აუდიტორთა ევროპული სასამართლო

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ევროპის აუდიტორთა სასამართლო (ეს) – 1975 წელს ბრიუსელის ხელშეკრულებით, ევროპული ეკონომიკური თანამშრომლობისა და ევრატომის აუდიტის საბჭოსა და ფოლადისა და ქვანახშირის ევროპული თანამეგობრობის აუდიტორის გაერთიანებთ, ლუქსემბურგში დაფუძნდა. მან ფუნქციონირება 1977 წელს, ევროპული თანამეგობრობის საბიუჯეტო წესების შესწორების შემდეგ დაიწყო.

1993 წელსს მაასტრიხის ხელშეკრულებამ იგი ევროპული თანამეგობრობის ინსტიტუტის ხარსიხში აიყვანა. ამსტერდამის ხელშეკრულებამ კი მას ევროკავშირის ინსტიტუტის სტატისი მიანიჭა. შედეგად, აეს-ის კომპეტენციის სფეროში მოექცა ევროკავშირის მეორე და მესამე საყრდენის ის საკითხებიც, რომლებიც დაფინანსებული იყო ევროკავშირის ბიუჯეტიდან (European Commission, 2008, p. 334). როგორც ზოგიერთი მკვლევარი ამტკიცებს, აეს-ის სტატუსის და მნიშვნელობის ასეთი ზრდა პირდაპირ ასახავდა 1980-იანი წლების შემდეგ როგორც ევროკავშირის შემოსავლებისა და ხარჯების მკვეთრ მატებას, ასევე, მზარდ საზოგადოებრივ და პოლიტიკურ შეშფოთებას ფინანსურ რესურსებთან დაკავშირებულ ცუდ მენეჯმენტზე, არასწორ და არამიზნობრივ ხარჯვასა და კორუფციაზე (Dinan, 2010, p. 280; Karakatsanis & Laffan, 2012, p. 255).

აეს ევროკავშირის ბიუჯეტის გარე შემმოწმებელს წარმოადგენს და ევროკავშირის დონეზე დაახლოებით იგივე ფუნქციებს ასრულებს, რასაც ეროვნულ დონეზე სახელმწიფო აუდიტის სამსახურები, თუმცა, იმ განსხვავებით, რომ მას არ აქვს სასამართლო ძალაუფლება, რაც შეიძლება გამოიხატოს საბოლოო გადაწყვეტილების მიღებასა და სანქციებისა თუ ორდერების დაწესებაში (European Commission, 2008, p. 335). იგი მუდმივ რეჟიმში სწავლობს ბიუჯეტის შემოსავლებსა და ხარჯებს, და ფინანსური დარღვევის შემთხვევაში შემდგომი რეაგირებისთვის თავის ანგარიშს უგზავნის შესაბამის ორგანოებს, მათ შორის, კომისიის ერთ-ერთ – სერვისს თაღლითობასთან ბრძოლის ევროპულ ოფისს (El-Agraa, 2011, p. 49; Chalmers, Davies & Monti, 2010, p. 89).

ლისაბონის ხელშეკრულების მდგომარეობით, აეს-ის სამართლებრივი ბაზა ევროკავშირის ხელშეკრულების მე-13 და ევროკავშირის ფუნქციონირების ხელშეკრულების 263, 285-287, 319, 322 და 325-ე მუხლებს ეფუძნება (Horspool & Humphreys, 2012, p. 61; Joos, 2011, p. 80).

სარჩევი

სტრუქტურა

აეს-ში ევროკავშირის თითო წევრი ქვეყანა ერთი აუდიტორით არის წარმოდგენილი. კანონმდებლობით აუცილებელია, რომ კანდიდატებს ჰქონდეთ ეროვნულ აუდიტორულ ინსტიტუტებში მუშაობის გამოცდილება. სასამართლოს წევრების შერჩევის შრომატევად პროცესს ევროკავშირის საბჭო წარმართავს. იგი ევროპულ პარლამენტთან კონსულტაციის შემდეგ ერთსულოვნად, ექვსწლიანი განახლებადი ვადით ამტკიცებს თითოეულ წევრს. სხვა შემთხვევების მსგავსად, პარლამენტი აქტიურად იყენებს თავის ამ ფუნქციას და აღნიშნული პროცედურის ფარგლებში საბიუჯეტო კონტროლის კომიტეტში მართავს კანდიდატების მოსმენას. 1989 წელს პარლამენტმა კენჭისყრაზე ჩააგდო საფრანგეთის და საბერძნეთის კანდიდატურები, რის გამოც საფრანგეთმა ახალი კანდიდატურა წარმოადგინა. შედეგად, პარლამენტმა ჩათვალა, რომ ამ საკითხში მან ვეტოს დე-ფაქტო უფლება მოიპოვა. თუმცა, 1993 და 2004 წლებში რამდენიმე კანდიდატთან დაკავშირებით საბჭომ პარლამენტის ნეგატიური დამოკიდებულება აღარ გაითვალისწინა და დაწუნებული კანდიდატები მაინც დაამტკიცა (Karakatsanis & Laffan, 2012, p. 245; Nugent, 2010, p. 240-241).

აუდიტორები თავიანთი რიგებიდან 3 წლის განახლებადი ვადით ირჩევენ პრეზიდენტს, რომელიც აეს-ოს წარადგენს სხვა ინსტიტუტებთან და სახელმწიფოებთან ურთიერთობაში და პასუხისმგებელია აეს-ოს გამართულ და ეფექტურ ფუნქციონირებაზე. დანარჩენი აუდიტორები კი განაწილებულნი არიან სასამართლოს ხუთ თემატურ აუდიტორულ ჯგუფში/პალატაში, რომლებიც ამზადებენ იმ ანგარიშებს, რომლებზე დაფუძნებითაც სასამართლო იღებს თავის გადაწყვეტილებებს (El-Agraa, 2011, p. 50; Dinan, 2010, pp. 280-281):

  1. ბუნებრივი რესურსების მდგრადი გამოყენება;
  2. ინვესტიციები ერთიანობის, ზრდისა და ინკლუზიისთვის;
  3. საგარეო ქმედება, უსაფრთხოება და მართლმსაჯულება;
  4. ბაზრების რეგულირება და კონკურენტული ეკონომიკა;
  5. ევროკავშირის ფინანსები და ადმინისტრირება.

სრული შემადგენლობით აუდიტორთა ევროპული სასამართლო დაახლოებით თვეში ორჯერ იკრიბება ისეთი დოკუმენტების მისაღებად, როგორებიც არის წლიური პუბლიკაციები, ევროკავშირის ბიუჯეტის და ევროპული განვითარების ფონდების ანგარიშები და სხვა (ECA, 2022).

იმის გათვალისწინებით, თუ რა და რამდენი საქმე აქვს აეს-ოს, მისი ადამიანური და ფინანსური რესურსი საკმაოდ შეზღუდულია, რისთვისაც იგი არაერთხელ გამხდარა კრიტიკის საგანი.

აეს–ოს სტრუქტურული ერთეულებია ასევე ადმინისტრაციული კომიტეტი და გენერალური სამდივნო.

ფუნქციები

აეს–ოს მთავარი ფუნქციას ევროკავშირის ბიუჯეტის იმპლემენტაციის მონიტორინგი, გამართული ფინანსური მენეჯმენტის უზრუნველყოფა და საბიუჯეტო სისტემის ეფექტურობისა და გამჭვირვალობის გაზრდა წარმოადგენს (El-Agraa, 2011, p. 49; European Commission, 2008, p. 335-336; Official Journal of the European Union, 2008a, p. 170).

მაასტრიხტის ხელშეკრულების მიერ დაფუძნებული წესით, ეს საბიუჯეტო საკითხებში გადაწყვეტილების მიმღებ ევროპულ პარლამენტსა და ევროკავშირის საბჭოს ყოველწლიურად წარუდგენს თავის დასკვნებს წინა წლის ბიუჯეტის აღსრულებასთან დაკავშირებით, სადაც დეტალურად არის გაანალიზებული ფინანსური ანგარიშები, მათი აღრიცხვა, სანდოობა, ლეგალურობა, მიზნობრიობა და სხვა. ამავე დოკუმენტში იგი ამზადებს საბოლოო დასკვნას, ე.წ. „statement of assurance“-ს (Reinisch, 2009, p. 33). აეს-ის წლიური ანგარიშისა და ევროკავშირის საბჭოს რეკომენდაციის საფუძველზე, პარლამენტი აფასებს კომისიის მიერ წინა წლის ბიუჯეტის ხარჯვას (ე.წ. საბიუჯეტო თანხმობის პროცედურა) (საბიუჯეტო თანხმობის პროცედურაზე მეტი დეტალი იხილეთ თავში „ევროკავშირის ინსტიტუტებს შორის ურთიერთობები და გადაწყვეტილების მიღება“).

გარდა ამისა, საკუთარი ინიციატივითა თუ ევროკავშირის რომელიმე ინსტიტუტის თხოვნით, კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით სასამართლოს უფლება აქვს დააფიქსიროს თავისი მოსაზრება და მოამზადოს სპეციალური ანგარიშები. აღსანიშნავია, რომ აეს-გან მოსაზრების მიღება სავალდებულოა ისეთი ახალი კანონმდებლობის მიღებისას, რომელიც პოტენციურად მნიშვნელოვან ფინანსურ დანახარჯებს გამოიწვევს (El-Agraa, 2011, p. 50; Kaczorowska, 2011, pp. 176-177). და ბოლოს, აეს ამოწმებს ევროპული განვითარების ფონდის საქმიანობასაც (European Commission, 2008, p. 335).

თავის წლიურ ანგარიშში ეს ევროკავშირის ბიუჯეტის იმპლემენტაციას აფასებს ერთ–ერთი შემდეგი ფერით: წითლად, თუ დარღვევები, დანაკარგები და შეცდომები საერთო თანხის 5%-ზე მეტია. ამ შემთხვევაში დიდია ალბათობა, რომ პარლამენტი კომისიის საქმიანობას უარყოფითად შეაფასებს და საბიუჯეტო თანხმობაზე უარს იტყვის. ყვითლად, თუ მაჩვენებლები 2-5 პროცენტს შორის მერყეობს, ანუ სხვა სიტყვებით, საერთო ხარჯვის მინიმუმ 95% შეესაბამება არსებულ სტანდარტებს. და მწვანედ, თუ პრობლემები ფინანსების 2%-ზე ნაკლებში არსებობს (European Commission, 2012).

მკვლევარები აღიარებენ, რომ აეს-ოს მწვავე და კრიტიკულმა ანგარიშებმა გადამწყვეტი როლი ითამაშეს ევროკავშირში ფინანსური კონტროლის მექანიზმების გამკაცრებასა და ფინა ნსური პასუხისმგებლობის კულტურის გაძლიერებაში (Nugent, 2010, p. 243; Chalmers, Davies & Monti, 2010, p. 89; McCormick, 2011, pp. 251-252; Karakatsanis & Laffan, 2012, p. 258).

ევროკავშირის ბიუჯეტის შევსებასა და ხარჯვას უმეტესწილად წევრი ქვეყნები და წევრობის კანდიდატები ახორციელებენ. შესაბამისად, თავისი ფუნქციების უფრო ეფექტურად შესრულებისათვის, ლისაბონის ხელშეკრულების 287-ე მუხლის საფუძველზე, აეს მჭიდროდ ურთიერთობს ეროვნულ უზენაეს აუდიტორულ ინსტიტუციებსა ან შესაბამისი ძალაუფლების მქონე ორგანოებთან (Official Journal of the European Union, 2008a, p. 170). ამისათვის არსებობს ორი პრაქტიკა: პირველი, ორივე დონეზე მუშაობენ სპეციალური მეკავშირე ოფიცრები, რომლებიც წელიწადში მინიმუმ ერთხელ იკრიბებიან ლუქსემბურგში. და მეოჩე, ლუქსემბურგსა ან რომელიმე ეროვნულ დედაქალაქში აეს–ოს პრეზიდენტი ყოველწლიურად ხვდება შესაბამისი ეროვნული დონის ორგანოების პრეზიდენტებს (Dinan, 2010, p. 281; Karakatsanis & Laffan, 2012, p. 252).

აეს-ოსა და ეროვნულ აუდიტორულ ინსტიტუციებს შორის თანამშრომლობის შედეგად, სიცილიაში აღმოაჩინეს, რომ ზეთისხილის ქარხნის 3,800 მომწოდებლიდან ნახევარი ფიქტიური იყო, ზოგიერთი მათგანი კი ასი წლის წინ იყო გარდაცვლილი, ანუ ხელოვნურად იყო გაზრდილი სუბსიდიების რაოდენობა. ასევე, ჰამბურგში ჩატარებული ძიებით დადგინდა, რომ აღმოსავლეთ ევროპაში გასაგზავნ სხვადასხვა გემებში ხდებოდა ერთიდაიგივე მარცვლეულის რამდენჯერმე ჩატვირთვა და გადმოტვირთვა, რის გამოც გერმანელი მწარმოებლები ერთი პროდუქციისთვის სუბსიდიების სახით ევროკავშირის ბიუჯეტიდან იღებდნენ დამატებით ფინანსებს (Dedman, 2010, p. 164).

გადაწყვეტილების მიღების პროცედურები

აეს–ოს თითოეულ აუდიტორს ჩაბარებული აქვს კონკრეტული სფერო, რის ფარგლებშიც იგი პასუხისმგებელია სასამართლოს გადაწყვეტილების მომზადებასა და იმპლემენტაციაზე (Nugent, 2010, p. 241). გარდა ამისა, სასამართლოში ფუნქციონირებს ხუთი აუდიტორული ჯგუფი, რომლებიც პლენარული სესიებისთვის კოორდინაციას უწევენ საკითხების შერჩევასა და დამუშავებას. თითოეულ მათგანში კონკრეტული საკითხის ანალიზზე მიმაგრებულია ერთი კონკრეტული მომხსენებელი. აეს-ის საბოლოო გადაწყვეტილებები პლენარულ სესიაზე უბრალო უმრავლესობით მიიღება (European Commission, 2008, p. 339; Horspool & Humphreys, 2012, p. 62).

წყარო

ევროკვშირის ინსტიტუტები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები