ასა
ასა - (დაახლ. ძვ.წ. 908-873 წ.) – აბიას ვაჟი და იუდეის მეფე. ასამ ტახტი მამამისის, აბიას სამწლიანი მმართველობის შემდეგ დაიკავა. ასა კეთილმსახური და ღვთისმოშიში მეფე იყო. მ
მისი 41 წლიანი მმართველობის პერიოდში ის ცდილობდა, რომ მთლიანად განედევნა კერპთაყვანისმცემლობა იუდეიდან და დაემკვიდრებინა ჭეშმარიტი უფლის თაყვანისცემა. მას კარგი ურთიერთობა ჰქონდა ებრაელ წინასწარმეტყველებთან და უფლის მსახურებთან, რომლებიც ხალხზე დიდ ზეგავლენას ახდენდნენ. რელიგიის გულისთვის ასამ დედამისსაც კი წაართვა დედოფლის უფლებები იმის გამო, რომ ის კერპთაყვანისმცემელი და აშთაროთის კულტის მიმდევარი იყო.
ასამ დაიწყო მნიშვნელოვანი მშენებლობები იუდეის ტერიტორიაზე, ხოლო უფლის ტაძარი იერუსალიმში უფრო დაამშვენა, რაშიც უამრავი ოქრო-ვერცხლი გამოიყენა ასამ გაამაგრა სტრატეგიული ქალაქები და ციხე-სიმაგრეები. გააძლიერა ჯარი ახალი შენაერთებით, რომლებიც ბენიამინისა და იუდას ტომებისაგან შედგებოდნენ (იუდეის სამეფოში მხოლოდ იუდას და ბენიამინის ტომები შედიოდნენ, დანარჩენი 10 ტომი ისრაელის სამეფოში ცხოვრობდა).
ასას ჯარს მალე მოუწია ბრძოლის ველზე გამოცდის ჩაბარება, რადგან იუდეის წინააღმდეგ ქუშის ანუ ეთიოპიის მეფე, ზერახი დაიძრა თავისი ძლიერი არმიით. ზერახმა იუდეაში ლაშქრობამდე ეგვიპტე დაიკავა და დიდძალ საგანძურსაც დაეუფლა, რომელშიც იუდეის მეფის, რობოამის საგანძურიც შედიოდა. ეს საგანძური ეგვიპტეში შეშონქ I-მა ჩამოიტანა იუდეაში წარმატებული ლაშქრობის შემდეგ, ხოლო ახლა მას ეთიოპიელი ზერახი დაუფლებოდა. მეფე ასას ჯარი მცირერიცხოვანი იყო ზერახის უზარმაზარი ეთიოპიური ლაშქრის წინააღმდეგ, თუმცა ეს გადამწყვეტი არ გამოდგა და იუდეის მეფემ სასტიკად დაამარცხა მტერი. მეფე ასა გაქცეულ ეთიოპიელებს დაედევნა და მთელი მათი საგანძური ხელში ჩაიგდო, მათ შორის იუდეიდან შეშონქ I-ის გატაცებული სიმდიდრეც. იერუსალიმში დაბრუნებულ მეფეს ხალხმა ტრიუმფი მოუწყო, ხოლო წინასწარმეტყველმა აზარიამ მეფეს ბიბლიის მიხედვით შემდეგი სიტყვები გადასცა: „ღმერთი თქვენთანაა, როდესაც თქვენც მასთან ხართ, თუ მას მოძებნით, იპოვით, ხოლო თუ დატოვებთ, ისიც დაგტოვებთ“.
ისრაელის მეფე ვაასა ხედავდა, რომ ასა იუდეაშიც და ისრაელშიც ძალიან პოპულარული იყო. მას ეშინოდა ასასი, რადგან იცოდა, რომ მას ძალა შესწევდა აღედგინა ისრაელის ერთიანი სამეფო. ვაასას არ უნდოდა ტახტის დაკარგვა, ამიტომ გადაწყვიტა როგორმე თავიდან აერიდებინა იუდეიდან მომავალი საფრთხე. ვაასამ იუდეასთან საზღვარზე ახალი გამაგრებული ქალაქის, რამას მშენებლობა დაიწყო, საიდანაც კონტროლი უნდა გაეწია იუდეის ტერიტორიებისთვის პარალელურად ისრაელი აწარმოებდა ომს არამელების მეფესთან, ბენადიდ I-თან (ბენ ჰადად), რომელთანაც ვაასას კავშირის შეკვრა სურდა ასას წინააღმდეგ. ვაასას წინააღმდეგ მოქმედებაში ასამ გადაწყვიტა, რომ ბენადიდ I-თან თვითონაც ეცადა მოლაპარაკება, დიდძალი ფული მიეცა მისთვის და თავის მხარეს გადაებირებინა. ბენადად I იუდეას მიემხრო და სამხრეთ საზღვრების გამაგრებაზე მომუშავე ისრაელის მეფე ვაასას ჩრდილოეთიდან დაესხა თავს ვაასა მტრის შესაკავებლად დაიძრა, ხოლო ასა ამ დროს ისრაელის საზღვარზე გადავიდა და ვაასას აგებული ციხე-სიმაგრეები და გამაგრებული ქალაქი რამა გაანადგურა. სამშენებლო მასალები ასამ იუდეაში გადაატანინა და თვითონ გამოიყენა ასევე საფორტიფიკაციო მშენებლობებში. ასა თავისი მეფობის ორმოცდამეერთე წელს გარდაიცვალა და მის მაგივრად მისი ძე იოსაფატი გამეფდა.