ალახაძი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ალახაძი

ალახაძი – (ინგლ. Alaxadzy, რუს. Алахадзи), სოფელი საქართველოში, კლიმატური საკურორტო ადგილი აფხაზეთში, გაგრის ზონაში, გაგრიდან 15 კმ-ში, სამხრეთ-დასავლეთით, შავი ზღვიდან 3 კმ-ში, დასავლეთით, მდ. ბზიფის მარჯვენა ნაპირზე, ზღვის დონიდან 7-10 მ-ის სიმაღლეზე. რელიეფი – ვაკე-ბორცვიანი.

დამტკიცებულია, როგორც საკურორტო ადგილი საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 22 ივლისის №655 ბრძანებულებით.

ჰავა – შავი ზღვის სანაპიროს, ნოტიო, სუბტროპიკული. ზამთარი რბილია. უყინვო პერიოდი 300 დღეს აღემატება. იანვრის საშუალო ტემპერატურაა 6,2°C. ზაფხული თბილია. აგვისტოს საშუალო ტემპერატურაა 23°C. საშუალო წლიური ტემპერატურა შეადგენს 14,1°C, საშუალო წლიური ფარდობითი ტენიანობა – 76%-ს, ხოლო ნალექების წლიური რაოდენობა – 1345 მმ-ს. ნალექების მაქსიმუმი მოდის იანვარზე, ხოლო მინიმუმი – ივნისზე.

ალახაძისა და მისი მიდამოების ტერიტორია დაფარულია: მარადმწვანე ქვეტყით (წყავი, შკერი, ბაძგი, ბზა და სხვ.), თამბაქოს პლანტაციებით, ხეხილის ბაღებითა და ვენახებით.

ალახაძის ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორებია: ზღვისპირა სუბტროპიკული ჰავა, ზღვის მარილებით გაჯერებული ზღვისპირა ჰაერი და ზღვის წყალი.

ალახაძის ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორების გამოყენების მეთოდია თალასოთერაპია (ჰაერისა და მზის აბაზანები, ბანაობა ზღვაში წელიწადის თბილ პერიოდში, პასიური კლიმატოთერაპია მთელი წლის განმავლობაში და სხვ.).

ჩვენებები ალახაძეში წასასვლელად: დასვენება; ცენტრალური ნერვული სისტემის ფუნქციური დარღვევები; ფილტვების ქრონიკული, არასპეციფიკური დაავადებები; გულ-სისხლძარღვთა სისტემის პათოლოგიები.

ტურისტული ობიექტები:

ალახაძიში (გაგრის მართლმადიდებლური ეკლესია (VI-VII საუკუნეები); ბიჭვინთის მართლმადიდებლური მონასტერი (X-XI საუკუნეები); ანტიკური და ადრე შუა საუკუნეების ბიჭვინთის ნაქალაქარი; ბზიფის კომპლექსი (IX-X საუკუნეების მართლმადიდებლური ეკლესია, ციხე და კოშკები); VI საუკუნის I ნახევრის მართლმადიდებლური ბაზილიკური ეკლესია განთიადში და ციხე მის მიდამოებში; ციხე „სამების კარი“ სულევოს მიდამოებში (შუა საუკუნეები); ადრინდელი ფეოდალური ხანის ალახაძის მართლმადიდებლური ეკლესია, გვიანდელი ფეოდალური ხანის ალახაძის სასახლის ნანგრევები და სხვ.


წყარო

მსოფლიო კურორტები და საკურორტო ადგილები: მცირე ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები