ასენის წყაროები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ასენის წყაროები, (ასი) − (ინგლ. Asen Springs, რუს. Assy; Ассенские источники, Ассы), ბალნეო-პელოიდურ-სპელეოთერაპიული საკურორტო ადგილი რუსეთის ფედერაციაში, ბაშკორთოსტანის ბელორეცკის რაიონში, ქ. უფიდან 180 კმ-ში, სამხრეთ-აღმოსავლეთით, ქ. ბელორეცკიდან 90 კმ-ში, ჩრდილო-დასავლეთით და რკინიგზის სადგურ ინზერიდან 20 კმ-ში, ჩრდილოეთით. მდებარეობს სამხრეთ ურალის კალთებზე, მდინარე დიდი ინზერის (მდინარე სიმის მარცხენა შენაკადი) მარჯვენა ნაპირზე, ზღვის დონიდან 220 მ-ის სიმაღლეზე. რელიეფი – ბორცვიან-მთაგორიანი.

ჰავა − მკვეთრად კონტინენტური. ზამთარი ხანგრძლივია და ცივი. თოვლის საფარი მდგრადია. ხშირია ქარბუქი. იანვრის საშუალო ტემპერატურაა -22°C. ზაფხული გრილია და ავდრიანი. ივლისის საშუალო ტემპერატურაა 19°С. ნალექების წლიური რაოდენობა საშუალოდ შეადგენს 720 მმ-ს. ნალექების მაქსიმუმი წვიმების სახით მოდის ზაფხულში, მინიმუმი − შემოდგომაზე.

ასენის წყაროების ტერიტორიაზე გავრცელებულია: ფიჭვის, ცაცხვისა და არყის ხის ნარგავები, ხოლო მისი მიდამოების ტერიტორია დაფარულია შერეული ტყით (ლარიქსი, ნაძვი, ფიჭვი, არყის ხე, ვერხვი, ცაცხვი და სხვ.).

ასენის წყაროების ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორებია: სუსტი მინერალიზაციის (M-1,2-2,4 გ/დმ3) სულფატურ-ქლორიდულ-ნატრიუმიანი მინერალური წყლები და მაღალი მინერალიზაციის (M−15,6-18,9 გ/დმ3) ქლორიდულ-ნატრიუ-მიანი მინერალური წყლები; სოლილეცკის ტბის ლამის სულფიდური სამკურნალო ტალახი და მარილის შახტის სპელეოაეროზოლი.

ასენის წყაროების ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორების გამოყენების მეთოდებია: სუსტი მინერალიზაციის მინერალური წყლის პერორალური მიღება (დალევა) და ამორეცხვები აღნიშნული წყლით; მაღალი მინერალიზაციის მინერალური წყლის აბაზანები და შესხურებები ამ წყლით; სამკურნალო ტალახის აბაზანები, აპლიკაციები და ტამპონები; მარილის სპელეოაეროზოლის ინჰალაციები.

ჩვენებები ასენის წყაროებზე წასასვლელად: შაქრიანი დიაბეტის ინსულინდამოუკიდებელი ფორმა; კუჭ-ნაწლავის, ღვიძლისა და ნაღველგამომყოფი გზების, სისხლძარღვთა სისტემის, ნივთიერებათა ცვლის, კანის, საყრდენ-სამოძრაო აპარატის, პერიფერიული ნერვული სისტემის, შარდ-სასქესო ორგანოებისა და ფილტვების ქრონიკული, არასპეციფიკური დაავადებები.

ტურისტული ობიექტები:

საკურორტო ადგილ ასენის წყაროებსა და მის მიდამოებში (ა. მუბარიაკოვის მუზეუმი; მდინარე დიდი ინზერის ხეობა; სამხრეთ ურალის ქვის მდინარეები და ლამაზი ტბები – „ტურგოიაკი“, „უვილდი“, „იატქოლი“, „არაქოლი“, „ზართქოლი“ და სხვ.; ზედა პალეოლითური ხანის პეტროგლიფები ქვებზე მდინარე ასის ხეობაში (ძვ. წ. X-VIII ათასწლეულები) და სხვ.),
ქ. ბელორეცკსა და მის მიდამოებში (XIX-XX საუკუნეებში აშენებული მართლმადიდებლური რელიგიური დაწესებულებები (ყოვლადწმიდა სამების სახელობის ტაძარი, მირონ-ლუკიის მთავარეპისკოპოსისა და საკვირველთმოქმედისა წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესია) და მეჩეთი; წყალსაწნევი კოშკი (1916 წელი); მხარეთმცოდნეობის მუზეუმი; სამხატვრო გალერეა; წეროების ჭაობი; ატიშის ჩანჩქერი; კიზილ-იარის გამოქვაბული, ხის საცალფეხო ხიდი მდინარე ბელაიაზე; მთები – ბაშ-თაუ და არვიაკ-რიაზი; გრძელი მთა და სხვ.);
ქ. უფაში (მართლმადიდებლური ტაძრები – ყოვლაწმიდისა დედოფლისა ჩვენისა, ღვთისმშობლისა და მარადის ქალწულისა მარიამის სახელობის (1725-1727 წლები), უფლისა ღვთისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტეს სახელობის (1824-1844 წლები), უფლისა ღვთისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტეს აღდგომის სახელობის (1844 წელი), წმიდა სერგი რადონეჟელის სახელობის საკათედრო (1868 წელი), წმიდა სვიმეონ ვერხოტურელის სახელობის (1903 წელი), ყოვლაწმიდისა დედოფლისა ჩვენისა, ღვთისმშობლისა და მარადის ქალწულისა მარიამის შობის სახელობის (1903-1909 წლები), დიდმოწამისა და ძლევაშემოსილისა წმიდა გიორგის სახელობის (2001 წელი) და წმიდა პანტელეიმონ მკურნალის სახელობის (2001 წელი); მართლმადიდებლური ეკლესიები – ყოვლადწმიდისა დედოფლისა ჩვენისა, ღვთისმშობლისა და მარადის ქალწულისა მარიამის საფარველის სახელობის (1817-1823 წლები), ჯვართამაღლების სახელობის (1892-1983 წლები), მირონ-ლუკიის მთავარეპისკოპოსისა და საკვირველთმოქმედისა წმიდა ნიკოლოზის სახელობის (ვაგზლის) (1899 წელი); მეჩეთები – სატაძრო (1830 წელი), „ხაკიმია“ (1907 წელი), გუფრანის (1994 წელი), „ხაზმა-ხაჯი“ (1997-2006 წლები), „ლიალია-ტიულპანი“ (1998 წელი) და „მუნირა“ (2002-2011 წლები); ევანგელისტური სარწმუნოების ქრისტიანების ეკლესიები („დიადი დავალება“, „ცოცხალი ღმერთის“, „მამის სახლში“, „ვეფილი“, „მონანიება“, „ცხოვრება და სინათლე,“ „ღვთის სიყვარული“, „სიმართლის სინათლე“ და სხვ.; წმიდა ეკატერინეს ევანგელისტურ-ლუთერანული საზოგადოება; პროტესტანტული ეკლესია; ქრისტიან- ბაპტისტების ეკლესია; VII დღის ქრისტიან-ადვენტისტების ეკლესია; ევანგელისტური სარწმუნოების ქრისტიან-ორმოცდაათიანელების ეკლესია „იესო მაცხოვარი“ და სხვ; შენობები – დრამატული თეატრის (1875 წელი), მ. გაფურის სახელობის. დრამის თეატრის (1919 წელი); მუზეუმები – მ. ნესტერვის სახ. სამხატვრო, საბრძოლო ღირსების, ნაციონალური ლიტერატურული, ნაილ ლატფულინის სახ. თანამედროვე ხელოვნების, კავშირგაბმულობის, როკის, ტყის, კინოს, ისტორიისა და სპორტული ღირსების, ბუნების ისტორიის, გეოლოგიისა და მადნეულის, სანთლის ფიგურების. არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის, ბაშკირების 112-ე ცხენოსანთა დივიზიის; უფის ბუნებრივი ისტორიის ექზოთარიუმი; სახლ- მუზეუმები – შ. ხუდაიბერდიევის, ვ. ლენინის და ა. ტიულკინის; მემორიალური სახლ-მუზეუმები – ს. აქსაკოვის და მ. გაფურის; სამხატვრო გალერეები – „აიმაკი“, „აიდარტი“, „ურალი“, „სარა“, „სანგატი“, „მირასი“, „ლიმუზინი“, „აკადემია“; სამხატვრო სალონი-არტელი; უფის არტ-გალერეა „ბაშფოტო-რუ“; არტ- სალონი; სპორტული-საკონცერტო კომპლექსი „უფა-არენა“; სალავათ იულაევის ძეგლი; მეგობრობის მონუმენტი და სხვ.).


წყარო

მსოფლიო კურორტები და საკურორტო ადგილები: მცირე ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები