ალკოჰოლით ან სხვა ფსიქოაქტიური საშუალებებით განპირობებული ფსიქოზური აშლილობა
ალკოჰოლით ან სხვა ფსიქოაქტიური საშუალებებით განპირობებული ფსიქოზური აშლილობა - (F1x.5), (psychotic disorder, alcohol- or drug indused) ფსიქოზურ გამოვლინებათა კომპლექსი, რომელიც გამოწვეულია ნივთიერებათა მავნედ მოხმარებით. აღნიშნული გამოვლინებები არ არის მხოლოდ მწვავე ინტოქსიკაციის შედეგი და არც მხოლოდ აღკვეთის სინდრომის სიმპტომოკომპლექსის ნაწილი. დარღვევები ხასიათდება ჰალუცინაციებით (როგორც წესი, სმენითი და ხშირად რამდენიმე მოდალობით), დამახინჯებული აღქმით, ბოდვით (ხშირად პარანოიდულით, პერსეკუტორული შინაარსით), ფსიქომოტორული დარღვევებით (აღგზნება და სტუპორი). ცნობიერება – ზოგადად ნათელი, თუმცა შესაძლებელია, ადგილი ჰქონდეს მის რამდენადმე დაბინდვას ამ კატეგორიაში შედის ისეთი ცნებები, როგორიცაა: ალკოჰოლური ჰალუცინოზი, ამფეტამინური ფსიქოზი და ქრონიკული ფსიქოზური მდგომარეობა, გამოწვეული ალკოჰოლით ან სხვა ფსიქოაქტიური საშუალებებით.
ტერმინი „ალკოჰოლური ფსიქოზი“ გამოიყენება ფსიქიატრიული საავადმყოფოების კონტექსტში და ცნების ძალიან ფართო გაგებით, ამ ტერმინით აღნიშნავენ ნებისმიერ ფსიქოზურ დარღვევას, რომელიც დაკავშირებულია ალკოჰოლის გამოყენებასთან (მათ შორის, ალკოჰოლური დამოკიდებულება). დსკ მე-10-ში ფსიქიკური დარღვევები, გამოწვეული ფსიქოაქტიური საშუალებებით, გამოყოფილია რუბრიკით – ალკოჰოლით ან ფსიქოაქტიური ნივთიერებებით გამოწვეული რეზიდუალური და ნარჩენი ფსიქოზური დარღვევები.
ალკოჰოლით ან სხვა ფსიქოაქტიური საშუალებებით გამოაწვეული ფსიქოზური აშლილობები
- ალკოჰოლური ჰალუცინოზი (alcoholic hallucinosis)
- ალკოჰოლური პარანოია (alcoholic paranoia)
- ალკოჰოლური ღაზოიანობის (ეჭვიანობის) ბოდვითი აზრები (alcohol jealousy)
- კორსაკოვის ფსიქოზი (Korsakov psychosis)
- ალკოჰოლური დემენცია (alcoholic dementia)
- ვერნიკეს ენცეფალოპათია (Wernicke encephalopathy)
- ამნეზიური სინდრომი გამოწვეული ალკოჰოლით ან სხვა ფსიქოაქტიური ნივთიერებებით
- ეჭვიანობა, ალკოჰოლური (jealousy, alcoholic)
იხილეთ აგრეთვე
აშლილობა გამოწვეული ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარებით