ანდრონიკაშვილი იოსებ
ანდრონიკაშვილი, იოსებ ზაქარიას ძე (1855, 2/VII – 1940, 30/V) – ინჟინერ-მშენებელი და გამომგონებელი, პირველი ქართველი გზათა ინჟინერი, ქართული ტექნიკური ლიტერატურის ფუძემდებელი, კახეთის რკინიგზის გაყვანის, სამუდამო თეატრისა და თბილისის სამუსიკო სასწავლებლის დაარსების ერთ-ერთი თაოსანი.
სარჩევი |
ბიოგრაფია
დაიბადა ქ. თბილისში. დედა – თინათინ – თომა ჯორჯაძის ასული იყო, მამა – კახეთის მემამულეთაგანი, სოფ. მალაანიდან, – შინაურულად, სკოლის გარეთ აღზრდილი, მაგრამ ბუნებით ნიჭიერი, გავლენიანი, სწავლა-განათლების დიდად შემფასებელი და შვილების განათლებისათვის თავგამოდებული. ერთხელ მეზობელმა უსაყვედურა: „მამულ-დედული კარგი გაქვს და შვილების სწავლა-აღზრდაზე ამოდენა ფულს რათა ხარჯავ, განა მამულის შემოსავლით ვერ იცხოვრებენო?“. ზაქარიამ მიუგო: „მამულ-დედული გაქრება, სწავლა-განათლება დარჩება. სჯობია, გონება ნათელი გქონდეს, ვიდრე მამული გეგულებოდესო“. იოსებმა მამის ოჯახში შეისწავლა ქართული, ფრანგული და ინგლისური ენები. 12 წლისა თბილისში, ყიფიანის პანსიონში რუსული ენის შესასწავლად შეიყვანეს. დაამთავრა თბილისის მეორე რეალური სასწავლებელი (1876) და პეტერბურგის საინჟინერო ინსტიტუტი (5 კურსი 4 წელში) გზათა ინჟინრის პირველი ხარისხით (1881). იცოდა რუსული, ფრანგული, ინგლისური ენები, გარდა ამისა, მუსიკა (ვიოლინო), მხატვრობა და სხვა.
საგზაო-საინჟინრო მოღვაწეობა და რეგიონული ინფრასტრუქტურული პროექტები
1881 წელს სოჭი-ტუაფსეს გზატკეცილის გამომკვლევი ჯგუფის უფროსად მსახურობდა, 1882-1890 წლებში – თბილისი-მანგლისის გზის უფროსად (მანგლისში დიდი თიანეთიდან გაიყვანა გზატკეცილი), 1888 წელს, დროებით მივლინებით – თბილისი-თონეთის ყამირ-გზის შემკეთებლად; 1890 წელს – თბილისი-ბეზობდალის გზის უფროსად (სოღანლუღიდან გაიყვანა 40 ვერსი ახალი გზატკეცილი); 1891 წელს – კავკასიის ოლქის სამმართველოს ტექნიკურ განყოფილებაში; 1892 წელს – თბილისი-თელავის გზის უფროსად (1901 წლამდე); 1896 წლიდან – ს. საცხენისიდან ვანტლაშეტის გადასავლამდე გზატკეცილის გამომკვლევ-ამშენებლად (გაიყვანა 40 ვერსი).
1902-1903 წწ. პირველმა გამოიკვლია კახეთის რკინიგზის საუკეთესო მიმართულება, რაც 1911 წელს დაამტკიცეს და გზაც აშენდა (თუმცა მისი და მთელი ქიზიყის მოთხოვნის მიუხედავად, მიმართულება ნაწილობრივ შეცვალეს). მანვე შეადგინა შავი ქვის მაღაროებიდან ჭიათურამდე გასაყვანი ვიწროლიანდაგიანი რკინიგზის გეგმა, რაც გზათა სამინისტრომ დაამტკიცა კიდეც, მაგრამ მშენებლობა რუსეთ-იაპონიის ომმა და რევოლუციამ შეაჩერა. 1909 წელს გზატკეცილების სამმართველოს განყოფილების უფროსად მუშაობდა. 1916 წლამდე ტექნიკური განყოფილების უფროსი იყო. 1918-1921 წწ. – საქართველოს რესპუბლიკის გზატკეცილების სამმართველოს სამუშაოთა უფროსად, 1921-1923 წწ. – თბილისის სახალხო მეურნეობის საბჭოს გზათა აღმშენებლობის უფროსად, შემდეგ – საქართველოს გზატკეცილების სამმართველოს უფროსად, 1923 წლის დამლევიდან – ამავე სამმართველოს სამუშაოთა ინსპექტორად მუშაობდა. საგზაო მშენებლობის საქმეში ანდრონიკაშვილს ხშირად მადლობას უცხადებდნენ და ფულადი ჯილდო ეძლეოდა.
კულტურულ-საგანმანათლებლო და თეატრალური მოღვაწეობა
საზოგადოებრივი მოღვაწეობის ასპარეზზე სტუდენტობის დროსვე გამოვიდა: რუსეთში პირველმა დააარსა (1879) ყველა უმაღლეს სასწავლებლის ქართველ სტუდენტთა არალეგალური ჯგუფი ქართული ენის, ისტორიისა და ლიტერატურის შესწავლის მიზნით (შემდეგში იგივე ქართველ „სტუდენტთა სათვისტომოდ“ წოდებული), შექმნა სალარო (6000 მან.) ღარიბ სტუდენტთა დასახმარებლად, რისთვისაც 1879 წელსვე, თბილისში, „ნემენცების კლუბში“ – გოლოვინის (რუსთაველის) გამზირზე წარმოდგენა გამართა (პიესა „ჟორჟ დანდენი“). ამ წარმოდგენიდან აღებული 300 მანეთით პეტერბურგის მხატვართა კლუბში ქართველ სტუდენტთა მონაწილეობით პირველი ქართული წარმოდგენა გამართა („მზის დაბნელება საქართველოში“. თვითონ ასრულებდა სამ როლს: მებატონეს, ჩინოვნიკსა და კინტოს), რომელიც ორჯერ დაიდგა. მონაწილეობა მიიღო „ქართული დრამატული საზოგადოების“ დაარსებაში, რომლის გამგეობის წევრადაც 8 წელი ირიცხებოდა. ჩააბარეს „სალარო“, რომელშიც გროში არ იყო. თეატრს არ მოეპოვებოდა გარდერობი, რეკვიზიტი, მუდმივი დასი. ანდრონიკაშვილმა შეკრიბა სცენისმოყვარეთა დასი (მ. მ. საფაროვა-აბაშიძისა, ნ. მ. გაბუნია-ცაგარლისა, კ. ყიფიანი, ვ. აბაშიძე, ვ. ცაგარელი, ნ. ავალიშვილი, შემდეგ ვ. გუნია და კ. მესხი). წარმოდგენისათვის თვით იოსებ ანდრონიკაშვილი შოულობდა ტანისამოსს, რეკვიზიტს, თითქმის მთელი წელიწადი მსახიობებს თავისი სახსრებიდან აძლევდა ჯამაგირს, რეპეტიციებს საკუთარ ოჯახში მართავდა, საჭიროების დროს ზოგიერთ როლს თვითონვე ასრულებდა. მ. მ. საფაროვა-აბაშიძის მოწმობით: „ქართული თეატრის აღორძინებისათვის ანდრონიკაშვილის საზოგადოებრივი ღვაწლი დიდია. ქართული თეატრის აკვანი პირველად მის ოჯახში დაირწა“.
1880 წელს, თელავის კლუბში, იოსებ ანდრონიკაშვილის თაოსნობით და სცენისმოყვარეთა მონაწილეობით პირველი წარმოდგენა გაიმართა, რისთვისაც თვითონ დახატა დეკორაცია და ყოველგვარი ხელსაწყო მოიპოვა.
1882 წელს იოსებ ანდრონიკაშვილმა პეტერბურგის კონსერვატორიის მოსწავლეებს (რომლებიც მასთან ერთად ამთავრებდნენ სწავლას) – მ. იპოლიტოვ-ივანოვს (კომპოზიტორი), ვ. არუდნაიას (მომღერალი), კ. გორსკის (ვიოლინისტი), გლენს (ვიონჩელისტი) და ბეტინუს (პიანისტი) შესთავაზა, რომ თბილისში ჩამოსულიყვნენ და ერთად დაეარსებინათ მუსიკალური განყოფილება. მართლაც, გაზაფხულზე ისინი ჩამოვიდნენ და თბილისის კერძო მუსიკალური სასწავლებლის მესვეურებს: კ. მ. ალიხანოვს, ა. ი. მიზანდარს და ხ. სავანელს წინადადებით მიმართეს. ამ პირთ განზრახვა ძალიან მოეწონათ და საქმეს დიდი თანაგრძნობით მოეკიდნენ. აღძრეს შუამდგომლობა რუსული მუსიკალური საზოგადოების მიმართ და მიიღეს დასტური. ასე დაიბადა თბილისში აღნიშნული განყოფილება, რომლის პირველ დირექტორებად დაინიშნა ზემოთხსენებული კერძო სასწავლებლის სამი ხელმძღვანელი, მ. იპოლიტოვ-ივანოვი და იოსებ ანდრონიკაშვილი. კერძო მუსიკალური სასწავლებელიც ამ დირექციის გამგეობის ქვეშ გადმოვიდა. ანდრონიკაშვილი დირექტორი ათი წლის განმავლობაში იყო და რითაც შეეძლო, ამ საქმეს ემსახურებოდა: მის სახლში გაიმართა ცენტრი, სადაც იკრიბებოდნენ გამოჩენილი მსახიობები, მუსიკოსები, ლიტერატორები და მხატვრები – როგორც ქართველები, ასევე უცხოელები. იმ დროს, თბილისში მხოლოდ ოპერას ჰყავდა სიმებიანი ორკესტრი 28 მუსიკოსით, ისიც მხოლოდ ზამთრობით. ამიტომ სიმფონიური კონცერტების გამართვა ძნელი იყო, იშვიათად ტარდებოდა და ხალხს ვერ იზიდავდა. იოსებ ანდრონიკაშვილმა შეკრიბა თბილისში მყოფი საუკეთესო მუსიკოსები და შეადგინა პირველი სიმებიანი ორკესტრი 58 მუსიკოსით, რომელმაც ერთ სეზონში შვიდი სიმფონიური კონცერტი გამართა. შვიდივე კონცერტმა იმდენი ხალხი მიიზიდა, რომ თეატრში თავისუფალი ადგილი არ მოიპოვებოდა. ეს მუსიკალური განყოფილება მოგვიანებით თბილისის კონსერვატორიად გადაკეთდა.
ამავე დროს, იოსებ ანდრონიკაშვილი იყო ქართული დრამატული საზოგადოების გამგეობის წევრი, მდივანი და ხაზინადარი. ასევე, მისი მონაწილეობით დაარსდა თბილისის არტისტული საზოგადოება, სადაც მამასახლისად არჩეული ანდრონიკაშვილი მუსიკალურ-დრამატულ განყოფილებას განაგებდა. მან შეადგინა ორკესტრი და სცენისმოყვარეთა და მიწვეულ არტისტთა მონაწილეობით ოპერეტებს, ოპერებს, დრამატულ წარმოდგენებს დგამდა. ამ საზოგადოებას (სადაც იოსებ ანდრონიკაშვილი ოთხ გამგეთაგან ერთ-ერთი იყო) ოთხი წლით აღებული ჰქონდა სახაზინო ოპერის ანტრეპრიზა.
გარდა ამისა, იოსებ ანდრონიკაშვილი თბილისში ყველა სამეცნიერო-საზოგადო დაწესებულების („ქ.შ.წ.კ.გ.” საზოგადოების და სხვ.) ტექნიკური წევრი იყო, ყველა მათგანში თავისი წვლილი შეჰქონდა. 1911 წელს, თბილისში დააარსა „ახალი კლუბი“ (იგივე „ქართული კლუბი“, აწინდელი „ვოროშილოვის სახ. კლუბი“), რომელიც ქართულ თეატრთან ერთად ერთ შენობაში მოათავსა. აქ შეიქმნა მდიდარი ბიბლიოთეკა, ასევე – მუდმივი სიმებიანი ორკესტრი 40 წევრის შემადგენლობით. ამ კლუბში კვირაობით იმართებოდა სიმფონიური კონცერტები, დრამატული წარმოდგენები (ყველა ენაზე), დროგამოშვებით – ოპერები, ლექციები, სამხატვრო გამოფენები; კონცერტებში მონაწილეობდნენ უცხოეთიდან მოწვეული მუსიკოსებიც: გოფმანი, გუბერმანი, ვოციანი, ბოროვსკი და სხვ.; პირველი ქართული ოპერა – რ. გოგნიაშვილის „ქრისტინე“ აქ დაიდგა (1918). კლუბი ნივთიერად ეხმარებოდა ქართულ გიმნაზიას, დრამატულ და „წერა-კითხვის საზოგადოების“ წინამძღვარიანთ სასოფლო-სამეურნეო სკოლას, დაწყებით სკოლებს, ჰყავდა სტიპენდიანტები მაღალ, საშუალო და დაბალ სასწავლებლებში.
იოსებ ანდრონიკაშვილმა გამოიგონა: 1. დაჭრილავადმყოფთა გადასაყვანი საკაცე (ერთი ვირით საზიდი ორთვალი საწოლი), რომელიც მსოფლიო ომის დროს (1915) საუკეთესოდ იყო ცნობილი (მოდელი სამხედრო შტაბს გადაეცა); 2. ვაგონების ავტომატური მუხრუჭი.
იოსებ ანდრონიკაშვილმა პირველმა შეადგინა სააღმშენებლო ტექნიკური სახელმძღვანელოები ქართულ ენაზე: „სააღმშენებლო ხელოვნება“ (თბ., 1928; 1932), „ურელსო გზები, კურსი ტექნიკუმებისათვის, გზის ოსტატის და ათისთავებისათვის” (თბ., 1930; 1932). ხელნაწერად დარჩა „ქართული თეატრის ისტორია“.
1926 წლის 9 თებერვალს, საქართველოს პროფკავშირთა საბჭოს დიდ დარბაზში იოსებ ანდრონიკაშვილს 45 წლის მოღვაწეობის იუბილე გადუხადეს, რომლის დროსაც უმაღლეს სამეურნეო, სამეცნიერო და საზოგადოებრივ დაწესებულებათა წარმომადგენლებმა აღინიშნეს, რომ მისი სამოღვაწეო ასპარეზი „ყოველნაირ წარმოებისთვის სახალხო მეურნეობის დარგში უმნიშვნელოვანეს და აუცილებელ საჭიროებას წარმოადგენს“; რომ პირველი ქართველი ინჟინერია, რომელმაც საძირკველი ჩაუყარა „საქართველოს ბუნებრივ სიმდიდრეთა რაციონალურად გამოყენების საქმეში საჭირო სპეციალისტთა“ კადრების აღზრდას”.
გარდაიცვალა 1940 წლის 30 მაისს. დაკრძალულია ვაკის სასაფლაოზე.
ცალკე გამოცემულია
1. სააღმშენებლო ხელოვნება. – ნაწ. I. – თბ.. 1928. – ტ. III; თბ., 1932. – ტ. IV;
2. ურელსო გზები, კურსი ტექნიკუმებისათვის, გზის ოსტატის და ათისთავებისათვის. – თბ., 1930; I ტ. – თბ., 1932.
გამოყენებული ლიტერატურა
- ავტობიოგრაფია;
- ქართული თეატრის ისტორია. ი. ანდრონიკაშვილის ხელნაწერი;
- ახალი ამბავი // ივერია. – 1886. – № 12;
- თეატრი და ცხოვრება. – 1915. – № 35. – გვ. 8;
- მარქაროვი, ი. ინჟინერ ი. ანდრონიკაშვილის მოღვაწეობის 45 წ. იუბილეს გამო // კომუნისტი. – 1926. – № 23;
- მუშა. – 1926. – 5 თებერვალი. – № 963;
- საიუბილეო სიტყვები და მიწერილობანი: სახ. მეურნეობის უმაღლესი საბჭოს და სამთო სამმართველოს წარმომადგენლის, სსსრ გზატკეცილების სამმართველოს და აგურის ქარხნების მუშა-მოსამსახურეთა წარმომადგენლის – კ. ი. ნინიძის, შინსახკომის წარმომადგენლის - ინჟ. ავ. ბერიშვილის, სახ. უნივერსიტეტის პოლიტექნიკური ფაკულტეტის წარმომადგენლის – კ. ფერაძის;
- სახკომსაბჭოს ბრძანება 1926წ., 9 თებ., № 192, რესპ. სახ. არტისტის მ. მ. საფაროვ-აბაშიძის, რექტორ კომპ. დ. არაყიშვილის, თამ. ჭავჭავაძის, ინჟ. გ. ჩხეიძის, ინჟ. ნასიძის, სახ. ოპერის წარმომადგენელი – ს. ი. ევლახოვის, პროფ. ზავრიევის და სხვ.
- Бюллетен цент. упр. мест. транспорта Н. К. П. С. – 1926. – № 13-16;
- Заря Востока. – 1926. – 2, 3 февраля. – № 6; 1940. – № 125 (5047);
- ჩაიკოვსკი თბილისში // საბჭოთა ხელოვნება. – 1938. – № 4. – გვ. 77-78;
- Памяти Андроникашвили // Заря Востока. – 1940. – № 125. – გვ. 4;
- ზურაბიშვილი, ილია. ოთხი პორტრეტი: მაკო, ვასო, ნატო, ლადო. – თბ.: ხელოვნება, 1948. – გვ. 6.