ალექსიძე დოდო
დიმიტრი (დოდო) ალექსიძე − (23 თებერვალი 1910, თბილისი − 4 დეკემბერი 1984, იქვე), დრამატული და საოპერო რეჟისორი, პედაგოგი, თეატრალური მოღვაწე. საქართველოს (1955), უკრაინის (1969) და სსრკ (1978) სახალხო არტისტი. შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო (1985) და ტ. შევჩენკოს სახელობის (1970) პრემიების ლაურეატი.
1934 დაამთავრა მოსკოვის ლუნაჩარსკის სახელობის თეატრალური ხელოვნების ინსტიტუტი. 1935-იდან იყო შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიური თეატრის დამდგმელი რეჟისორი (1959-64 მთავარი რეჟისორი). 1964-70 მოღვაწეობდა კიევში ი. ფრანკოს სახელობის აკადემიურ თეატრში. 1970-იდან კ. მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო თეატრში დამდგმელ რეჟისორად. თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში დადგა: გ. კილაძის „ბახტრიონი“ (1936), ო. თაქთაქიშვილის „მინდია“ (1961), ჯ. ვერდის „ოტელო“ (1979). 1939-64 და 1970-84 იყო თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის რეჟისურისა და აქტიორული ოსტატობის კათედრის გამგე, 1950-51 ისტიტუტის დირექტორი. 1973-84 საქართველოს თეატრალური საზოგადოების თავმჯდომარე.