არასან-კაპალი
არასან-კაპალი, (კაპალი-არასან) – (ინგლ. Arasan-Kapal, Kapal-Arasan; რუს. Арасан-Капал, Капал-Арасан), ბალნეო-კლიმატური კურორტი ყაზახეთში, ალმათის ოლქის აქსუს რაიონის სოფელ არასანში, ქ. თალდი-ყორღანიდან 110, ხოლო ქ. ალმათი- დან – 249 კმ-ში, ჩრდილო-აღმოსავლეთით და რკინიგზის სადგურ მულალიდან 110 კმ-ში, სამხრეთ-აღმოსავლეთით. მდებარეობს ჯუნღარის ალა-თაუს ქედის ჩრდილო ფერდობებზე, მთაგრეხილების ბაიან-ჯურუკისა და კულ-ჯა-ბასს შორის, მდინარე ბიონას (მდინარე აქსუს შენაკადი) ხეობაში, ზღვის დონიდან 980 მ-ის სიმაღლეზე. რელიეფი – ბორცვიან-მთაგორიანი.
ჰავა – ველის, შეხამებული დაბალი მთის ჰავასთან. ზამთარი ცივია, მცირეთოვლიანი. იანვრის საშუალო ტემპერატურაა -10°C. ზაფხული ზომიერად თბილია და მზიანი, ივლისის საშუალო ტემპერატურაა 20°C, ხოლო საშუალო წლიური ტემპერატურაა 6°C. საშუალო წლიური ფარდობითი ტენიანობა შეადგენს 60%-ს, ხოლო ნალექების წლიური რაოდენობა – 350 მმ-ს. ნალექების მაქსიმუმი მოდის შემოდგომაზე, ხოლო მინიმუმი – ზაფხულზე. მზის ნათების ხანგრძლივობა 2830 საათია წელიწადში.
არასან-კაპალის ტერიტორიაზე გავრცელებულია: დეკორატიული მცენარეულობა, კაკლის ხეები და ხეხილის ბაღები (ვაშლი, მსხალი, გარგარი და სხვ.), ხოლო კურორტის მიდამოებში – ველის მცენარეულობა (ავშანი, ვაციწვერა, ქუჩი, წივანა, აბზინდა, ჭანგა, გლერტა, გრაკლა, ქონდარა ნუში და სხვ.).
არასან-კაპალის ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორებია: თერმული (t -35°C-37°C), სუსტი მინერალიზაციის რადონული, სულფატურ-ქლორიდულ- ნატრიუმიანი მინერალური წყლები, რომლებიც შეიცავს ფტორსა და კაჟმჟავას; ველის ჰავა, შეხამებული დაბალი მთის ჰავასთან და სუფთა, აეროიონებით გაჯერებული, მთის ჰაერი.
არასან-კაპალის ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორების გამოყენების მეთოდებია: მინერალური წყლის აბაზანები, ინჰალაციები და შესხურებები ამ წყლით; ჰაერისა და მზის აბაზანები, პასიური კლიმატოთერაპია.
ჩვენებები არასან-კაპალში წასასვლელად: საყრდენ-სამოძრაო აპარატის, შარდ-სასქესო ორგანოების, პერიფერიული ნერვული და გულ-სისხლძარღვთა სისტემების პათოლოგიები; ნივთიერებათა ცვლისა და ცენტრალური ნერვული სისტემის ფუნქციური დარღვევები.
ტურისტული ობიექტები:
არასან-კაპალის მიდამოებში (ტბები – ალა-ქოლი და ბალხაში; მდინარეების ბიონას და აქსუს ხეობები და სხვ.) და ქ. თალდი- ყორღანში (XX საუკუნის დასასრულს – XXI საუკუნის დასაწყისში გახსნილი რელიგიური დაწესებულებები (მეჩეთები „ნური“ და „ჟეტისუ;“ მოციქულისა და მახარებლის იოანე ღვთისმეტყველის მართლმადიდებლური ტაძარი; მთავარანგელოზ გაბრიელის მართლმადიდებლური ეკლესია; ყოვლადწმიდისა და დედოფლისა ჩვენისა, ღვთისმშობლისა და მარადის ქალწულისა მარიამის რომაულ-კათოლიკური, პოლონური ეკლესია; ევანგელისტურ-ლუთერანული ეკლესია; სინაგოგა; პრესვიტერიანული ეკლესია „ვეფილი“; ევანგელისტურ-ქრისტიანული ეკლესია „აგაპე“; ევანგელისტური ქრისტიან-ბაპტისტების ეკლესიები „ვიფეზდა“ და „დუმამისი“; VII დღის ქრისტიან-ადვენტისტების ეკლესია; იეღოვას მოწმეთა ეკლესია და სხვ.); მუზეუმები – მ. ტინიშკაევის სახ. ისტორიულ-მხარეთმცოდნეობის და პოეტ ი. ჯანსუგუროვის ლიტერატურული; თალდი-ყორღანის შემოსასვლელი თაღი; ს. სეიფულინის სახ. უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა; ძეგლები –პოეტ ი. ჯანსუგუროვის, კადირგალი ჟალაირის, კაბანბაი-ბატირის და სხვ.), დიდების ობელისკი და სხვ.