ატლანტიკ-სიტი
ატლანტიკ-სიტი – (ინგლ. Atlantic-City, რუს. Атлантик-Cити), ოკეანისპირა კურორტი ჩრდილო-აღმოსავლეთ ამერიკაში, ნიუ-ჯერსის შტატში, ფილადელფიიდან 75 კმ-ში, სამხრეთ-აღმოსავლეთით, ხოლო ნიუ-იორკიდან 140 კმ-ში, სამხრეთით. მდებარეობს ატლანტის ოკეანეში, ამერიკის შეერთებული შტატების ნაპირებთან არსებულ ქვიშის კუნძულ აბსეკონზე. რელიეფი – ვაკე.
ჰავა – ოკეანისპირა, ნოტიო სუბტროპიკული. ზამთარი რბილია. იანვრის საშუალო ტემპერატურაა 0,6°C. ზაფხული თბილია. ივლისის საშუალო ტემპერატურაა 24,6°C. საშუალო წლიური ტემპერატურა შეადგენს 12,4°C-ს, საშუალო წლიური ფარდობითი ტენიანობა – 72%-ს, ხოლო ნალექების წლიური რაოდენობა – 1061 მმ-ს. ნალექების მაქსიმუმი მოდის მარტსა (107მმ) და აგვისტოზე (104მმ), მინიმუმი თებერვალსა (73მმ) და ივნისზე (79მმ). მზის ნათების ხანგრძლივობა კურორტზე 2050 საათია წელიწადში.
კუნძულ აბსეკონზე, სადაც მდებარეობს ატლანტიკ-სიტი, გავრცელებულია: პალმები, კვიპაროსები, მუხის, ფიჭვისა და ნაძვის ხეები; ალბიცია და ბევრი სხვადასხვა ყვავილი (მიხაკი, ყაყაჩო, ასტრა, ქრიზანთემა, დედოფლის ყვავილი და სხვ.).
ატლანტიკ-სიტის ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორებია: ნოტიო სუბტროპიკული ჰავა, მარილებით გაჯერებული ოკეანისპირა ჰაერი და ოკეანის წყალი.
ატლანტიკ-სიტის ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორების გამოყენების მეთოდია თალასოთერაპია (ჰაერისა და მზის აბაზანები, ბანაობა ოკეანეში წელიწადის თბილ პერიოდში; პასიური კლიმატოთერაპია მთელი წლის განმავლობაში და სხვ.).
ჩვენებები ატლანტიკ-სიტიში წასასვლელად: დასვენება; ფილტვების ქრონიკული, არასპეციფიკური და გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები; ნივთიერებათა ცვლისა და ცენტრალური ნერვული სისტემის ფუნქციური დარღვევები.
ტურისტული ობიექტები:
ატლანტიკ-სიტიში (პირს სტილის და ტრომპ ტაჯ მახალის კომპლექსები კაზინოებით (XX საუკუნე); შუქურა (XIX საუკუნე) ფიცრის ტროტუარები (XIX საუკუნის დასასრული-XX საუკუნის დასაწყისი) და ოკეანარიუმი, ისტორიის მუზეუმი, ატრაქციონების პარკი, მარკ გ. ეტესის არენა და სხვ.), ატლანტიკ-სიტის ახლომდებარე რეგიონებში (ჰაილენდსის ნაციონალური ნაკრძალი; ატლანტის ოკეანეს ნაპირები თეთრი ქვიშიდან სისაიდ ხაიტში, პოინტ პლეზანტში, სპრინგ ლეიკსა და ოშენ გრუვში; ალაირ სტეიტის ისტორიული პარკი ფარმინგდეილში; რენო ვაინერის ვენახი 18 ჰექტარზე ჰარბორში; ალბერტ აინშტაინის სახლ-მუზეუმი; ამერიკელებსა და ბრიტანელებს შორის 1777 წელს შემდგარი ბრძოლის ველზე გაშენებული მემორიალი ქ. პრინსტონში; დელავერ უოლტერ ჰეპის რეკრეაციული ზონა მდინარე დელავერზე; ედვენჩეაკვარიუმის გასართობი კომპლექსი ქ. კომდენთან; ბავშვთა გასართობი პარკი ქ. ჰოუპში; ნიუარკის მუზეუმი მეცნიერებისა და ხელოვნების 80 გალერეით, პლანეტარიუმით და ზოოპარკით; სამუზეუმო კომპლექსი ქ. ჯერსი-სიტიში; ტომას ედისონის სახლ-მუზეუმი ქ. ვესტ ორანჯში; პლანეტარიუმი და მუზეუმი ქ. ტრენტონში და სხვ.