ალპ დუ გრანდ-სერე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ალპ დუ გრანდ-სერე – (ინგლ. Alpe du Grand-Serre, რუს. Альп дю Гранд-Серре), კლიმატური, სამთო-სათხილამურო კურორტი სამხრეთ-აღმოსავლეთ საფრანგეთში, რონა-ალპების რეგიონში, იზერის დეპარტამენტში, ლა-მორტის მუნიციპალიტეტში, ქ. გრენობლიდან 36 კმ-ში, სამხრეთ-აღმოსავლეთით, ხოლო ქ. შამბერიდან 100 კმ-ში, სამხრეთით. მდებარეობს ჩრდილო ალპებში, რომანშისა და როიზონის ველებს შორის, ზღვის დონიდან 1368 მ-ის სიმაღლეზე. შემოფარგლულია ტაიფერის მთის მასივითა და გრანდ-სერეს მთით. რელიეფი – ბორცვიან-მთაგორიანი.

ჰავა – ზომიერად კონტინენტური, შუა მთის ქვედა სარტყლის. ზამთარი ზომიერად ცივია. თოვლის საფარი მდგრადია. იანვრის საშუალო ტემპერატურაა -2,2°C. ზაფხული გრილია. ივლისის საშუალო ტემპერატურაა 15,2°C. საშუალო წლიური ტემპერატურაა 6,2°C, ხოლო ნალექების წლიური რაოდენობა – 1100 მმ. ნალექების მაქსიმუმი მოდის შემოდგომაზე (298 მმ), ხოლო მინიმუმი – ზაფხულზე (226 მმ). ყველაზე ნალექიანი თვეა დეკემბერი (120 მმ), ყველაზე მშრალი – ივლისი (78 მმ).

კურორტის ტერიტორიაზე გავრცელებულია: მუხის, წიფლის, ნაძვის, ფიჭვისა და სოჭის ნარგავები. ალპ დუ გრანდ სერეს მიდამოებში გვხვდება: სოჭნარი, ნაძვნარი, ფიჭვნარი და დაბალბალახიანი ალპური მდელოები, სადაც ხარობს: ფხიჭა, ფურისულა, ყოჩივარდა, ასტრა და სხვ.

ალპ დუ გრანდ-სერეს ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორებია შუა მთის ქვედა სარტყლის ჰავა და მსუბუქი აეროიონებითა და ფიტონციდებით გაჯერებული მთის ჰაერი.

ალპ დუ გრანდ-სერეს ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორების გამოყენების მეთოდია პასიური კლიმატოთერაპია.

ჩვენებები ალპ დუ გრანდ-სერეში წასასვლელად: დასვენება; ზამთარში – სრიალი თხილამურებითა და სნოუბორდით, ციგაობა, ციგურაობა, სკაისკორინგი და სხვ; ფრენა დელტაპლანითა და ვერტმფრენებით და სხვ.; ფილტვების ქრონიკული არასპეციფიკური და ალერგიული დაავადებები; ნივთიერებათა ცვლისა და ცენტრალური ნერვული სისტემის ფუნქციური დარღვევები.

ტურისტული ობიექტები:

ალპ დუ გრანდ-სერეში (ალპ დუ გრანდ-სერეს რომაულ-კათოლიკური ეკლესია და რომაულ-კათოლიკური მონასტერი (XIX საუკუნე); ჟანდარმერიის შენობა (XX საუკუნე) და სხვ.).


წყარო

მსოფლიო კურორტები და საკურორტო ადგილები: მცირე ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები