ატენის სიონის წარწერა (854)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ატენის სიონის წარწერაქართული ასომთავრული წარწერა, შესრულებული ყვითელი ოქრით, ექვს სტრიქონად. მოთავსებულია ტაძრის შიგნით, სამხრეთის აფსიდის დასავლეთ კალთაზე. წარწერის ტექსტი ასეთია:

თთუესა აგუსტოსსა ე-სა, დღესა შაბათსა, ქრონიკონსა ოგ-სა, ზედა წელსა სლთ-სა, ქალაქი ტფილისი დაწუა ბუღა და შეიპყრა ამირაჲ საჰაკ და მოკლა. და მასვე თთუესა აგუსტოსსა კვ-სა, დღესა შაბათსავე, ზირაქ შეიპყრა კახაჲ და ძჱ მისი თარჴუჯი“.

წარწერა ზედმიწევნით ზუსტად გადმოგვცემს საქართველოს ისტორიის სხვა წყაროებითაც კარგად ცნობილ ფაქტს არაბი სარდლის ბუღა თურქის მიერ სახალიფოსაგან განდგომილი თბილისის ამირა საჰაკის შეპყრობის, მოკვლის და ქალაქის გადაწვის შესახებ. მხოლოდ ამ წარწერიდანაა ცნობილი, რომ ადგილობრივი ხელისუფალი კახა – ცნობილი კონსტანტინე კა- ხა და მისი ძე თარხუჯი შეუპყრია ბუღას ერთ-ერთ სარდალს ზირაქს.

ატენის სიონის წარწერა, როგორც წერილობითი ძეგლი, მრავალმხრივ საყურადღებოა. მასში სიტყვების უმრავლესობა დაუქარაგმებელია, მ. შ. ისეთებიც, რომლებიც შემდეგ დაქარაგმებით იწერებოდა (მაგ., „ქრონი- კონსა“). ატენის სიონის წარწერაში დაქარაგმებით გადმოცემულია მხოლოდ ოთხი სიტყვა: თთუე, დღე, შაბათი (სამივე ტექსტში გვხვდება ორ-ორ-ჯერ) ზედა, გარდა ამისა, ქარაგმის ნიშანი – გრძელი, განივი, კიდურგამსხვილებული ხაზი – დასმული აქვს რიცხვის აღმნიშვნელ ასოებს.

საყურადღებოა წარწერის ტექსტში თარიღის მითითება – ქართულ ქრონიკონთან ერთად, ჰიჯრითაც – ტერმინით „ზედა წელი“. წარწერის ტექსტის ყველა გამომცემელი 1889-იდან 1974-მდე „ზედა“-ს ნაცვლად კითხულობდა „ისმაიტელთა“-ს. 1974 გაირკვა (ე. სილოგავა), რომ „ისმაიტელთა“-ს ნაცვლად უნდა იკითხებოდეს „ზედა“ [ეს წაკითხვა მიღებულია „ქართული წარწერების კორპუსის ატენის სიონის წარწერებისადმი მიძიღვნილ ტომში (1989)]. ტექსტის ასეთი ჩასწორებით ცხადი გახდა, რომ ჰიჯრით დათარიღება იგულისხმება ატენის სიონის 739, 853, 840 და 833 წლების წარწერების „ზედა წელშიც“, ასევე უძველესი ქართული თარიღიანი ხელნაწერის – 864 გადაწერილი სინური მრავალთავის მთავარ ანდერძში და უბისის სვეტის 1141 წარწერაში, სადაც პირდაპირ არის აღნიშნული – „ზედა წელი სარკინოზთაჲ“, რომელიც აქ მანამდეც ასე გაიაზრებოდა.

ვ. სილოგავა


ლიტერატურა

  • ბაქრაძე დ. ისტორია საქართველოსი, ტფ. 1889;
  • ჟორდანია თ. ქრონიკები… 1, ტფ. 1892;
  • ბარნაველი თ. ატენის სიონის წარწერები, თბ., 1957;
  • სილოგავა ე.ქართული ქრონოლოგიური ტერმინოლოგიიდან (ზედა წელი). – „მაცნე“ (ენი-სა და ლიტ. სერია). 1974, №4;
  • ქართული წარწერების კორპუსი. ტ. 3. ფრესკული წარწერები. I. ატენის სიონი, გამოსაცემად მოამზადეს, გამოკვლევა და საძიებლები დაურთეს გ. აბრამიშვილმა და ზ. ალექსიძემ, თბ. 1989.

წყარო

ქართული ენა: ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები