ასპენი
ასპენი – (ინგლ. Aspen, რუს. Аспен), კლიმატური, სამთო-სათხილამურო კურორტი ამერიკის შეერთებული შტატების კოლორადოს შტატში, პიტკინის საგრაფოში (ოლქში), ქ. სნოუმასიდან 19 კმ-ში, სამხრეთ-აღმოსავლეთით, ხოლო ქ. გლენვუდ-სპრინგიდან 64 კმ-ში, სამხრეთით. მდებარეობს მდინარე რევუშჩიე ვილკის (მდინარე კოლორადოს შენაკადი) ნაპირას, სავაჩის ქედის დასავლეთ კალთაზე, ზღვის დონიდან 2405-2579 მ-ის სიმაღლეზე. რელიეფი – მთაგორიანი.
ჰავა – ტენიანი, კონტინენტური, მაღალი მთის. ზამთარი ზომიერად ცივია. თოვლის საფარი მდგრადია. იანვრის საშუალო ტემპერატურაა -5,3°C. ზაფხული გრილია. ივლისის საშუალო ტემპერატურაა 17,4°C. საშუალო წლიური ტემპერატურაა 5,7°C, ხოლო ნალექების წლიური რაოდენობა – 633,2 მმ. ნალექების მაქსიმუმი მოდის გაზაფხულზე (182,6 მმ), ხოლო მინიმუმი – ზაფხულზე (124,2 მმ). წელიწადში 200-ზე მეტი მზიანი დღეა.
ასპენისა და მისი მიდამოების ტერიტორიაზე გავრცელებულია: ვერხვის, ნეკერჩხლის, ბოკვის, ღვიის, ფიჭვისა და ნაძვის ნარგავები. ზღვის დონიდან 2600 მ-ის სიმაღლეზე და უფრო მაღლა, ტერიტორია დაფარულია ალპური მდელოებით, სადაც ზაფხულში ხარობს ბალახოვანი მცენარეულობა (წყალიკრეფია, ცხვარა, დიყი და სხვ.).
ასპენის ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორებია მაღალი მთის ჰავა და მსუბუქი აეროიონებით გაჯერებული მთის ჰაერი.
ასპენის სამკურნალო ბუნებრივი ფაქტორების გამოყენების მეთოდია პასიური კლიმატოთერაპია.
ჩვნებები ასპენში წასასვლელად: დასვენება; ზამთარში − თხილამურებითა და სნოუბორდით სრიალი, ციგაობა, ციგურაობა, სეირონობა ძაღლებიანი მარხილით და სხვ.; ალერგიული დაავადებები, რაქიტი, ნივთიერებათა ცვლისა და ცენტრალური ნერვული სისტემის ფუნქციური დარღვევები.
ტურისტული ობიექტები:
ქ. ასპენში (ასპენის რომაულ-კათოლიკური ეკლესია (XIX საუკუნე); მუზეუმები – ხელოვნებისა და ისტორიული; ნატიფი ხელოვნების გალერეა; პარკები – ტაძრის, ამერიკული ტბის, ვაგნერისა და სხვ.; კლუბები – Belly Up, გოლფის, ჩოგბურთისა და სხვ.; სპორტული კომპლექსი; ჰოკეისა და საციგურაო მოედნები; XX საუკუნის შენობები – პიტკინის საგრაფოს (ოლქის) სასამართლოს, უილერის ოპერის თეატრის, მერიის, სასტუმრო „ჯერომის“, ასპენის ბანკის და სხვ.; ძაღლების საშენი „Kranbloonik“; გარემოს ცვლილებების შემსწავლელი ცენტრი და სხვ.),
ქ. ასპენის მიდამოებში (ასპენ- მაუნტინის მთა და სხვ.),
ქ. სნოუმასში (ოთხი სამხატვრო გალერეა; საოჯახო ზონა ტრეხტუნ-პარკში; ხელოვნებისა და ხელსაქმის ცენტრი; საკონცერტო დარბაზი; თერმული მინერალური წყლის წყარო „Peni Hot Springs“; პეინტბოლი; ერიკა ბერენსის იოგას სკოლა; ბარი „Tower Magic“, ყოველდღიური კომედიური შოუებით, სოფლის რესტორანი „The Divide“ და სხვ.),
ქ. გლენვუდ-სპრინგში (საზღვრის ისტორიული მუზეუმი; გალერეა „მე-8 ხელოვნება“; ბიბლიოთეკის გლენვუდ- სპრინგსის ფილიალი; მობურული ტბა; ატრაქციონების პარკი ექსტრემალური საქანებელით „Giant Canyon Swing“ და გამოქვაბულებით; აუზები ქლორიდულ- ნატრიუმიანი მინერალური წყლებით, რომელთა ტემპერატურაა 34-40°C; ორთქლის გამოქვაბულები – იამპის გამოქვაბულები, სადაც ორთქლი წარმოიშობა სუსტად მჟავე, სულფიდურ-სულფატურ-კალციუმიან-ნატრიუმიანი მინერალური წყლებიდან; ბილიკები – საველოსიპედო კანიონში, წითელ მთაზე, დათვებისა და სხვ.);
ქ. გლენვუდ-სპრინგსის მიდამოებში (როკი-მაუნტინის ნაციონალური პარკი; უაიტ-რივერის ნაკრძალი; მარუნი ტბა; მთა მარუნის ზარები და სხვ.).