არქონ ბასილევსი
არქონ/არქონტ ბასილევსი - (άρχων βασιλύς), სახელმწიფოს უმაღლესი თანამდებობის პირი ძველ საბერძნეთში.
არქონ ბასილევსს გარკვეულ რელიგიურ მოვალეობათა აღსრულება ეკისრებოდა. ამავდროულად იგი არეოპაგის სასამართლოს თავმჯდომარეც გახლდათ. კერძოდ, მას ეკისრებოდა პასუხისმგებლობა ლენეების და მისტერიების ჩატარებაზე, და, საზოგადოდ, ევალებოდა ადრინდელ მეფეთა რელიგიურ მოვალეობათა აღსრულება. მის კომპეტენციაში ასევე შედიოდა ამ დღესასწაულების მიმდინარეობის დროს წარმოქმნილ დავათა სასამართლო განხილვების ზედამხედველობა. არქონ ბასილევსი განიხილავდა ასევე იმ ბრალდებებს, რომლებიც არაღვთისმოშიშობასა და მკვლელობასთან დაკავშირებით იყვნენ წამოყენებულნი (მკვლელობასთან დაკავშირებული საქმეები მას ეხებოდა იმდენად, რამდენადაც ნათესაური სისხლის დამღვრელს განწმენდამდე წმინდა ადგილებში ყოფნა ეკრძალებოდა) (არქონი).
წყარო
დემოკრატიული ტენდენციები: ანტიკური სამყარო და საქართველო (ენციკლოპედიური ცნობარი), რედაქტორი ქეთევან აბესაძე, თბილისი, 2012.