ანისის ქართული წარწერები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ანისის ქართული წარწერები − ქართული ეპიგრაფიკული ძეგლები, ამოკვეთილი ძველი სომხეთის ისტორიულ დედაქალაქის – ანისის ქართულ მართლმადიდებელი ეკლესიის ძეგლებზე. წარწერების უმრავლესობა ქართული ფეოდალური სახელმწიფოს ძლიერების ხანას განეკუთვნება და XII ს. დასასრ., XIII ს-ით თარიღდება. ქართული ენის წერილობითი ძეგლების ასე შორს გავრცელება სამხრეთ კავკასიაში (ასევე ჩრდილოეთ – კავკასიონის გადაღმა) ქვეყნის პოლიტიკური ჰეგემონობის მაჩვენებელია. ანისის ქართული წარწერების მნიშვნელოვანი ნაწილი იმ დროს განეკუთვნება, როდესაც ანისი საქართველოს სახელმწიფოს შემადგენლობაში იყო ან მას ექვემდებარებოდა. საყურადღებოა, რომ 1320-შიც კი, როდესაც ქვეყანაში მონღოლები ბატონობდნენ ანისი და მისი მიმდებარე ტერიტორიები მაინც საქართველოს შემადგენლობაში ითვლებოდა, როგორც ამას ამტკიცებს ანისის ე. წ. მანუჩეს მეჩეთზე ამოკვეთილი სპარსულენოვანი ეპიგრაფიკული საბუთი – აბუ საიდ ბაპადურ-ხანის იარლიყი.

ანისის ქართული წარწერათა შორის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ორი ეპიგრაფიკული საბუთი – 1218 და 1288 წლებისა.

პირველი წარმოადგენს კათალიკოს ეტიფანეს „დაწერილს“; აღმოჩენილია 1911 აკადემიკოს ნ. მარის ხელმძღვანელობით ანისის არქეოლოგიური გათხრებისას ერთ-ერთი ქართული ეკლესიის ნანგრევების გაწმენდის დროს. წარწერიანი ქვები მიწით იყო დაფარული. მათი აწყობის შემდეგ დიდი მოცულობის ტექსტი მთლიანად გაიმართა. წარწერა ამოკვეთილია 20 სტრიქონად, 50-ზე მეტ ქვის ფილაზე. პირველი 19 სტრიქონი ქართული ასომთავრულითაა ნაწერი, ხოლო მე-20 – სომხური დამტკიცება – ერკათაგირით. წარწერიანი ფილების ადგილსამყოფელი ამჟამად უცნობია (1915. I მსოფლიო ომის დროს, როდესაც ანისი და მისი მიმდებარე ადგილები თურქეთმა დაიკავა, ანისის მუზეუმის თანამშრომლებმა სხვა არქეოლოგიურ მასალასთან ერთად, რომელთა გამოზიდვაც ვერ მოხერხდა. წარწერიანი ფილები კელავ მიწაში ჩაფლეს).

„დაწერილი“ წარმოადგენს ლაშა გიორგის დროინდელი ქართლის კათალიკოსის – ეტიფანეს განჩინებას ანისის მართლმადიდებელ მრევლისა და სამღვდელოებისადმი. განჩინების მიზეზი შემდეგი ყოფილა: 1218-ის წინა ხანებში ანისის ქართულენოვან მართლმადიდებელ მრევლსა და სამღვდელოებას შორის განხეთქილება ჩამოვარდნილა საეკლესიო გადასახადების თაობაზე. როგორც წარწერის ტექსტიდან ჩანს, სამღვდელოება ყოველი ქორწინებისა („გუირგუინთა კურთხევისათჳს“) და მიცვალებულის წესის აგებისათვის (მკუდარისათჳს) მრევლისაგან ითხოვდა 100-100 დრამას. ამით უკმაყოფილო მრევლის ერთ ნაწილს წირვა-ლოცვაზე დასწრება შეუწყვეტია, ხოლო ამის საპასუხოდ მისი ჩატარება – სამღვდელოების ასევე ერთ ნაწილს. სწორედ ამიტომ წერს კათალიკოსი: „ლოცვასა ნუცა თქუენ დააკლდებით და ნუცა თქუენო“. „დაწერილი“ ორი ნაწილისაგან შედგება. პირველ ნიწილში კათალიკოსი სამღვდელოებას მიმართავს „უსასყიდლოდ მიღებულს, უსასყიდლოდ მისცემდით“ (მათე, 10, ზ). შემდეგ განმარტავს სახარების ამ ადგილს და წერს: „ესე იგი არს, გეტყუის ღმერთი უკუდავი – „ჩემდა რაჲ მიგიცემიეს მადლისა მისთუის, რომელი ჩემგან მიიღით? თქუენცა ჰყიდდით დიდსა მადლსა ჩემგან უსყიდულსა. უკეთუ მე უსასყიდლოდ მომიცემიეს, არც თქუენგან ჯერ-არს სეიდაჲ ლოცვათა ერისა მიმართ“. მეორე ნაწილში კათალიკოსი მრევლს მიმართავს: „უფროისად მხიარულებით მისცემდით, თუინიერ დაჭირებისა, რამეთუ „მხიარულებით მისაცემელი უყუარს უფალსა“ (შდრ.2 კორინ. 9, 7). შემდეგ იგი მოძღვრავს მრევლს: „მკუიდრნო ამის ქალაქისანო ქართველნო, რაოდენცა პირველად დიდად პატივცემდით(!) მღდელთაგან გიჴმს ლოცვაჲ და წირვაჲ, ნუ გეწყინების მათთუის ძალისაებრი მისაცემელი!”

ბოლოს კათალიკოსი მიმართავს განჩინების ორსავე ობიექტს: „და თქუენ გიყუარდენ, ვითარცა მამანი სულიერნი, და მათ უყუარდით, ვითარცა შვილნი სულიერნი… კათალიკოსი ეტიფანე, განჩინების მიხედვით, მაინც მრევლს მიმხრობია; დავა, როგორც ჩანს, მის სასარგებლოდ გადაუწყვეტია და ორივე შემთხვევისათვის საეკლესიო გადასახადი 100 დრამის ნაცვლად 100 „ტფილურით“ განუსაზღვრავს. რაც შეეხება ფულის ერთეულს – „ტფილერს“, იგი სხვაგან არ გვხვდება. როგორც ჩანს, ეტიფანეს დროსაც ახალი შემოსული იყო, რადგან კათალიკოსი განმარტავს: „ტფილური ასი დრამაჲ იგი იყოს – დანგი ერთი გ მიეცეს“, ე. ი. ერთი დანგი სამი ტფილური არისო. მრევლის ერთ-ერთ გადასახადად კათალიკოსი „ზროხის ტყავს“ ადგენს და წერს: „ზროხის ტყავი, რომელ ერთობ წაგიღიათ აქამდის, აწ საწირავადვე მისცემდით თუითო შოლტსა“. „ზროხის ტყავში“, ცხადია, იგულისხმება მიცვალებულის სულის სახელზე დაკლული საქონლის (ხარის ან ძროხის) ტყავი, რომელშიც წილი ეკლესიასაც ედო. კათალიკოსს ისიც შეუმცირებია და ერთი „შოლტით“ (ნაჭრით) განუსაზღვრავს. ეტიფანე კათალიკოსის განჩინებას ტექსტის ბოლოს სომხურ ენაზე ამოწმებენ ანისის ადგილობრივი ხელისუფლები – ეპისკოპოსი მეუფე გრიგოლი და ქალაქის ამირა ვაჰრამი. განჩინებას მიწერილი აქვს ორი თარიღი: ქართული - „ქრონიკონსა ჳულ!“ და სომხური „წელი 667“, ჩვენი წელთაღრიცხვით ორივე 1218-ია. საყურადღებოა, რომ ქართულში Ჱ-ს ნაცვლად, მისი მნიშვნელობით ჰ დასმული. ეს წერილობით ძეგლებში იშვიათად, მაგრამ სხვაგანაც, გვხვდება.

მეორე ქართული ასომთავრული წარწერა, ამოკვეთილი ანისის სხვა ქართულ მართლმადიდებელი ეკლესიის სამხრეთ კედელზე, სამეცნიერო წრეებში ცნობილია 1910-იანი წლებიდან. წარწერის ფოტო, გრაფიკული მონახაზი, ასომთავრული და გაშიფრული მხედრული ტექსტები გამოქვეყნდა 1980. ეკლესია, რის კედელზეც ამოკვეთილი იყო წარწერა, ამჟამად დანგრეულია. საქართველოს ხელოვნების მუზეუმის ფოტოთეკაში ინახება წარწერის ფოტონეგატივი (№ 11653–1854), ხოლო ხელნაწერთა ინსტიტუტში, ი. ჯავახიშვილის პირად საარქივო ფონდში – ძალზე დაზიანებული და ნაკლული წარწერის ტექსტის სამი გადმონაწერი – ორი ნ. მარის ავტოგრაფია, ხოლო ერთი – ი. ჯავახიშვილისა. ნ. მარს წარწერა გამოსაცემად ი. ჯავახიშვილისათვის გადაუცია, მაგრამ მას ეს არ განუხორციელებია.

ეკლესია და, კერძოდ, მისი კედელი, რომელზეც წარწერა იყო ამოკვეთილი, ძლიერ დაზიანებულია. მართალია, წარწერა შედგება 23 სტრიქონისაგან, მაგრამ გაბმული ტექსტი იკითხება მხოლოდ მე-16–23-ე სტრიქონებში. წარწერის შესახებ არსებული მასალების ურთიერთშეჯერებით გაირკვა, რომ იგი წარმოადგენს XIII ს. II ნახ. ანისის ცნობილი მოღვაწის, ეროვნებით სომხის, მაგრამ სარწმუნოებით მართლმადიდებლის – პარონ სამადინის მიერ 1288 გაცემულ საბუთს.

წარწერა შეეხება ანისის მოსახლეობის ან მისი ნაწილის მიერ სესხისა თუ გადასახადის გადახდას. წარწერა მნიშვნელოვანია იმით, რომ მასში დასტურდება მონღოლთა ბატონობის დროს საქართველოსა და ამიერკავკასიაში გავრცელებული გადასახადები: თაღარი, ნამარი, ტამღა, ყაფჩერი, მალი, იამი. აგრეთვე ტერმინები: ბაჟტამღა, ტამღაჩი, თეთრი, ტამღის ამოგდება და სხვ. ტერმინთა გარკვეული ნაწილი მხოლოდ ამ წარწერის ტექსტში გვხვდება (თალარი, ნამარი, ბაჟ-ტამდა, ტამღაჩი). ცალკე უნდა აღინიშნოს წარწერაში დადასტურებული ტამღის შესახებ, რომლისგანაც უწარმოებიათ ტერმინები – ტამღაჩი და ბაჟ-ტამღა. პირველი ნიშნავდა ტამღის ამკრეფს, ხოლო მეორე – საქონელზე გადასახადს, წარმოქმნილს ქართული და მონღოლური შესაბამისი ტერმინების შეერთებით. ტამღა მონღოლთა სახელმწიფოს ძირითადი გადასახადი იყო. დაწესდა XIII ს. 70-იანი წლებიდან და გაუქმდა 1565. მონღოლთა იმპერიის დაშლის შემდეგ საკუთრივ მონღოლთა, კერძოდ ილხანთა, სახელმწიფოში არაერთხელ უცდიათ მისი გაუქმება („ტამღის ამოგდება“), მაგრამ უშედეგოდ. გადაწყვეტილება ერთ-ერთი ასეთი ცდის შესახებ დაუცავს ანისის ამ წარწერას. ტექსტის ბოლოს დასმულია თარიღი – „ქრონიკონი ფᲱ“, ე. ი. 1288.

წყარო

ქართული ენა: ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები