არხიპო-ოსიპოვკა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

არხიპო-ოსიპოვკა – (ინგლ. Arkhipo-Osipovka, რუს. Архипо-Осиповка), ზღვისპირა კლიმატური საკურორტო ადგილი რუსეთის ფედერაციის კრასნოდარის მხარეში, ქ. გელენჯიკიდან 51, ხოლო ქ. ნოვოროსიისკიდან 103 კმ-ში, სამხრეთ-აღმოსავლეთით. შედის ქალაქ-კურორტის გელენჯიკის შემადგენლობაში. მდებარეობს შავი ზღვის ნაპირზე, მდინარე ვულანისა და მდინარე ტეშებსის აუზებში.

ჰავა – ხმელთაშუა ზღვის ტიპის, სუბტროპიკული. ზამთარი რბილია, თოვლის საფარი არამდგრადია. იანვრის საშუალო ტემპერატურაა 4°C. ზაფხული თბილია და შედარებით მშრალი. ივლისის საშუალო ტემპერატურაა 24°C. საშუალო წლიური ფარდობითი ტენიანობა შეადგენს 70%-ს, ხოლო ნალექების წლიური რაოდენობა – 400 მმ-ს. ნალექების მაქსიმუმი მოდის გაზაფხულზე, ხოლო მინიმუმი – ზაფხულზე. მზის ნათების ხანგრძლივობა 2380 საათია წელიწადში.

არხიპო-ოსიპოვკის ტერიტორიაზე გავრცელებულია: აგავები, ჩინური გლიცინიები, ჰიმალაური კედრები, ბზა, ურთხელი, ლენკორანული აკაცია, ჩინური ვერცხლისფერი გარგარი, ხეხილის ბაღები (ვაშლი, ატამი, მსხალი და სხვ.) და ვენახები, ხოლო მისი მიდამოები დაფარულია შერეული ტყით (ყირიმული და ბიჭვინთის ფიჭვი, მუხა, რცხილა, სკუმპია). აქვე გვხვდება: თიმოსი, კამპანულა და ენდემური მცენარეულობა (ურცი, კამპანულა და სხვ.).

არხიპო-ოსიპოვკის ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორებია: სუბტროპიკული ხმელთაშუა ზღვის ტიპის ჰავა, ზღვის მარილებით გაჯერებული ზღვისპირა ჰაერი და ზღვის წყალი.

არხიპო-ოსიპოვკაში ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორების გამოყენების მეთოდია თალასოთერაპია (ჰაერისა და მზის აბაზანები, ბანაობა ზღვაში წელიწადის თბილ პერიოდში; პასიური კლიმატოთერაპია მთელი წლის განმავლობაში და სხვ.).

ჩვენებები არხიპო-ოსიპოვკაში წასასვლელად: დასვენება; ფილტვების ქრონიკული, არასპეციფიკური და გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები; ნივთიერებათა ცვლისა და ცენტრალური ნერვული სისტემის ფუნქციური დარღვევები.

ტურისტული ობიექტები:

არხიპო-ოსიპოვკაში (რომაელების სადარაჯო კოშკის (ა.წ. I საუკუნე) ნანგრევები; რუსული ციხესიმაგრე (1837 წელი); მირონლუკიის მთავარეპისკოპოსისა და საკვირველთმოქმედის წმიდა ნიკოლოზის მართლმადიდებლური ტაძარი (1906 წელი); სამუზეუმო კომპლექსი „მიხაილოვსკოეს სიმაგრე“ (2005 წელი); მუზეუმები – მხარეთმცოდნეობის, კავკასიის ისტორიის, პურისა და ღვინის; ზღვის ცხოველების თეატრი (დელფინარიუმი); აკვაპარკი და სხვ.), არხიპო-ოსიპოვკის მიდამოებში (ბრინჯაოს ხანის დოლმენები (ძვ.წ. V-IVათასწლეული); რელიქტური ჭაობის კვიპაროსების კორომი; ცისფერი მღვიმე და სხვ.),
ქ. გელენჯიკში (მართლმადიდებლური ეკლესიები – უფლისა ღვთისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტეს ამაღლების (1904-1909 წლები) და უფლისა ღვთისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტეს ფერისცვალების (1909- 1917 წლები); მართლმადიდებლური სამლოცველოები − მირონ-ლუკიის მთავარეპისკოპოსისა და საკვირველთმოქმედისა წმიდა ნიკოლოზის (2008 წელი) და ღირსი იგორ ჩერნიგოველის (2010 წელი); თემატური არქიტექტურული პარკი „ძველი პარკი;“ გალერეა „თეთრი ცხენი“; ალკოჰოლის მწარმოებელი კომპანია „გელენჯიკი“ სადეგუსტაციო დარბაზით; ოკეანარიუმი; აკვაპარკები; დელფინარიუმი; „საფარი-პარკი“; გართობისა და დასვენების პარკი „ოლიმპი“ და სხვ.) და
ქ. გელენჯიკის მიდამოებში ბრინჯაოს ხანის დოლმენები (ძვ.წ. V-IV ათასწლე- ულები) (მთა ნექსისის მწვერვალზე, მდინარე ფშადის ხეობაში და სააგარაკო დაბა შიროკაია შჩელის მიდამოებში და დაბა ანდერბიევკასთან); მართლმადიდებლური ეკლესიები – იოანე ნათლისმცემლის თავისკვეთის (1896 წელი) სოფელ პრასკოვიევკაში, მირონ-ლუკიის მთავარეპისკოპოსისა და საკვირველთმოქმედისა წმიდა ნიკოლოზის (1906 წელი) სოფელ ანდერბიევკაში, ღირსი მიხეილ ჩერნიგოველის (1910-1913 წლები) სოფელ სოლნცედარში, წმიდა დიდმოწამე პანტელეიმონ მკურნალის (1990 წელი) სოფელ კაბარდინკაში, ღირსი სერგი რადონეჟელის (2005 წელი) სოფელ დივნომორსკოეში; ისტორიულ-მხარეთმცოდნეობის მუზეუმი (1909 წელი) სოფელ სოლნცედარში; ვ. კოროლენკოს სახლ- მუზეუმი (1898-1900 წლები) დაბა ჯანხოტში; საცხენოსნო-სპორტული კლუბი „არგონი“ სოფელ ანდერბიევკაში; ჩანჩქერები მდინარეებზე – ჟანეზე (სოფელ ვოზროჟდენიესთან), ტებესზე (გებეუსზე ანუ ტეშებზე) და ფშადზე; კლდე „იალქანი“ სოფელ პრასკოვიევკასთან; ბიჭვინთის ფიჭვნარი სოფელ დივნომორსკოესთან; დაბა ჯანხოტსა და სოფელ დივნომორსკოეს შორის არსებული სანაპიროს ნაწილი „გოლუბაია ბეზდნა“ (ნუდისტების პლაჟი); აქტიური გართობისა და კულტურის კომპლექსი „წყარო ნატაშა“ მიხაილოვის უღელტეხილზე; შოუ „რაინდთა ასპარეზი“ და ციხესიმაგრე „ლომის თავი“ დაბა სუკოში; გამაჯანსაღებელი კომპლექსი „კასტალის ემბაზი“ დაბა კაბარდინკაში; აქტიური გართობის პარკი დაბა ვოზდვიჟენსკოეში; რელიქტური ღვიის კორომი სოფელ კაბარდინკასთან და სხვ.).


წყარო

მსოფლიო კურორტები და საკურორტო ადგილები: მცირე ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები