მეტრული ლექსწყობა
მეტრული ლექსწყობა − ლექსწყობის უძველესი (ანტიკური) სისტემა, წარმოიშვა საბერძნეთში. გარდა ძველი ბერძნულისა და ლათინურისა, მეტრული ლექსწყობა დამახასიათებელია თანამედროვე არაბული და სპარსული პოეზიისათვის.
მეტრული ლექსწყობა ემყარება გრძელი და მოკლე მარცვლების კანონზომიერ განმეორებას, რაც ლექსს მუსიკალურ ელფერს აძლევს. საერთოდ ანტიკურ ლექსს საფუძვლად სიმღერა ედო. ადრე იგი იმღერებოდა, ხოლო შემდეგ რეჩიტატივით წარმოითქმოდა.
გრძელი და მოკლე მარცვლების გარკვეული სისტემა, ერთობლიობა ქმნის ტერფს, რომელიც ანტიკური ლექსის ძირითადი საზომი ერთეული იყო. დროის უმცირეს მონაკვეთს, რომელიც საჭირო იყო მოკლე მარცვლის წარმოსათქმელად, ეწოდებოდა მორა. ორი მოკლე ხმოვანი (ორი მორა) ერთ გრძელ ხმოვანს უდრიდა.
მეტრული ლექსწყობა ტერფის ოცდაათამდე სახეობას მოიცავს. მათგან აღსანიშნავია:
ორმარცვლიანი ტერფები:
| პირიქი ‿ ‿ | ქორე _ ‿ |
| იამბი ‿ _ | სპონდე _ _ |
სამმარცვლიანი ტერფები:
| დაქტილი _ ‿ ‿ | ტრიბრაქი ‿ ‿ ‿ |
| ამფიბრაქი ‿ _ ‿ | მოლოსი ანუ ტრიმაკრი _ _ _ |
| ანაპესტი ‿ ‿ _ | ამფიმაკრი ანუ კრეტიკი _ ‿ _ |
ოთხმარცვლიანი ტერფები:
| ქორეიამი_ ‿ ‿ _ | მესამე პეონი ‿ ‿ _ ‿ |
| აღმავალი იონიკი _ _ ‿ ‿ | მეოთხე პეონი ‿ ‿ ‿ _ |
| დაღმავალი იონიკი _ _ ‿ ‿ | დიქორე _ ‿ _ ‿ |
| პირველი პეონი _ ‿ ‿ ‿ | დისპონდე _ _ _ _ |
| მეორე პეონი ‿ _ ‿ ‿ | დიიამბი ‿ _ ‿ _ |
ხუთმარცვლიანი ტერფი:
| დოხმი ‿ _ _ ‿ _ |
ანტიკური ლექსი ურითმოა, საზომებიდან აღსანიშნავია ჰეგზამეტრი, პენტამეტრი, ელეგიური დისტიქი, რომელიც ორი საზომის შეერთებითაა მიღებული. ტაეპთა კომბინაციებიდან ყურადღებას იქცევს ალკეოსისა და საფოს სტროფები.