ალანძის წმინდა თეოდორე ტირონის ეკლესია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ალანძის წმინდა თეოდორე ტირონის ეკლესია

ალანძის წმინდა თეოდორე ტირონის ეკლესია - (VII-VIII სს.), მდებარეობს საქართველოში, სოფელ ტოლოშის სამხრეთ-აღმოსავლეთით, მისგან 2 კმ დაშორებით (ახალციხის მუნიციპალიტეტი, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის ეპარქია).

ტაძარი აგებულია კლდეების ფონზე დაფერდებულ მინდორზე. დარბაზული ეკლესიის საყრდენად სამხრეთ და დასავლეთ მხარეს ორსაფეხურიანი ცოკოლია აგებული. სამშენებლოდ გამოყენებულია ადგილობრივი ბაზალტის თანაბარი ზომის უხეშად დამუშავებული და სწორ რიგებად დალაგებული ქვა (ტაძრის გარე ზომები: 5.4 X 9.8 მ). შენობის კუთხეები, სამხრეთ ფასადის ლუნეტი, ტაძრის პილასტრები, აფსიდის მხრები, სატრიუმფო თაღი და კონქი ამოყვანილია კარგად დამუშავებული ქვიშაქვით. დარბაზი აღმოსავლეთით ნალისებური მოხაზულობის აფსიდით სრულდება. ტაძარში ორი შესასვლელია: სამხრეთ ფასადზე იგი ოდნავ გაწეულია დასავლეთისკენ, ჩრდილოეთით კი არქიტრავით გადახურული ღიობი გაჭრილია საკურთხევლის სიახლოვეს. სამხრეთის კარი გარედან გადახურულია არქიტრავითა და ნალისებური ლუნეტით, შიდა მხარეს დასრულებულია ნალისებური თაღით. დარბაზულ ეკლესიას ჩრდილოეთიდან მცირე ზომის სწორკუთხა აფსიდიანი სამლოცველო ჰქონდა მიშენებული. მინაშენი დანგრეულია, მიწის ზევით 1 მ სიმაღლეზეა შემორჩენილი (სავარაუდოდ, სამლოცველოში შესვლა მხოლოდ ტაძრიდან შეიძლებოდა, მას სხვა კარი არც ჰქონია).

დარბაზი პილასტრებითა და საბჯენი თაღით გაყოფილია ორ არათანაბარ ნაწილად, დასავლეთ მონაკვეთი თითქმის ორჯერ აღემატება საკურთხევლის წინა ნაწილს. დარბაზი სამი სარკმლით ნათდება. საკურთხევლის სარკმლის გარდა, თითო სარკმელია სამხრეთ და დასავლეთ კედლებში.

ტაძრის შიდა სივრცე საგრძნობლად მაღალია, სატრიუმფო თაღი ნალისებურ მრუდეს შემოხაზავს. ინტერიერი შელესილი და მოხატული იყო, ნალესობის მცირე ფერადოვანი ფრაგმენტები დღესაცაა შემორჩენილი (ცილინდრული კამარა აღდგენილია, წლების განმავლობაში ტაძარი გადაუხურავი იყო). დარბაზის იატაკზე ქვის ფილებია დაფენილი. სარკმლების ღიობები გარედან თაღოვანია, შიდა მხრიდან – სწორკუთხა, გადახურულია არქიტრავით. ტაძრის ფასადები სადაა, მშენებელმა ერთადერთი სამკაული – კარის ზემოთ ორსაფეხურიანი ლუნეტი – სამხრეთ ფასადზე განათავსა. კარი გადახურულია დაახლოებით 30-35 სმ სიმაღლის არქიტრავით და მასზე მორგებული ლუნეტის თაღი კედლის წყობიდან 10-12 სმ-ით წინაა წამოწეული. არქიტრავის კიდეები თითო სფეროთი სრულდებოდა, რომელსაც ლუნეტის თაღი ეყრდნობა. ლუნეტის მეორე საფეხური, თაღი, ასევე ნალისებურ მრუდეს შემოხაზავს, რომლის „საყრდენი“ წრიული ცილინდრია. მასზე ერთი ღარით სპირალია გამოყვანილი (არქიტრავის ქვის წინა პირი, მეორე წრიული ცილინდრის ზედაპირი ჩამოშლილია). ლუნეტის თავსართს მცირე წრეებისა და სწორი მონაკვეთების უწყვეტი ზოლი მიჰყვება, რომელიც ქვედა მხარეს შემკულია შეწყვილებული ბურთულებით. ლუნეტი, სავარაუდოდ, გამჭოლი იყო და სიღრმეში „ჩავარდნილი“ კედელი მოგვიანებითაა დამატებული.

ფასადზე ნაკლებად შესამჩნევი ორი დეკორატიული ელემენტია: ფასადის განაპირა აღმოსავლეთ კიდეზე, ქვემოდან მესამე ქვაზე, წრეში ჩასმული ბოლოებგაფართოებული ტოლმკლავა ჯვარია, რომელიც გამოყვანილია ფონის ჩაწევით. სამხრეთ სარკმელი, ერთ ქვაში გამოკვეთილი მკვეთრად ნალისებური მოხაზულობის თაღით სრულდება. აქაც წყობასთან შედარებით დიდი ზომის ქვიშაქვაა გამოყენებული. ფასადი დასრულებულია მარტივი პროფილის თაროსებური კარნიზით. აღმოსავლეთ და დასავლეთ ფასადები სადაა. ფასადზე ყვითელი ან მოწითალო ფერის ქვისაგან ამოყვანილი თითო სარკმელია. ჩრდილოეთ ფასადი ყრუა და ერთადერთი ღიობი სადა სწორკუთხა კარია.

ტაძრის მახლობლად სამხრეთ-დასავლეთით, მდინარის გადაღმა კლდეში ნაკვეთი ქვაბებია, სავარაუდოდ, სამონასტრო კომპლექსის ნაწილი. შენობების კვალი ტაძრის სამხრეთითაც შეიმჩნევა.

გ. მარსაგიშვილი



ლიტერატურა

  • ჩუბინაშვილი ნ., ალანძა, საქ. სსრ მეცნ. აკადემიის „მოამბე“, 1956, ტ. 17, №6;
  • Чубинашвили Н., Шашианис Самеба, Тб., 1988.

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები