არხილო

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

არხილო, არხილოსკალო – სოფელი და მთის კლიმატური კურორტი, საქართველოში, დედოფლისწყაროს რაიონში, დედოფლისწყაროდან 35 კმ-ში, სამხრეთ-აღმოსავლეთით, ივრის ზეგნის (შირაქის ველი) აღმოსავლეთ ნაწილში, ზღვის დონიდან 670 მ-ის სიმაღლეზე. რელიეფი – ვაკე-ბორცვიანი.

სარჩევი

სახელწოდება

ამ ტოპონიმის წარმოშობის თაობაზე ხალხის მეხსიერებას დღემდე შემოუნახავს ერთი ამაზრზენი გადმოცემა, რომელიც ჩვენი ქვეყნის ავბედით ისტორიას უკავშირდება: „ერთხელ მთელი შირაქი თათრებს დაუჭერიათ. დიდსა და პატარას თურმე მუსრს ავლებენ. ეს სოფელი რო აუღიათ, თუ სადმე ძუძუთა ბავშვი უნახიათ, მოუყვანიათ და სოფლის კალოზე დაუყრიათ. მერე შეუბამთ ცხენები დაკოხილ კევრებში და მთელი ეს თოთო ბავშვები ძნასავით მოულეწიათ. იმათი წივილ-კივილი თურმე ცასა სწვდება. ერთი გაგიჟებული ქალი გადასდგომია წინ ვიღაც მგზავრსა და დაუწყია ზიდილი, რო ასეა და ასეა ჩვენი საქმეო და იქითკე არ გაიხედო, არ იხილო კალოო, ცოდვის კალოაო“. ამიტო დაურქმევიათ სოფლისთვისაც არხილოსკალო“ (შოთა ჩარბოდაშვილი, სოფ. ქვემო ქედი).

სინამდვილეში არხილოსკალოს ამ ტრაგიკულ ამბავთან საერთო არაფერი აქვს. არხილო, ჩვენი ღრმა რწმენით, ბაცბური წარმოშობის სახელია და ქართულად ნიშნავს: „არხ-თანა“; არხის პირას მდებარე საძოვრები“; „მინდვრები, სადაც არხი ყოფილა გაყვანილი“. ეს სახელწოდება შერქმეული ჩანს ამ ადგილებში მომთაბარე მწყემსი წოვა-თუშების მიერ, რომელთაც თავიანთი ცხვრის ფარები ზამთრობით შირაქის საძოვრებზე დაუდიოდათ და ახლაც დაუდით. არხილო, მაშასადამე, ისევეა ნაწარმოები ბაცბური -ლო სუფიქსით, როგორც ომა -ლო. დი-ლო, დართ-ლო და სხვ. მრავალი.

ჰავა

ზომიერად კონტინენტური, დაბალი მთის, შეხამებული ველის ჰავასთან. ზამთარი რბილია და უთოვლო. იანვრის საშუალო ტემპერატურაა -2,3°C. ზაფხული თბილია და მშრალი. აგვისტოს საშუალო ტემპერატურაა 22,6°C, ხოლო საშუალო წლიური ტემპერატურაა 8,6°C. ჰაერის საშუალო წლიური ფარდობითი ტენიანობა 76%-ია, ნალექების წლიური რაოდენობა − 544 მმ. მზის ნათების ხანგრძლივობაა 2291 საათი წელიწადში.

მცენარეული საფარი

არხილოსკალოსა და მის მიდამოებში შემორჩენილია არიდული მეჩხერი ტყე (საკმლის ხე, აკაკი, ღვია, ქართული ნეკერჩხალი, ბერყენა, თელა, ელდარის ფიჭვი), რომლის ბალახსაფარს ქმნის ნახევარუდაბნოსა და ველისათვის დამახასიათებელი ელემენტები (ურო, წივანა, ვაციწვერა, აბზინდა). ბუჩქებიდან გავრცელებულია: ძეძვი, გრაკლა, შავჯაგა, თრიმლი, კოწახური და სხვ.

კურორტი

ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორია დაბალი მთის ჰავა, შეხამებული ველის ჰავასთან. არხილოსკალოში ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორების გამოყენების მეთოდია პასიური კლიმატოთერაპია.

ჩვენებები არხილოსკალოში წასასვლელად: თირკმლების ქრონიკული არასპეციფიკური დაავადებები.

ტურისტული ობიექტები: კურორტ არხილოსკალოს მიდამოებში (ნიკო ფიროსმანაშვილის სახლ-მუზეუმი სოფ. მირზაანში; ამაღლების გუმბათოვანი ტაძარი (IX საუკუნე) და ყოვლადწმიდა სამების ეკლესია (შუა საუკუნეები) სოფ. ოზაანის მახლობლად; ხორნაბუჯის ციხე (ადრინდელი შუა საუკუნეები) ქ. დედოფლისწყაროს მახლობლად; მხარეთმცოდნეობის მუზეუმი ქ. დედოფლისწყაროში და სხვ.).


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები