არზნი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

არზნი – (ინგლ. Arzny, რუს. Арзни), სოფელი და მთის ბალნეო-კლიმატური კურორტი სომხეთში, აბოვიანის რაიონში, ქ. ერევნიდან 23 კმ-ში, ჩრდილოეთით, ქ. ვაღარშაპატიდან (ქ. ეჩმიაძინიდან) 46 კმ-ში, ჩრდილო-აღმოსავლეთით, ქ. სევანიდან 58 და ქ. რაზდანიდან 30 კმ-ში, სამხრეთ-დასავლეთით. მდებარეობს სომხეთის მთიანეთზე, მდინარე რაზდანის (მდინარე არაქსის მარცხენა შენაკადი) ხეობაში, ზღვის დონიდან 1280 მ-ის სიმაღლეზე. რელიეფი – მთაგორიანი.

ჰავა – ზომიერად კონტინენტური, შუა მთის ქვედა სარტყლის. ზამთარი ზომიერად ცივია. თოვლის საფარი მდგრადია. იანვრის საშუალო ტემპერატურაა -5°C. ზაფხული ზომიერად თბილია. ივლისის საშუალო ტემპერატურაა 22°C. საშუალო წლიური ტემპერატურაა 9,3°C. საშუალო წლიური ფარდობითი ტენიანობა შეადგენს 62%-ს, ხოლო ნალექების წლიური რაოდენობა – 400 მმ-ს. ნალექების მაქსიმუმი მოდის გაზაფხულზე, ხოლო მინიმუმი – ზაფხულზე. ატმოსფერული წნევა საშუალოდ შეადგენს 687 მმ-ს, ხოლო მზის ნათების ხანგრძლივობა 2236 საათია წელიწადში.

არზნის ტერიტორიაზე გავრცელებულია: ფიჭვი, ნაძვი, კედარი, წაბლი და სხვადასხვა სახის ყვავილი. კურორტის მიდამოები დაფარულია ხეხილის ბაღებითა (ვაშლი, ატამი, გარგარი და სხვ.) და ვენახებით. გვხვდება აგრეთვე: ფიჭვნარი, ნაძვნარი და ღვიის ბუჩქნარი.

არზნის ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორებია: სუბთერმული (t-21°C), საშუალო მინერალიზაციის (M – 12,0-13,0 გ/დმ3) ნახშირმჟავა, ქლორიდულ-ჰიდროკარბონატული, ნატრიუმიანი მინერალური წყლები, რომლებიც შეიცავს სხვადასხვა მიკროელემენტს (იოდი, თუთია, სპილენძი, ბრომი, ბორი და სხვ.); შუა მთის ქვედა სარტყლის ჰავა და სუფთა, აეროიონებითა და ფიტონციდებით გაჯერებული მთის ჰაერი.

არზნის ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორების გამოყენების მეთოდებია: მინერალური წყლის აბაზანები და პერორალური მიღება (დალევა), ინჰალაციები, შესხურებები და გამორეცხვები ამ წყლით; ჰაერისა და მზის აბაზანები, პასიური კლიმატოთერაპია.

ჩვენებები არზნში წასასვლელად: დასვენება; კუჭ-ნაწლავის, ღვიძლის, ნაღველგამომყოფი გზებისა და პანკრეასის ქრონიკული პათოლოგიები; საყრდენ- სამოძრაო აპარატის, პერიფერიული ნერვული სისტემის, კანის, შარდ-სასქესო ორგანოების, გულ-სისხლძარღვთა სისტემისა და ფილტვების ქრონიკული, არასპეციფიკური დაავადებები; ნივთიერებათა ცვლისა და ცენტრალური ნერვული სისტემის ფუნქციური დარღვევები.

ტურისტული ობიექტები:

დაბა არზნიში (ასირიული მართლმადიდებლური ეკლესია (VI საუკუნე) და სომხური სამოციქულო ეკლესია (VII საუკუნე); მდინარე რაზდანის ხეობა და სხვ.), დაბა არზნის მიდამოებში (დაბა არზნისთან – ქვედა ადრინდელი პალეოლითის ხანის (გვიანდელი აშელის და ადრეული მუსტიეს კულტურები) ადამიანის სადგომის (ძვ.წ. 112-46 ათასწლეული) ნაკვალევი და წყარო „კახირი“; სოფელ გარნის მიდამოებში (გარნის ციხესიმაგრის (ძვ.წ. II საუკუნე) ნაშთები და გარნის წარმართული ტაძარი (აშენებული იყო ა.წ. I საუკუნის ბოლო მესამედში, დაინგრა 1679 წელს, აღდგენილი და რესტავრირებულია 1969-1974 წლებში); მდინარე გარნის ხეობაში – გეღარდის სამონასტრო კომპლექსი (IV-XIII საუკუნეები) და ყოვლადწმიდისა დედოფლისა ჩვენისა, ღვთისმშობლისა და მარადის ქალწულისა მარიამის სომხური სამოციქულო ეკლესია (სურბ ასტვაწაცინ) (1288 წელი) ამ კომპლექსის ტერიტორიაზე; მდინარე აზატის ზემო წელის მიდამოებში – ქვის თევზები ვიშაპები (ძვ.წ. II ათას- წლეული) და სხვ.).


წყარო

მსოფლიო კურორტები და საკურორტო ადგილები: მცირე ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები