ატენის სიონის წარწერები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ატენის სიონის წარწერები – ტაძრის კედლებზე დღემდე შემორჩენილი წარწერები ქართულ, სომხურ, ბერძნულ, არაბულ, სირიულ, ებრაულ და სლაურ ენებზე. აგრეთვე ქართული გრაფემებით გადმოცემული ბერძნული და ებრაული ტექსტები.

წარწერები შესრულებულია სხვადასხვა ტექნიკით: კვეთით, საღებავით, კაწვრით. არის შერეულიც – ამოკვეთილი და შემდეგ საღებავებით დაფარული. დანიშნულების მიხედვით ატენის სიონის წარწერები ასე ჯგუფდება: განმარტებითი წარწერები, შეწირულებანი, პილიგრიმული გრაფიტოები, ისტორიული შინაარსის მინაწერები და სხვ. ქრონოლოგიურად ისინი მოიცავენ პერიოდს VII ს-იდან XIX ს. ჩათვლით. ინტერიერში წარწერების დიდი ნაწილი დაფარულია XI ს. ფრესკებით. ატენის სიონის წარწერათა უმრავლესობა ქართულია და ასახავს ქართული დამწერლობის განვითარების ყველა საფეხურს: მრგლოვან ასომთავრულს, ნუსხურს, მხედრულსა და მათ შორის გარდამავალ სახეობებს.

ატენის სიონის წარწერები, უმნიშვნელოვანეს მასალას გვაწვდის როგორც თვითონ ძეგლისა და რეგიონის, ისე საერთოდ საქართველოს პოლიტიკური და კულტურული ისტორიის შესახებ. მათი შესწავლის საფუძველზე დადასტურდა ატენის სიონის მშენებლობის ორი ეტაპი: პირველი – VII და X სს. და მეორე – სომეხი მშენებლების მონაწილეობა არქიტექტორ თოდოსაკის მეთაურობით. XI ს-ის ლაპიდარული წარწერა გვაწვდის ცნობებს ატენის მშენებლობის შესახებ. სტეფანოს მამფალის 739-ის ფრესკულ წარწერაში იკითხება ქართული ისტორიოგრაფიისათვის მანამდე უცნობი ტერმინი „ქართველთა და მეგრელთა ერისთავთ ერისთავთა უფალი“, რომელიც დოკუმენტურად ადასტურებს აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს პოლიტიკურ ერთიანობას XI საუკუნეზე გაცილებით ადრე. ატენის სიონის ინტერიერის კედლებზე აღმოჩენილმა წარწერებმა ახლებურად დაათარიღეს ნუსხური და მხედრული დამწერლობების უძველესი ეტაპები: ნუსხური თარიღიანი – 835, მხედრული თარიღიანი – 875, შერეული ნუსხურ-მხედრული – VIII ს. დამდეგი. სამხრეთ აფსიდის დასავლეთ კედელზე გაიშიფრა ქართული რითმიანი პოეზიის ორი უძველესი ნიმუში. დათარიღებული 840–841. ხოლო ვრცელმა ციტატებმა ქართული ბიბლიის წიგნებიდან გვიჩვენეს დღეისათვის ცნობილი ნუსხებისგან განსხვავებული რედაქციები.

ზ. ალექსიძე


ლიტერატურა

  • ბარნაველი თ. ატენის სიონის წარწერები, თბ. 1957;
  • ალექსიძე ზ. ატენის სიონის სომხური წარწერები. თბ. 1978;
  • მისივე, ატენის სიონის ოთხი წარწერა, თბ. 1983;
  • აბრამიშვილი გ. ატენის სიონის უცნობი წარწერები. – «მაცნე» (ისტორიის… სერია). 1976. №2;
  • მისივე, სტეფანოზ მამფალის ფრესკული წარწერა ატენის სიონში, თბ. 1977;
  • მისივე, ატენის სიონის სამი გრაფიტი. – «მნათობი», 1984, №9;
  • აბრამიშეილი გ. ალექსიძე ზ. მხედრული დამწერლობის სათავეებთან. – «ცისკარი», 1978, №5-6

წყარო

ქართული ენა: ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები