიბლა ოდისევსის საქციელით (თუმცა აიასის დაკრძალვას არ დაასწრო იგი). ოდისევსისა და აიასის ქმედება ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავდება, აიასი ღირსების კოდექსით ხელმძღვანელობს, ის ემოციურია და უშუალო. მისი სიშლეგეც მის ემოციურ ბუნებას, მის გულწრფელობასა და პირდაპირობას ადასტურებს, ოდისევსი კი მუდამ შენიღბულია, ღმერთებისა და კაცთა თვალში საზრისიანობით, მოხერხებულობით გამორჩეული. ჩვენ წინაშე ადამიანის ქცევის ორი მოდელი იკვეთება, ერთი ტრადიციული, პირად ღირსებასა და სიმამაცეზე დაფუძნებული, მეორე კი პრაგმატული, დიპლომატიური, უემოციო. შესაძლოა, „აიასი“ თანამედროვე იდეოლოგიაზე სოფოკლეს რეაქციას წარმოადგენს, რომელიც ადამიანის ქმედების ეგოცენტრულ ინდივიდუალისტურ მოტივაციას ამკვიდრებს და სოფისტების ფილოსოფიიდან იღებს სათავეს. ამ გარემოებაზე ირიბ მინიშნებად შეიძლება ჩაითვალოს ისიც, რომ აიას ტელამონიდი კუნძულ სალამინის მეფეა. სალამინის ბრძოლა კი ბერძენთა უახლესი გმირული წარსულის უდიდესი მოვლენაა. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ სოფოკლე იმ ღირსებათა დაკარგვას განიცდის, რომლებიც ერთიანი ბერძნული იდეალების ერთგულ მსახურებას გულისხმობდა. ალექსეი ლოსევის აზრით, შესაძლოა, პიესის კონფლიქტი ბერძნულ პოლისებს შორის ურთიერთობის დაძაბვასა და ინტერესტთა კონფლიქტებსაც ასახავდეს, რაც საერთო ნაციონალური იდეის შენარჩუნებას საშიშროებას უქმნის.

თამარ ბოკუჩავა

იხილე აგრეთვე

აიასი

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები